საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი კანდიდატურას მთავრობის ადმინისტრაციაში დაასახელებს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით და პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო ორად და მოხდა საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
1-ელი აგვისტოდან იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციად ორი მთავარი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება, გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება, ასევე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკების და გამოწვევების ანალიზი.
უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულებები იქნება: სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, ასევე სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური ორგანიზებული და სხვა საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა რეალიზაცია და მათი შესრულების კონტროლი და სხვა.
დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება. კანონის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6-წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე.