თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის - გიორგი ახვლედიანის სამდივნო ადასტურებს, რომ აკაკი კარტოზია მათ აპარატში, სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობს.
როგორც ახვლედიანის სამდივნოში აცხადებენ, აკაკი კარტოზია სამსახურეობრივ მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა და საკრებულოში მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა არ მიუღია.
„ამასთან, მოგახსენებთ, რომ აკაკი კარტოზიამ მიმდინარე წლის მაისში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო გამოცდაში. მან ვერ გადალახა ბარიერი, რის გამოც, კანონის თანახმად, 14 აგვისტოს დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.
კარტოზიას დადებითი დახასიათების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. შესაბამისად, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მისი ბრალი დადასტურდება და იგი დამნაშავედ იქნება აღიარებული, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება და მან კანონის წინაშე აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.
აღვნიშნავთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტთან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი კავშირი არ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით აკაკი კარტოზია დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სამდივნოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აკაკი კარტოზია თურქეთის მოქალაქეს თურქეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 6000 აშშ დოლარი მოსთხოვა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აკაკი კარტოზია თბილისში, მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3000 აშშ დოლარის აღების დროს დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.