მთავრობამ დევნილებისთვის თბილისის ზღვის ახალ ქალაქში 8 კორპუსი შეიძინა

მთავრობამ დევნილებისთვის თბილისის ზღვის ახალ ქალაქში 8 კორპუსი შეიძინა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში, დევნილებს ბინები საკუთრებაში „თბილისი 2015“-ის დასრულებისთანავე გადაეცემათ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თბილისის ზღვაზე, „თბილისი 2015“-თვის სპეციალურად აშენებული ოლიმპიური სოფელის გახსნაზე განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„2007 წლიდან დღემდე, ჩვენს ინვესტორს ჩინეთიდან, საქართველოში დახარჯული აქვს 500 მილიონ დოლარამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მას იმ კომპლექსისთვის, რომელიც დღეს გავხსენით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ 8 კორპუსი შეიძინა დევნილებისთვის ამ ახალ ქალაქში, რომელსაც ოლიმპიადის დასრულებისთანავე გადავცემთ დევნილებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.