ეშტონ კარტერი - თუ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას გააგრძელებს, აშშ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

ეშტონ კარტერი - თუ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას გააგრძელებს, აშშ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა განაცხადა. 

თავდაცვის მდივნის თქმით, ირანთან მიღწეული შეთანხმება ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, შესაძლებელს ხდის, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-მ სამხედრო ძალა გამოიყენოს. ეშტონ კარტერი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ის აპირებს ისრაელსა და საუდის არაბეთს ეწვიოს, რომლებიც ირანთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე თეირანის გაძლიერების შესაძლებლობის გამო შეშფოთებულები არიან. 

საერთაშორისო ექვსეულმა და თეირანმა საბოლოო შეთანხმებას გასულ კვირას, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანი მზადაა შეზღუდოს ბირთვული პროგრამა; დასავლეთი კი, სანაცვლოდ, ამ დრომდე მოქმედ სანქციებს შეამსუბუქებს და ირანთან ეკონომიკურ თანამშრომლობას გააფართოებს. თუმცა, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი აშშ-სთან საერთაშორისო საკითხებზე თანამშრომლობას არ აპირებს და მიღწეული შეთანხმება მხოლოდ გამონაკლისი იყო.