სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ჯერ მთავრობას უნდა შესთავაზოს, ხოლო შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინოს.
ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებული წესი და პროცედურა, რომელსაც "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონი და პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. მთავრობა პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურას განიხილავს და იღებს განკარგულებას, პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ.
თავის მხრივ, პარლამენტი მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, განიხილავს კანდიდატურას და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ნიშნავს სამსახურის უფროსს.
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე 6 წლის ვადით ნიშნავს. პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაასახელა.
ამასთან, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის პოსტზე გომელაური შესაძლოა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ჩაანაცვლოს.