სესიაშვილს სააკაშვილის არ ჯერა

სესიაშვილს სააკაშვილის არ ჯერა

„აშშ საქართველოს ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება“, - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, აშშ საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ ოპერაციების წარმართვაში და ანტიტერორისტულ საქმიანობაში, როგორც ეს ადრე იყო, არამედ დახმარებას გაუწევს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში.

„ეს არის სრულიად ახალი დონე ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადების. რუსებმა პრაქტიკულად აკრძალეს ქართველი ოფიცრების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ სასწავლებელს. საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ოფიცრებს აღარ იღებდნენ შეიარაღებულ ძალებში.

სპეციალურად, უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლათ ქართული სამხედრო პოტენციალი, რადგან არ ენდობოდნენ ქართველებს, იცოდნენ, რომ ქართველებში ვერ ჩაკლავდნენ მებრძოლ სულს, რომ ქართველებს აუცილებლად, ადრე თუ გვიან მოუნდებოდათ დამოუკიდებლობა, აუცილებლად, ადრე თუ გვიან დასჭირდებოდათ თავისი არმია და შეეცდებოდნენ შეექმნათ დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ახლა ამ ტრადიციის აღდგენა არის ყველაზე ისტორიული საკითხი“.

პრეზიდენტის თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში საერთაშორისო დაცვის გარანტიაა: „ეს არის ჩვენთვის მომავალი დღის არსებობის გარანტიები. ჩვენ აქ ვიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად“.

ქვეყნის თავდაცვის სფეროში არსებულ რეალურ  მდგომარეობაზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ვესაუბრებით:

– სააკაშვილის განცხადებების ნაკლებად მჯერა. მას სიტუაციის გაბუქება და არსებულზე მეტის წარმოჩენა უყვარს. არაერთხელ გვსმენია, რომ შეერთებული შტატები რაღაც განსაკუთრებულად გვეხმარება თავდაცვის სფეროში და ა.შ. რეალურად კი ასე არ ხდებოდა. არა იმიტომ, რომ აშშ ჩვენთვის ცუდი პარტნიორია; არამედ იმის გამო, რომ ვაშინგტონში ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობის სიღრმისეულ ანალიზს აკეთებდნენ; მათ შორის ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ სისტემის მართვის შესახებ და ასე მარტივად ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას შეეხება.

რუსეთს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ამერიკის მხრიდან სერიოზული დახმარება, გადატვირთვის პოლიტიკაში სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, არსებული ვითარების ანალიზს ვეყრდნობი და მიმაჩნია, რომ შეერთებული შტატებისგან შეპირებული დახმარება უფრო მეტად შეეხება განათლებას, სიტუაციის ანალიზს, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების დაგეგმვას. საერთოდ, თანმიმდევრულ დახმარებას თავდაცვის სფეროში.

ამის შესახებ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ?

– კარგად ვიცით ჩვენი სუსტი წერტილები სად არის. მაგალითისთვის,  ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გასაძლიერებლად, ცხადია, შესაბამისი სისტემები გვჭირდება. შეერთებულმა შტატებმა დღეს რამდენიმე ასეთი დანადგარი რომც გვაჩუქოს, მართვას ვერ შევძლებთ. იგი შედგება რამდენიმე კომპონენტისგენ; მათ შორის რადარისგან, ერთიანი სისტემისგან, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატის ამოცნობისგან, შენიანის და მტრის, სამოქალაქო ავიაციის გარჩევისგან და სხვ. სჭირდება მართვის სპეციალისტები. სამწუხაროდ, ამ სისტემის მმართველები არ გვყავს. იგი საერთო უსაფრთხოების სისტემაში უნდა ჩაჯდეს. ესეც ცალკე პრობლემაა, რადგან ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ფაქტობრივად დაულაგებელია. ეს იმიტომ, რომ „პროფესიონალი“ ხელმძღვანელები გვყავს. გინდ თავდაცვის მინისტრი აიღეთ და გინდ შს უწყების ხელმძღვანელი.

ასე რომ, აშშ პირველ რიგში იმაში დაგვეხმარება, რომ არსებული ვითარების სიღრმისეულ ანალიზს გააკეთებს და დაგეგმავს თუ რა გვჭირდება; როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს ყოველივე. დაგეგმავს განათლებას, მომზადება–გადამზადებას ჩვენი სამხედროების და ა.შ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. ამისთვის სავარაუდოდ, ეტაპობრივი დახმარება განხორციელდება.

ასევე ვითვალისწინებ რუსეთის მოსალოდნელ აღშფოთებას, თუკი შეერთებული შტატები ფართომასშტაბიანად დაგვეხმარება. ამიტომ  ვაშინგტონი შეეცდება, ამას პარტნიორული თანამშრომლობის ფორმა მისცემს, რომ ეს გამაღიზიანებელი არ იყოს. მთავარი აქცენტი გაკეთდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ეს სავარაუდოდ, რამდენიმე წელზე გაწერილი იქნება.

ამ თანადგომის კონტექსტში, რაიმე განსაკუთრებული პროგრესის იმედი ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ხომ არ უნდა გვქონდეს?

– ნატოსთან მიმართებაში მაინცდამაინც ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, მარტივი მიზეზის გამო – არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ბოლო სამიტი ჩატარდა. ჩიკაგოში კვლავ გაჟღერებული იქნება, რომ ბუქარესტის სამიტზე მოცემული დაპირება ძალაშია. ასევე იქნება მოწოდება, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმები გააგრძელოს.

რა თქმა უნდა, ნატო და წევრი ქვეყნები საქართველოში მიმდინარე პროცესებს გულდასმით თვალყურს ადევნებენ. განსაკუთრებული მოლოდინი არჩევნებზე კეთდება. კენჭისყრის შემდგომ უფრო შესაძლებელი იქნება ნატოს მხრიდან ჩვენთან მიმართებაში სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაპს (გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას) არ ველოდები; თუმცა, სასურველი იქნება, რომ ალიანსმა მეტი ურთიერთობის სურვილი გამოხატოს ამ სამიტზე საქართველოსთან.

შეერთებული შტატების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერის პირობებში, ქართულ მხარეს რის მიღწევა ძალუძს არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე?

– ვაშინგტონი თუკი ფართომასშტაბიან დახმარებას გაგვიწევს, ამით გარკვეულ გარანტიებსაც მოითხოვს, რომ ამერიკული იარაღით რუსეთთან საომარ მდგომარეობაში არ შევიდეთ. რაც შეეხება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდას, როგორც აღვნიშნე, შეერთებული შტატები ეტაპობრივად, თანმიმდევრულად დაგვეხმარება, რომ ეს რუსებისთვის გამაღიზიანებელი არ იყოს.

საკმარისია ეს მოხდეს ფართო მასშტაბით და რუსეთი, თუნდაც პოლიტიკური ზეწოლის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებით ძალებს შეიყვანს. არ გამოვრიცხავ, რომ ანტისარაკეტო სისტემებიც კი განათავსოს. ამით გარკვეული პოლიტიკური სიგნალი გააგზავნოს ვაშინგტონში, რომ რაც არ უნდა დახმარება გაუწიონ და გააძლიერონ საქართველო, ამ რეგიონში სამხედრო–პოლიტიკურ მოცემულობას ჩემს სასარგებლოდ დავტოვებო. ამიტომ ვთვლი, რომ ეს იქნება თანიმდევრული დახმარება.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნრიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ სამხედრო ძალებით შესაძლებელი არ არის. თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, შესაბამისი რესურსის სწორად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ისეთი თავდაცვის სისტემა შევქმნათ, რომელიც პრევენციულად მოწინააღმდეგეს არ აფიქრებინებს, რომ ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელოს და ქვეყნის სრული ოკუპაცია განიზრახოს.

თუმცა, ვიმეორებ, ამას სწორი მენეჯმენტი, გათვლილი პოლიტიკა სჭირდება თითოელი სცენარის; რისი უნარიც პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს. მითუმეტეს, როცა უსაფრთხოების სისტემა პოლიტიზებულია და მეორე მხრივ, მართვას არაპროფესიონალები ახორციელებენ.