ადამ ლამბერტი “Queen”-ს შეუერთდა

ადამ ლამბერტი “Queen”-ს შეუერთდა

მუსიკალურმა გამოცემამ “Rolling Stone” გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფი “Queen”-ის წევრებმა ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა მომღერალ ადამ ლამბერტთან მოლაპარაკება დაასრულეს და ახალგაზრდა ამერიკელი თანამშრომლობაზე დაიყოლიეს.

ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივლისს “Queen” ბრიტანულ ქალაქ ნებვორტში დაგეგმილ “Sonisphere”-ს მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს.

ზემოთდასახელებული ქალაქი მეიმ და ტეილორმა სპეციალურად ამოირჩიეს. 1986 წლის აგვისტოში ჯგუფმა ამ ადგილას ფრედი მერკურის მონაწილეობით უკანასკნელი კონცერტი ჩაატარა. ჯგუფის იმ გამოსვლას 120 ათასი მაყურებელი დაესწრო.

მიმდინარე წელს ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ეს ღონისძიება“Queen”-ის დაარსებიდან ორმოცი წლისთავს ეძღვნება.

ამ ტურნეში მეისთან, ტეილორთან და ლამბერტთან ერთად სცენაზე სხვა მუსიკოს-შემსრულებლებიც გამოჩნდებიან. ისინი “Queen”-ის პოპულარული კომპოზიციების ქოუვერ-ვერსიებს შეასრულებენ.

გასული წლის 6 ნოემბერს ლამბერტმა და მეი-ტეილორის წყვილმა მონაწილეობა მიიღეს “MTV EMA”-ს ჯილდოების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაში. მათ ერთად შეასრულეს“Queen”-ის სამი პოპულარული კომპოზიცია – “The Show Must Go On”, “We Will Rock You” და “We Are The Champions”. ამ კონცერტის შემდეგ ბრაიან მეიმ ლამბერტს თანამშრომლობა ოფიციალურად შესთავაზა.

მომავალი საგასტროლო ტურნე რომლის სახელწოდებაა“Extravaganza Tour” 2012 წლის მაისში დაიწყება. მუსიკოსები თავდაპირველად რამდენიმე კონცერტს აშშ-ში ჩაატარებენ,შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში ევროპის კონტინენტზე გადაინაცვლებენ.