ალექსი პეტრიაშვილი:   გიორგი ცხადიაშვილი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გადააყენეს

ალექსი პეტრიაშვილი: გიორგი ცხადიაშვილი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გადააყენეს

"თავისუფალი დემოკრატები" გიორგი ცხადიაშვილის ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, გიორგი ცხადიაშვილი, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" წევრია, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გადააყენეს, რაც უმრავლესობას არც დაუმალავს.

"ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ უმრავლესობა არც მალავდა, რომ ეს რეალურად იყო პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გადაყენება. მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურობდნენ "რესპუბლიკური პარტიის" წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად გავაპროტესტებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გავასაჩივრებთ. დარწმუნებული ვარ, ეს დისკრიმინაციული ქმედება უკვალოდ არ ჩაივლის და შედეგი აღდგება, ისევე, როგორც ეს მოხდა ჩვენი სხვა თანამებრძოლების შემთხვევაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა გრძელდება და ხდება ამ თვალსაზრისით იმ მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც იყო გასული წლების განმავლობაში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.