ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა გარკვეული შედეგებით დასრულდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ „პირWელს“ განუცხადა, მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მოსახლეობა მოსავალს უპრობლემოდ აიღებს.
„შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან საკითხი იყო დაყენებული, რომ ქართული მხარე კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით მოწადინებულია მშვიდობიანი გზისკენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ საოკუპაციო ზოლის იმ მონაკვეთში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არ მოხდეს არანაირი შეიარაღებული პირების, ნიღბიანების გადაადგილება, ვინაიდან აღნიშნული ხელს უშლის და ძაბავს ადგილზე სიტუაციას. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დგება. მეორე საკითხი გახლდათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოსავლის აღება. მოსახლეობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე აიღებს მოსავალს. რაც შეეხება დროშის გადმოცემის საკითხს, მათი მხრიდან მივიღეთ შემდეგი განმარტება, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით, ისინი დაგვიკავშირდებოდნენ რამდენიმე დღეში, რა დროსაც მოხდებოდა დროშის გადმოცემა“, - განაცხადა ენუქიძემ.
ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა, ქართული დროშის დაბრუნების საკითხი განიხილეს, საუბარია იმ დროშაზე, რომელიც სოფელ ხურვალეთთან რუსმა სამხედროებმა ჩამოხსნეს და ცხინვალში წაიღეს.
კონფლიქტის ზონაში წამოჭრილ პრობლემებზე მომუშავე ჯგუფის შემდეგი შეხვედრა, ენუქიძის ინფორმაციით, 30 ივლისს ერგნეთში 11:00 საათზე გაიმართება.