პარლამენტი "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის პროექტის განხილვას იწყებს. საუბარია მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის საფუძველზეც მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმირებას გეგმავს.
"საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტი ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მის მიზნებს შორის აღნიშნულია, გამართული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მერიტოკრატულ პრინციპზე იქნება დაფუძნებული და პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას უზრუნველყოფს, ასევე, საჯარო სამსახურის მართვის ცენტრალიზებული სისტემის გაძლიერება და პროფესიული საჯარო მოხელეების უფლების დაცვის სამართლიანი მექანიზმის შექმნა.
ახალი კანონის მიღების მიზნად ასევე სახელდება პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც ერთიანობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და დარჩება ნებისმიერი ხელისუფლების სამსახურში, იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში.
საკანონმდებლო პაკეტს ხვალ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირისთვის მასზე მსჯელობა სხვა საპარლამენტო კომიტეტებშიც გაიმართება.