„პროვოკაციის მთავარი მიზეზი საქართველოს შსს-ს მიერ არც თუ ისე კარგად მომზადებული განცხადება იყო“

„პროვოკაციის მთავარი მიზეზი საქართველოს შსს-ს მიერ არც თუ ისე კარგად მომზადებული განცხადება იყო“

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლის, ხოხ გაგლოითის თქმით, ქართული მხარისგან ის ერგნეთის შეხვედრაზე იმ მტკიცებულებებს მოითხოვს, რის საფუძველზეც ქართული მხარე საზღვრის გადმოწევის საკითხზე საუბრობს.

ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ჯგუფის წარმომადგენელმა ერგნეთში გააკეთა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა მიმდინარეობს.

„პროვოკაციის მთავარი მიზეზი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არც თუ ისე კარგად მომზადებული განცხადება იყო, რომლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა თითქოს საზღვარი სამხრეთით გადაწია. ჩვენ გვსურს ამის დამამტკიცებელი ფაქტები ვხილოთ. სწორედ ამ განცხადებამ გამოწვია მკვეთრი რეაგირება საქართველოს საზოგადოების პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში“, - განაცხადა გაგლოითმა.

მან აშშ-ის ყოფილი ელჩი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იმ განცხადების გამოც გააკრიტიკა, სადაც ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს სუვერენულ ნაწილად მოიხსენიებენ.

„მინდა აღვნიშნო ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, კირბის არაკომპეტენტური განცხადება. მათი მთავარი თეზისი არის, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა. მაინტერესებს სმენიათ თუ არა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, არც ერთ ადამიანს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღია“, - აღნიშნა გაგლოითმა.

ერგნეთში შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. მხარეები კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავებაზე საუბრობენ.