მარინა ჩიტაშვილი: თავიდან სააკაშვილის გუნდშიც ძალიან ბევრი აპოლიტიკური ადამიანი იყო

მარინა ჩიტაშვილი: თავიდან სააკაშვილის გუნდშიც ძალიან ბევრი აპოლიტიკური ადამიანი იყო

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებში ყოველთვის არის გამოსავალი. თუმცა, მთავარია, ხელისუფლებამ ადამიანებს საკუთარი თავი არ შეაძულოს, თორემ ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი დარჩებათ და გამოსავალს როგორმე მონახავენ. Presage.tv ესაუბრება მარინა ჩიტაშვილს.

დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის შესახებ განუწყვეტლივ გვესმის, მაგრამ, ამომრჩეველთა სასიკეთოდ, ხელისუფლება წამოვა დათმობაზე?

- იცით, რაშია საქმე? ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ საქართველოს მოქალაქეები ერთხელ და საბოლოოდ დარწმუნდებიან იმაში, რომ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, ჩვენი ხელებითაა გასაკეთებელი, პირობას გაძლევთ, სამოქალაქო მონაწილეობის კვალობაზე, დასავლეთი იმ ქვეყნისა და ხალხის მხარეს დადგება, ვისაც თავისუფალ ქვეყანაში უნდა ცხოვრება.

ახლახანს გაირკვა, რომ ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრება მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას და ამით ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას არ აპირებენ. თქვენი აზრით, ორ პოლუსს შორის ბრძოლა რამდენად დაუნდობელი იქნება და რა წინაპირობა აქვს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოსაგებად?

- მოვლენებს თუ ასეთნაირად შევხედავთ, მე ვიტყოდი, რომ ბურჯანაძისა და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი, რომ ისინი არ შეეცადონ, მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდნენ, პრაგმატული და სწორი არჩევანია. სწორი არჩევანია იმის გამო, რომ ბრძოლა ნამდვილად ორ ძირითად პოლიტიკურ პარტნიორს, მოწინააღმდეგეს შორის მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში, ორივე პოლიტიკური მოწინააღმდეგე საკმაოდ ფლობს როგორც ადამიანურ, ისე -  ფინანსურ რესურსებს. ეს ორივეს ეხება. ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია. ზღაპარი იმის თაობაზე, რომ ფინანსებს არ აქვს მნიშვნელობა,  სწორი არ გახლავთ. თუმცა ზღაპარი იმის შესახებ, რომ ყველაფერს ფინანსები განსაზღვრავს, ასევე, არ არის სწორი. ამის ბევრი მაგალითი არსებობს.

ნაციონალებს, ალბათ, უფრო მეტი ფინანსური შესაძლებობა აქვთ, ვიდრე - ივანიშვილს.

- სხვათაშორის, ამას არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალებს უფრო მეტი ფინანსები აქვთ და მე ვიტყოდი, რომ ნაციონალების მხარდამჭერები გაცილებით უფრო მეტი სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან, ვიდრე არანაციონალების მხარდამჭერები. ეს ყველას ეხება, უჭერს თუ არა პარტიას მხარს. რაც შეეხება ივანიშვილის რესურესებს, ყოველ შემთხვევაში, თუ აქამდე ოპოზიციურ ძალას ფინანსური რესურსი არ ჰქონდა, ამ წუთას ეს ფინანსური რესურსი იდეაში მაინც არსებობს. არ ვიცი, ეს რამდენად რეალიზებული იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ საამისო რესურსი არსებობს. ყოველი შემთხვევისთვის, რეალურად იქნება ეს ორი ოპონენტი - ბიძინა ივანიშვილი და ნაციონალები, მეტი არავინ. პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც ამჟამად კოალიციაში გაერთიანდნენ, სიახლის განცდა არ არსებობს. მათ ჰყავთ თავიანთი ფიქსირებული ელექტორატი, თუმცა ეს ელექტორატი არ წარმოადგენს იმ დიდ მასას, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს არჩევნებში ხმას. ერთმნიშვნელოვნად ორი პოლუსი არსებობს: ერთი, რომელიც, ყველა შემთხვევაში, ხმას მისცემს ოპოზიციას, ხოლო მეორე, ყველა შემთხვევაში, ხმას მისცემს ნაციონალურ მოძრაობას.

მაგრამ იმისთვის, რომ დარჩენილი ელექტორატის დიდმა მასამ პოლიტიკურად შესაძლო აქტიობა გამოამჟღავნოს, ეს დამოკიდებული იქნება იმ ახალ პარტიაზე, რომელიც  უშუალოდ ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფის გარშემო შეიქმნება. სამოქალაქო აქტიობა თუ არ იქნება და საარჩევნო უბნებთან რიგები არ დადგება, ასეთ შემთხვევაში, არჩევნების მოგება თითქმის შეუძლებელია. მანამდე კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს. პირველი იმიტომ, რომ ნებისმიერი კანონი კონსტიტუციასთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს, ხოლო კონსტიტუციასთან მიმართებით, ეს ელემენტარული დარღვევაა, რადგან იგი ზღუდავს ადამიანისა და ამ ქვეყნის მოქალაქის უფლებებს, თავისუფალი სიტყვის გამოხატვის, სინდისის თავისუფლების და, საერთოდ, საკუთარი აზრის დაფიქსირებას.

მეორეც, კანონმდებლობა იმის გამო უნდა შეიცვალოს, რომ არ შეიძლება, არსებობდეს ინსტანცია, რომელიც ქვეყნის მოქალაქეს უფრო ზედმეტად შეუზღუდავს უფლებებს, ვიდრე ამას აკეთებს კონსტიტუცია. კონტროლის პალატა, მისი მარეგულირებელი მექანიზმებით, არ არის საქართველოს კონსტიტუციაზე უფრო მაღალი.

პოლიტიკური გუნდით საინიციატივო ჯგუფის დაკომპლექტება რამდენად შეუწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილს მომავალი პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის? მართალია, გვესმის, რომ თავის დროზე ეს ადამიანები პოლიტიკის ირგვლივ განცხადებებს აკეთებდნენ და მთლად აპოლიტიკურნიც არ იყვნენ, მაგრამ მათ შესახებ თქვენი აზრი მაინტერესებს.

- მოდით, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები, რომლებიც აპოლიტიკურად მონათლეს... ჯერ ერთი, არცერთი ადამიანი აპოლიტიკური არ არის. ზუსტად იმის გამო ვაფიქსირებ მეც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სურვილს, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უკვე პოლიტიკურ აქტორად ქცევას გულისხმობს. მეორეც, ეს ადამიანები არიან საინიციატივიო ჯგუფის წევრები, რომლებმაც უნდა შექმნან პოლიტიკური პარტია. ჩემი აზრით, ეს ადამიანები სწორად არიან შერჩეულნი, რადგან, სამომავლოდ, ისინი გამოხატავენ ზომიერი, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის წინაპირობას. ხოლო, რაც შეეხება აქტივობას, აქტივისტებს, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ შეარჩევენ ეს ადამიანები სხვა  ადამიანებს, ან ვინ გაერთიანდება მათთან შემდგომში, რადგან საინიციატივო ჯგუფის ფუნქცია და პოლიტიკური აქტიურობა ერთსა და იმავეს არ ნიშნავს. შემიძლია ყველა დავამშვიდო, მაშინ, როცა იქმნება რაიმე ტიპის პოლიტიკური პარტია, ძირითადად, ამას ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ყოფილან პოლიტიკაში ჩართულები ისე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში მიმდინარე პროცესები, ფაქტობრივად, საშუალო კლასის, ინტელექტუალური ფენის - ბლოგერების მიერაა შექმნილი. არც მეტი, არც ნაკლები, აფრიკის გაზაფხულიც შექმნეს ბლოგერებმა, რაც ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან პოლიტიკურად აქტიურები.

მათ შორის, ინტერნეტმომხმარებლებსაც გულისხმობთ?

- არა მარტო ინტერნეტმომხმარებლებს, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ არ არის აუცილებელი, მთელი ცხოვრება პოლიტიკური საქმიანობით ვიყო დაკავებული. ერთ მშვენიერ დღეს შემიძლია გავხდე პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული, ჩემი წარსული გამოცდილებით მოვიდე და პოლიტიკაში დავიწყო საქმიანობა. ანუ, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს, ყველას, მეტ-ნაკლებად არაპოლიტიკური წარსული ეძებნება. ისინი არიან შემდგარი ადამიანები და ისინი მოდიან ახალი საქმის დასაწყებად.

უკვე არაერთხელ გვსმენია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არაა სრულყოფილი, ზვიად გამსახურდიას გუნდთანაც გაკეთდა პარალელები.

- შეგახსენებთ, მაშინ, როცა სააკაშვილის გუნდი იწყებდა ფუნქციონირებას, მის გუნდშიც ძალიან ბევრი აპოლიტიკური ადამიანი იყო, მერე გახდნენ უცბად პოლიტიკოსები. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არსებობს ასეთი შერჩევითი კატეგორიები და დასკვნის გამოტანა მხოლოდ ერთი პრინციპით?! რადგან ვინმე ხელისუფლებაშია, გამოდის, რასაც იტყვის, ჭეშმარიტებაა და ზეციური გამოცხადებაა გადასული მის თავზე?! ლოგიკა ძალიან მარტივია. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას, ვნახოთ, რას გააკეთებენ. რაც მთავარია, პოლიტიკური საქმიანობის გაზომვა მართლაც არჩევნებით მოხდება. არჩევნებში გუნდის დამარცხება და არამრავალპარტიული, თანაბრად წარმოდგენილი, რეპრეზენტატული სამომავლო პარლამენტი (თუ ასეთი შეიქმნება), ელემენტარულად ნიშნავს, რომ, ასეთ შემთხვევაში, ამ კანონიდან გამომდინარე, რეპრესიები არა მარტო მათ შეეხებათ, არამედ სხვა ადამიანებსაც.

რეპრესიები დაიწყება?

- ნამდვილად.

მაშინ ქუჩის აქციებია გამოსავალი, ლიბიის მაგალითი?

- იცით, რა, ქუჩის აქციები ყოველთვის არის გამოსავალი. მთავარია, ამ გამოსავლამდე როგორ მიდიხარ, რადგან, როდესაც გძულს საკუთარი თავი, ასეთ შემთხვევაში, ადამიანებს დასაკარგი არაფერი რჩებათ. ჯერჯერობით, ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც იმ 50 %-ს, რომელიც ამბობს, რომ ის გამოხატულად არავინ არ არის, საკუთარი თავიც კი შეაძულონ. აქედან გამომდინარე, სანამ საკუთარ თავს შევაძულებინებთ ადამიანებს, სჯობს, მათ მივცეთ წარმომადგენლობა და ილაპარაკონ პარლამენტში თავიანთი აზრების, სურვილების შესახებ.