დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე პარლამენტის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე პარლამენტის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიუსელში ვიზიტზე, რომელიც 21-23 ივლისს შედგება, პარლამენტის პრესსამსახური ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ორმხრივ შეხვედრას გამართავს "ნატო"-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრ ვერშბოუსთან. ამავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის (NGC -ttp://www.nato.int/cps/en/natohq/topics_52131.htm) სხდომას დაესწრება და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების გადაწყვეტილება ალიანსმა "ნატო"- ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე, 2008 წლის 19 აგვისტოს მიიღო. კომისიის პირველი სხდომა 2008 წლის 15 სექტემბერს გაიმართა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კომისია სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების და შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების დონეზე იკრიბება. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სხვა საკითხებზე, ყოველწლიურად, 20-ზე მეტი შეხვედრა იმართება. კომისიის ფარგლებში, საქართველოსა და "ნატო"-ს შორის შეხვედრები, შესაძლოა, გაიმართოს პოლიტიკური კომიტეტის და ასევე, "ნატო"-ს სხვა კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების დონეზე, რათა ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები მოიცვას. პოლიტიკური კომიტეტის დონეზე გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომები, ელჩების დონეზე გასამართ შეხვედრებს ამზადებს.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც დავით უსუფაშვილი დაესწრება, ელჩების დონეზე იმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს 23 ივლისს დაასრულებს.