გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.
"კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფითი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი. სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგენილი იქნა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდინარე ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითრებული კატასტროფებების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალო ვადიან პერსპექტივაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა მდინარე ვერეს ხეობაში კატასტოფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადაუდებელი დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გაცემდნენ", _ აცხადებენ სამინისტროში.