"ინფორმაცია, რომ ქვეყანას შესაძლოა აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას, მცდარია"

ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით, ქვეყანას გაზმომარაგების პრობლემები შეექმნება, სიცრუეა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება.

"ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, კონკურენციის სააგენტოს მიერ, ნავთობკომპანიების დაჯარიმების მიზეზით, შესაძლოა ქვეყანას აზერბაიჯანიდან გაზმომარაგების პრობლემა შეექმნას, რაც ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გრძელდება და არანაირი საფრთხე ამ ურთიერთთანამშრომლობას არ ემუქრება, რასაც ადასტურებს სახელმწიფო კომპანიებს შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაზმომარეგების სფეროში. უფრო მეტიც, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის სისტემატიურად იმართება სამუშაო შეხვედრები სადაც, განიხილება როგორც ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნების სრულად და სტაბილურად მომარაგების, აგრეთვე, მსხვილ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში პარტნიორობის საკითხები", - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.