„დონალდ ტუსკი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ რუსეთს აქედან თითი დაუქნიოს“

„დონალდ ტუსკი საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ რუსეთს აქედან თითი დაუქნიოს“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

როგორც უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გარკვეულწილად სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, საკოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში განვითარდა.

„იგი ხვალ თავად ესტუმრება ამ ადგილს და ეს იქნება კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დროებითი მოვლენაა. დროებითი მოვლენაა იმიტომ, რომ მსოფლიო არ სცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს, მსოფლიო არ სცნობს რუსეთის უფლებებს ამ ტერიტორიაზე და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონივრები ამ ვითარებაში, რომ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე რუსეთის მხრიდან და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა არის დროებითი. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენ მსოფლიო ვერ ავიყოლიეთ და სხვა მოვლენებს ჰქონდა ადგილი, მართლა შეიძლება გრძელვადიან პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ამიტომ, ბატონი ტუსკის ვიზიტი არის ამაზე ხაზგასმა. ამასობაში ის საქართველოში იმიტომ არ ჩამოსულა, რომ რუსეთს აქედან თითი დაუქნიოს. ის საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენ ვისაუბროთ“, - განაცხადა  უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცესზე და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაც უახლოეს ხანებშია მოსაგვარებელი.

„ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტში განხილვის პროცესში მყოფ კანონპროექტებზე, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებს უკავშირდება. ამ შეხვედრის შემდეგ მე კიდევ უფრო ოპტიმისტური ვარ და ენთუზიაზმი მომემატა იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ შევძლებთ ძალიან სერიოზული შედეგების მიღწევას. თუმცა ჯერ გზა გასავლელია, ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული, მაგრამ სტუმრების და თანმხლები პირების განწყობიდან გამომდინარე, მე ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარდა. ასე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წავა ძალიან მალე და ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ. ეს არის ამ ვიზიტის მთავარი შედეგი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.