ვახტანგ გომელაური არის უაღრესად პრინციპული, სამართლიანი ადამიანი და მჯერა, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ვახტანგ გომელაურის დასახელების დროს განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ხალხს დაპირდა, რომ შსს იქნებოდა დემოკრატიული, დასავლური სტადანდარტებზე დაფუძნებული სტრუქტურა.
"ჩვენ დავიწყეთ შსს-ს რეფორმირება, გავხადეთ სისტემა დეპოლიტიზირებული და დღეიდან უკვე ვმიჯნავთ უსაფრთხოების სამსახურებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებით, ჩვენმა კოალიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი დანაპირების.
მე დღეს წარმოგიდგენთ ახლად შექმნილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს. წელს უკვე ორჯერ მომიწია მისი წარდგენა. ვახო არის უაღრესად პატიოსანი, წესიერი ადამიანი, აქვს კარგი მენეჯერული თვისებები, მე მას 12 წლია ვიცნობ, მასთან მომიწია მუშაობამ 3 წლის განმავლობაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამსახურისთვის, რომელიც მან შეასრულა თავისი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ის არის უარღესად პრინციპული და სამართლიანი ადამიანი და მჯერა, რომ წარმატებით უხელმძღვანელებს სამსახურს. ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ უწყებამ რაც მთავარია ჩვენს მოქალაქეებში დიდი ნდობა მოიპოვოს. ვახო არის ადამიანი, რომელიც იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას. მან დაამტკიცა, რომ ბოლო პერიოდში ყველაზე რთულ სისტემას უხელმძღვანელა. მინდა მას ვუსურვო წარმატებები და მჯერა, რომ ის იქნება წარმატებული სამსახურის უფროსი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.