ქდმ-ს დამცველი ხელისუფლება

ქდმ-ს დამცველი ხელისუფლება

ქდმ-სა და საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობას“ შორის ახალი დაპირისპირებაა. მას შემდეგ, რაც უმცირესობის ყოფილი წევრი, რომან მარსაგიშვილი თორთლაძის ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობაში“ გადავიდა, თორთლაძის ფრაქციაც და უმცირესობაც აქამდე არსებული პრივილეგიების დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგა და რომ არა ხელისუფლება, ასეც მოხდებოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების გადარჩენილი ქდმ წყენას მაინც ვერ ივიწყებს და ეს გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ძალიან აშკარად გამოჩნდა, როდესაც ქდმ-ს წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დეპუტატის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც „ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ უმრავლესობის მიერ უმცირესობის „გადარჩენაზე“ და ამ მიზნით უმცირესობაში განხორციელებულ „გადანერგვებზე“ გააკეთა განცხადება.

ლორთქიფანიძემ მიიჩნია, რომ უმრავლესობამ უმცირესობა სწორედ იმიტომ „გადაარჩინა“, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“, უმცირესობაში შემავალ ფრაქციებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ჩამდგარიყო.

ლევან ვეფხვაძემ კი ამ განცხადების შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძეს უთხრა, რომ „მისი ფრაქცია უმცირესობის წევრებს დასდევდა და ფულს სთავაზობდა“.

ამ საკითხზე დებატები ბიუროს სხდომაზე აღარ გაგრძელებულა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიკროფონების გამორთვისკენ მოუწოდა.

ლევან ვეფხვაძემ კი, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ დეპუტატის ვინაობა არ დააკონკრეტა, რომელსაც, მისივე განცხადებით, ლორთქიფანიძის ფრაქცია „გადაბირებისთვის“ ფულს სთავაზობდა.

„ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და არ მინდა, რომელიმე ჩემი კოლეგა ციხეში აღმოჩნდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და მხოლოდ ის დააკონკრეტა, რომ დეპუტატი, რომელსაც ფულს სთავაზობდნენ, ახლაც უმცირესობის წევრია.

„ერთობა სამართლიანობისთვის“ კი ლევან ვეფხვაძისგან იმ დეპუტატის საჯაროდ დასახელებას ითხოვს, რომლის მოსყიდვასაც, ვეფხვაძის თქმით, აღნიშნული ფრაქცია ცდილობდა.

„თუ ლევან ვეფხვაძე საჯაროდ არ დაასახელებს ერთის მხრივ იმ პირის ვინაობას, რომელიც ცდილობდა უმცირესობაში შემავალი ერთ-ერთი დეპუტატის მოსყიდვას და, მეორე მხრივ, თავად იმ დეპუტატს, რომლის მოსყიდვაც იგეგმებოდა, ის თავად გაიხდის საციხოდ საქმეს. მოსყიდვა დაკავშირებულია სისხლის სამართლის დანაშაულთან. ვეფხვაძე თავისი განცხადებით ამ დანაშაულს ფარავს და თავად გვევლინება დანაშაულის ჩამდენ პირად“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ფრაქცია ვეფხვაძისგან ელის ინფორმაციის გასაჯაროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება.

„ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი კი ლევან ვეფხვაძის ამ განცხადებას ცილისწამებად აფასებს და დასძენს, რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი განცხადება სამართლებრივი რეაგირების საფუძველი გახდებოდა.

როგორც იგი აღნიშნავს, ლევან ვეფხვაძისგან, როგორც „მოქკავშირის“ დაფუძნების სათავეებთან მყოფი ადამიანისგან, ამგვარი ცილისმწამებლური განცხადება არ გაჰკვირვებია.

„ეს არის ხელისუფლების ხელწერა. ეს არის ხელისუფლებისა და „ქრისტიან-დემოკრატების“, კონკრეტულად კი, ლევან ვეფხვაძის ხელწერა. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება მისი ძალა „მოქკავშირის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მამა დამფუძნებელს. ამაზეა ნათქვამი - ხარი ხართან დააბი, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ „ლევან ვეფხვაძეს და მისი „კოლექტივის“ წევრებს აღებ-მიცემობა პოლიტიკაში თავისი პარტნიორებისგან კარგად აქვთ ათვისებული“.

მისივე თქმით, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მსგავს ცილისმწამებლურ განცხადებას რეაგირება მოჰყვებოდა, თუმცა მის ფრაქციას „ლევან ვეფხვაძისთვის არ სცალია“, რადგან მისი სამიზნე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებია.

ეს ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა  მომავალი კვირისთვის დაიგეგმა და გამოსვლის შემდეგ დებატებზე ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ დამატებითი მოითხოვა და ამის გამო ლორთქიფანიძეს ჯერ ვეფხვაძე დაუპირისპირდა, შემდეგ კი უმრავლესობა, რომლებმაც ვეფხვაძის დაცვა სცადეს.

ლორთქიფანიძემ მისი ფრაქციის, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობისთვის გამოყოფილი დროის „სამართლიანი და ადეკვატური გადანაწილება“ მოითხოვა. მისი თქმით, თუ დებატები პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების განმსაზღვრელი მუხლის მიხედვით წარიმართება, მის ფრაქციას, სხვებთან შედარებით, ძალიან მცირე დრო ექნება გამოსვლებისთვის.

ლორთქიფანიძის გათვლებით, „უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს, დაახლოებით 1 საათი და 35 წუთი ექნება და კარგი იქნება, თუ მის ფრაქციას ამ დროის ნახევარს ან 30 წუთს მაინც მისცემენ, 15 წუთის ნაცვლად“.

ლორთქიფანიძეს ჯერ ვეფხვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ განკუთვნილი დროის ცვლილება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება მოხდება.

მისივე თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძე უმცირესობის წევრი იყო და თუ მართლაც სურდა დებატებში ხანგრძლივი დროით მონაწილეობის მიღება, შეეძლო, უმცირესობაში დარჩენილიყო.

ვეფხვაძემ ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ თუ ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ დებატების ახალი წესით გამართვა უნდოდა, მაშინ რეგლამენტში ცვლილებები უნდა მოემზადებინა და წარმოედგინა.

„მოამზადეთ რეგლამენტში ცვლილებები და შემოიტანეთ, სანამ პრეზიდენტი მოვა მის მომზადებას მოასწრებთ. ჩვენ პოლიტიკური დებატების გამართვას ვუჭერთ მხარს“, – უთხრა ვეფხვაძემ ლორთქიფანიძეს.

„მსგავსი ტიპის გამოხმაურება ზედმეტია და ცინიკური“, – უთხრა ლორთქიფანიძემ ლევან ვეფხვაძეს.

რეგლამენტით გათვალისწინებული დროის შეცვლას მიზანშეუწონლად მიიჩნევს უმრავლესობაც.

„პირობას დავდებთ, რომ პლენარული სხდომის განმავლობაში ჩვენთვის განკუთვნილი ნახევარი საათით აღარ ვისარგებლებთ, თუკი საშუალება მოგვეცემა, რომ ამ ნახევარსაათიანი დროის პოლიტიკური დებატების პროცესში რეალიზება მოვახდინოთ. მსგავსი ტიპის გამოხმაურება, რომ საკანონმდებლო ინიციატივები წარმოვადგინოთ, აბსოლუტურად ზედმეტია და ცინიკურიცაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დებატები ძალიან მაღალი ხარისხით შედგეს, რასაც თქვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი სჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც მცირეოდენი დრო, 5-10 წუთი დაგვემატოს ჩვენთვის განკუთვნილ დროზე. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ უმცირესობის შენარჩუნების ხელოვნური მეთოდი მიმართული იყო იქითკენ, რომ უმცირესობისთვის განკუთვნილი 1 საათი და 35 წუთი 15 წუთს  დაპირისპირებოდა და 15 წუთით მოსარგებლე პარტიის საქმიანობა ჩაკარგული ყოფილიყო“, - განაცხადა ლოთქიფანიძემ.

ამის საპასუხოდ კი პარლამენტის პირველი ვიცესპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ყველა თავისი გაფუჭებულობის ხარისხით ზომავს“ და „ოპოზიციას პოლიტიკური ქარი ქარიშხალი ჰგონია“.

„როცა თქვენ ეს გჭირდებოდათ, ეს ფორმა სწორი და კარგი იყო. ახლა სიტუაცია შეიცვალა და რადგან ფრაქციის თავმჯდომარე გახდით, ძველებური ფორმატი აღარ მოგწონთ. რაც შეეხება უმცირესობის შენარჩუნებას, ყველა თავისი გაფუჭებულობის ხარისხით ზომავს, თუ ასე ფიქრობთ, თქვენი პრობლემაა. თქვენ გინდათ, მთელი პარლამენტი იმ სქემაზე გადაიყვანოთ, რომელიც თქვენ, პეტრე მამრაძესა და მარსაგიშვილს მიგაჩნიათ სწორად. პარლამენტში აღნიშნული პროცედურების 15 წლიანი ტრადიციაა და ახლა პოლიტიკური ქარის გამო, რომელიც თქვენ ქარიშხალი გგონიათ, თვლით, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავაწყოთ და სამი ადამიანის ჭკუაზე გადავწყოთ. თუ თქვენი ფრაქციის შიგნით 15 წუთის გაყოფას ვერ ახერხებთ, ეს თქვენი პრობლემაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა კი აღნიშნა, რომ ახალი  მექანიზმების შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

საბოლოოდ, გადაწყდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატებისას ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დამატებით დროს ვერ მიიღებს.

დებატებს რეგლამენტის 138-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას, თითოეულს ეძლევა 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, – 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. პოლიტიკური დებატების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.

მომავალ კვირას დაგგემილი დებატები, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ უნდა გაიმართოს, სწორედ ამ სქემით წარიმართება და მას პრეზიდენტიც დაეწრება.