"მე სკანდალებს არ ვეძებ, მაგრამ გეუბნებით - მოხსენით ბეტონის კედლები სანაპიროებიდან"

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიეველ ოლიგარქს ქონება - წლების განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული სანაპირო ზოლი ჩამოართვა.

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, მან პოლიციას მილიარდერის წინააღმდეგ სისლის სამართლის საქმის აღძვრა დაავალა, რადგან უკრაინელმა ბიზნესმენმა უკანონოდ მიითვისა სანაპირო ზოლი და თან, მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

„კიეველმა მილიარდერმა ოდესელებს და სტუმრებს, ოდესის საუკეთესო სანაპირო ზოლი ბეტონის სქელი კედლებით შემოუღობა, ეს არ იკმარა, კედლებში მინის ნამსხვრევები ჩააბეტონა და ტერიტორიაზე ძაღლები გაუშვა. როგორც გავიგეთ, ის აღნიშნულ ადგილს თვეში ერთხელ, ვერტმფრენით სტუმრობს, ხოლო დანარჩენი პერიოდი, უზარმაზარი შემოღობილი ტერიტორია ცარიელია. დარღვეულია უკრაინის კანონები, რომელიც მოქალაქეების შეუფერხებელ გადაადგილებას ითვალისწინებს სანაპირო ზოლზე და ასევე, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი, რამდენადაც, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აშკარა საფრთხე ემუქრება. ეს განუკითხაობა, ხელისუფლების ყველა დონის უყურადღებობის გამო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად მოსახლეობის და სამოქალაქო აქტივისტების არაერთი პროტესტისა. დღეიდან ამ ყველაფერს წერტილი დაესმევა. მოხარული ვარ, ოდესელებს შემიძლია ვუთხრა, რომ პირველად მრავალი წლის მანძილზე, მოსახლეობას ამ სანაპირო ზოლით სარგებლობა შეეძლებათ. უახლოეს დღეებში ჩვენ მთლიანად გავწმენდთ ტერიტორიას. მადლობას ვუხდი ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ოდესის მერის მოადგილეს თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მოხალისეებს. ერთად ჩვენ ძალა ვართ! და მინდა გავაფრთხილო „ძლიერნი ამა ქვეყნისა“, რომ მე სკანდალებს არ ვეძებ, მაგრამ გეუბნებით - მოხსენით ბეტონის კედლები სანაპიროებიდან, სანამ ეს ჩვენ, ხალხთან ერთად, მთელი მსოფლიოს დასანახად არ გავაკეთეთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, მან პოლიციას აღნიშნული ფაქტის გამოძიება და სანაპირო ზოლების ყველა მეპატრონის შემოწმება დაავალა.