ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, რომელსაც არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი
დონალდ ტუსკის თქმით, აფხაზეთი და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
„მე პირადად მივიჩნევ, რომ ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, სეპარატისტულ რეჟიმთან სამხრეთ ოსეთში, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა. ეს ნამდვილად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობასა და სხვა ძალისხმევას, რომლებიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტის ხანგძლივი მოგვარებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, საკუთარი თვალით ვიხილავ თუ რა მდგომარეობაა იქ და, რა თქმა უნდა, მექნება საშუალება, გავეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას. ევროკავშირის პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ნათლად გამოკვეთილია, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვენერიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღებულ საზღვრებში. აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთი გახლავთ საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. ხელშეკრულებებს რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის, რომელსაც არ გააჩნია არავითარი იურიდიული საფუძველი. ევროკავშირი კვლავ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ყველა თავისი ვალდებულება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და განახორციელოს 2008 წლის სექტემბრის თვალსაზრისით განსაზღვრული ზომები. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის ფორმატის მონაწილეებს, გაითვალისწინონ ახალი განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემებთან", - განაცხადა ტუსკმა.