ბრაიან ვაითმორი, "Radioliberty"
საქართველოს პოლიციამ 13 თებერვალს ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ბომბი იპოვა და გააუვნებელყოფა. ერთი თვეც არ გასულა, რაც ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატებზე სამხრეთ კავკასიაში უკვე მეორე თავდასხმა განხორციელდა.
პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა იანვრის ბოლოს, აზერბაიჯანში. მაშინ აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ჩაშალეს ირანელთა შეთქმულება, რომლის მიზანი იყო ისრაელის ელჩის, ადგილობრივი რაბინისა და ქვეყნის სხვა ცნობილი ებრაელების მკვლელობა. პოლიციამ შეთქმულებასთან კავშირის გამო აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.
ორივე შემთხვევაში ირანი ეჭვმიტანილ ორგანიზატორად დასახელდა. ისრაელმა საჯაროდ დასდო ბრალი თეირანს იმაში, რომ ის იდგა აღკვეთილი თბილისური თავდასხმის უკან. ბაქოში, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადების თანახმად, ორი ეჭვმიტანილი აზრებაიჯანელი იანვარში დააპატიმრეს იმის გამო, რომ ისინი თანამშრომლობდნენ ირანელ მოქალაქესთან, რომელიც მისი ქვეყნის უშიშროების სამსახურებთან იყო დაკავშირებული.
ირანმა ამ ინციდენტებში თავისი მონაწილეობის ფაქტი უარყო. მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ორივე შემთხვევა იმის ილუსტრაციაა, თუ როგორ ემუქრებათ საქართველოსა და აზერბაიჯანს, ირანთან მათი მეზობლობისა და შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ახლო ურთიერთობების გამო, იმ კონფლიქტში ჩათრევის რისკი, რომელიც სულ უფრო მწვავდება, ერთის მხრივ, თეირანსა და მეორეს მხრივ, ისრაელსა და დასავლეთს შორის.
”ჩვენ ირანს ძირითადად სპარსეთის ყურის პრიზმაში განვიხილავთ. მაგრამ ეს ფაქტები შეგვახსენებს, რომ ის კასპიური და კავკასიური სახელმწიფოც არის,” ამბობს ნიკოლას გვოზდევი, აშშ-ს საზღვაო კოლეჯის ნაციონალური უსაფრთხოების მეცნიერებათა პროფესორი.
”ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ირანს შეუძლია გაანადგუროს ორმუზის სრუტე,” დასძინა მან. ”მაგრამ მან შეიძლება პრობლემები შექმნას კავკასიაშიც, თუ ასე გადაწყვეტს.”
ასიმეტრიული ომი
საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაშლილი აფეთქებები, ისევე, როგორც ბოლოდროინდელი შეტევები ინდოეთსა და ტაილანდში, დაემთხვა ირანსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ესკალაციას, რომელიც თეირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. ეს ფაქტები დაემთხვა იმასაც, რომ სულ უფრო ხშირად ისმის ხმები შეერთებული შტატებისა და ისრაელის შესაძლო სამხედრო შეტევის შესახებ. ხმებმა შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ, კავკასიის რეგიონზე საპასუხო თავდასხმის შიში გააჩინა.
ბესიკ ალადაშვილი, თბილისელი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ თუ სამხედრო მოქმედებანი დაიწყო, საქართველო უფრო მოწყვლადი გახდება ზემოთ ნახსენები ინციდენტის ტიპის შეტევებისთვის.
”მე არ გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ თუ შეერთებული შტატები, ან ისრაელი დაიწყებენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, ირანი შურს იძიებს. ეს შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს,” უთხრა ალადაშვილმა ”რადიო თავისუფლების” ქართულ სამსახურს.
„თუ საქმე ესკალაციისკენ წავიდა – ღმერთმა დაგვიფაროს და ღია კონფრონტაცია დაიწყო, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველო კონფლიქტის ნაწილი შეიძლება გახდეს და აქ ტერორისტული აქტები მოხდეს.”
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანი ცდილობს კონფრონტაცია დასავლეთს უფრო ძვირი დაუჯდეს და ამიტომ ისრაელის სამიზნეებზე ”ასიმეტრიულ” თავდასხმებს გეგმავს. თეირანი დარწმუნებულია, რომ ირანელი მეცნიერების მკვლელობის უკან ისრაელის სადაზვერვო სამსახური ”მოსადი” დგას და ასეთივე შურისძიებას გეგმავს.
უაინ მერი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოვნიკი და ამჟამად ამერიკის საგარეო პოლიტიკური საბჭოს ევროპისა და ევრაზიის განყოფილების უფროსი თანამშრომელი ამბობს, რომ საქართველოში და აზერბაიჯანში ირანთან მეზობლობის და თავისუფალი სავიზო რეჟიმის გამო, ისრაელის ობიექტები მაცდუნებელი სამიზნეებია ირანისათვის.
”ჩემი აზრით, ჩვენ ირანისა და ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მცირემასშტაბიანი ასიმეტრიული კონფლიქტის მოწმენი ვხდებით – ამ კონფლიქტში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს დიდად არ სცემენ”.
დაძაბულბა ბაქოსა და თეირანს შორის
გარდა ამისა, ირანსა და დასავლეთს შორის იარაღის ჟღარუნი დაემთხვა კონფლიქტს ბაქოსა და თეირანს შორის, რომელიც, ალბათ, სწორედ ამ დამთხვევის გამო ჯერჯერობით დაბალი ინტენსივობისაა. ეს კი აზერბაიჯანის მოწყვლადობას ზრდის.
პრობლემა დიდწილად სათავეს ბაქოსა და თელავივს შორის მჭიდრო ურთიერთობებიდან იღებს სათავეს.
foreignpress.ge
990
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85