მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია - Stop Russia მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია - Stop Russia მიმდინარეობს

მედიის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია სახელწოდებით შტოპ ღუსსია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, მათ შორის ისინი მთავრობას ოკუპაციის მიმართ ადეკვატურობისკენ და აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა აბაშიძე-კარასინის სრულიად მავნებლური ფორმატი გაუქმდეს, მთავრობა კი მიმდინარე ოკუპაციის მიმართ იყოს ადეკვატური. მთავრობა იმის მაგივრად, რომ იჯდეს ბუჩქებში, უნდა იყოს აქტიური და მსოფლიოში ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი ყველა დონეზე სერიოზულად უნდა დააყენოს. იქნება ეს პირადი ურთიერთობების გამოყენება, საპარლამენტო დადგენილებების მიღება, პრეზიდენტის წერილები, პრემიერის მიმართვები თუ ა.შ. ამ ყველაფერს ის არ აკეთებს, ამიტომ ხალხმა აიღო თავის თავზე ის, რაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, ახდენს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას იმ პრობლემაზე, რომელსაც მთავრობა უკეთებს იგნორირებას. ამიტომ ვარ აქ. ეს ყველაფერი ბუნებრივია, დაგვირგვინდება დეოკუპაციით, მაგრამ ამისთვის საჭიროა თითოეული ჩვენგანის მაქსიმალური აქტიურობა. მოქალაქე არის დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავარი თანამდებობის პირი. ყველას მოვუწოდებ, რომ საერთო ეროვნულ საკითხებზე იყოს ერთ მუშტად შეკრული. აქ არ არის იმის გარკვევის დრო, ვისი ორგანიზებულია ესა თუ ის აქცია, რადგან ეს არის საერთო სატკივარი და ყველა უნდა დავდგეთ ერთად", - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს გამოფენილი აქვთ სხვადასხვა პლაკატები. მათ შორის წარწერით "არა კოლაბორაციონიზმს და მტერთან თანამშრომლობას", "რუსეთი ოკუპანტია", Stop Russia და ა.შ.

ასევე მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო ფოტოებიც აქვთ მიტანილი, რომლებზეც არა მარტო რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, არამედ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და სხვები არიან გამოსახულები.