თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე მის მიერ გადაცემა "რეაქციასთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და ინგა გრიგოლიას მიმართავს:
„მეგობრებო,
ინგა გრიგოლიას გადაცემასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იყო რიგითი მოქალაქის და არა თანამდებობის პირის.
ვფიქრობ, მე, როგორც მოქალაქეს მაქვს უფლება მქონდეს ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ გადაცემის მიმართ, ისევე როგორც ჟურნალისტს აქვს უფლება შეაფასოს თანამდებობის პირის ან რომელიმე უწყების მუშაობა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროდ ვთვლი, ბოდიში მოვიხადო სწორედ როგორც თანამდებობის პირმა.
ჩემ პირად შეფასებას, რომელიც შესაძლოა გამოხატავადეს სხვა არაერთი მოქალაქის პოზიციასაც, არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკური ძალის ან სახელმწიფო უწყების პოზიციასთან და ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა.
ქალბატონ ინგას კი გულწრფელად და საჯაროდ მინდა დავუსვა ორი შეკითხვა და მისგანაც ველოდები გულწრფელ პასუხებს.
ქალბატონო ინგა,
1. რამდენად გულწრფელი ხართ, როგორც ჟურნალისტი და როგორც წამყვანი გადაცემის მომზადებისას?
2. დღესაც ისეთივე გულწრფელი ხართ ჟურნალისტიკაში, როგორიც იყავით პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ, ,,ქრისტიან-დემოკრატიული’’ (ქდმ) პარტიის წევრობისას?
ვწუხვარ, რომ ჩემ გულწრფელ შეფასებას მისი მხრიდან მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და აღქმული იქნა მედიაზეა ზეწოლად, რაც, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა და უფრო მეტიც, უსამართლო.
მე პირადად ვარ ორი გაზეთის და ბიზნეს პორტალის დამფუძნებელი. ასევე, წლების განმავლობაში ვმუშაობდი მედიაში სხვადასხსვა პოზიციებზე. შესაბამისად, ვიცი და ძალიან ვაფასებ ობიექტურ ჟურნალისტიკას, ჟურნალისტის პროფესიას და გამოხატვის თავისუფლებას. ვთვლი, რომ დღეს მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლების ხარისხი მაღალია და ამაზე მეტყველებენ თავად ინგა გრიგოლიას და მისი სხვა კოლეგების გადაცემები.
P.S. განსხვავებით ქალბატონი ინგასგან, ჩემ შეფასებებში არ ყოფილა პიროვნების შეურაცხმყოფელი არც ერთი სიტყვა. რა თქმა უნდა, ამას არც ვიკადრებ. ასევე არ ვაპირებ საჯარო დისკუსიებს ამ თემაზე“.