რატომ არ უნდა იყვნენ ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ივანიშვილის კოალიციაში?

რატომ არ უნდა იყვნენ ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ივანიშვილის კოალიციაში?

პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ტაქტიკურად გამართლებულია ბურჯანაძისა და ივანიშვილის ერთ კოალიციაში არყოფნა, ლევან გაჩეჩილაძის კოალიციაში გაწევრიანებას კი სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ ივანიშვილს წარსულის იმედგაცრუებებთან ასოცირება ყველაზე ნაკლებად სჭირდება. „ახალი თაობა“ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში შედგება ივანიშვილის პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია. ივანიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი თავად იქნება. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩქარობს ივანიშვილი პარტიის ჩამოყალიბებას?

- ლოგიკურად, ამისთვის მას რამდენიმე მიზეზი აქვს: უპირველესად, ალბათ ის ელოდება მისთვის მოქალაქეობის აღდგენას, აკომპლექტებს ადგილობრივ, რაიონულ და რეგიონულ ორგანიზაციებს, ეძებს ახალ სახეებს, როგორც ზოგადნაციონალური, ასევე რაიონულ-რეგიონული მასშტაბებითაც, რაც ქვეყანაში არსებული სერიოზული საკადრო დეფიციტის პირობებში, იოლი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა, თუ არჩევნები მაისისთვის დაინიშნა, მას მწვავე ცაიტნოტში მოუწევს პარტიის შენება.

ივანიშვილის წყალგამყოფი ხაზის იქითა მხარეს ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, ასათიანი, დევდარიანი აღმოჩნდნენ. ბურჯანაძემ ახლახანს განაცხადა, რომ ის ყოველთვის იყო დასავლური კურსის პოლიტიკოსი, ივანიშვილიც დასავლური კურსის მომხრეა, თუმცა ორივე პუტინთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი ამბობს, რომ ბურჯანაძეს მისი არადასავლური კურსის გამო ეუბნება თანამშრომლობაზე უარს. თქვენი შეფასებით, თუ ორივე პოლიტიკოსის პოზიციები ემთხვევა, რატომ ვერ ხერხდება მათი დაახლოება?

- მოდით, ასე დავსვათ კითხვა: თუ საბოლოო მიზანი პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობით მოსვლაა, საჭიროა კი ბურჯანაძისა და ივანიშვილის ერთი კოალიციის ფარგლებში გაერთიანება?! ამერიკის მიმართ საქართველოს საზოგადოების საგრძნობ ნაწილში სულ უფრო ფეხმოკიდებული იმედგაცრუება თავისთავად აჩენს მეორე პოლუსს – ანუ ამომრჩევლის იმ კრიტიკულ მასას, რომელიც, მოდით ასე ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა და საქართველო-ამერიკის ბოლო 20 წლიან ურთიერთობაში პოზიტივთან ერთად ნეგატივსაც ბევრს ხედავს. ამ ამომრჩეველზე ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ვერ იმუშავებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან, შეიძლება ითქვას, მკვეთრად პროდასავლური კურსი დაიჭირა. ასეც არ იყოს, ამ ამომრჩევლისკენ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ივანიშვილს შავი პიარის ზვავი დაატყდება თავს.

არადა, ამ დროს, ამ ამომრჩევლის ხმები დასაკარგი ნამდვილად არ არის და რაც მთავარია, ამ ხმების უკან ხომ ჩვენი მოქალაქეები დგანან, თავისი მოტივაციებით, სურვილებით და საჭიროებებით. სწორედ ამ სეგმენტზე შეიძლება იმუშაოს ბურჯანაძე-კუკავას ფლანგმა. უხეშად რომ ვთქვათ, ამ ხმებს თავის პატრონი სჭირდება.

თუ ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სახელისუფლო პიარს დავაკვირდებით, ერთ საინტერესო რამეს აღმოვაჩენთ: ბოლო დროს ივანიშვილის „პრორუსულობაში“ ბრალდების პარალელურად, მისი პროამერიკულობის ბრალდებაც წამოვიდა – ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია და პოლიტსაშუალებები (აქ ვგულისხმობ, ფსევდოოპოზიციას) მის მიმართ ისეთ მკვეთრ ფორმილირებებსაც არ ერიდება, როგორიც არის ამერიკის ინტერესების გამტარებელი და ა.შ. ხელისუფლების მიერ შექმნილი ივანიშვილის ეს ახალი „როლი“ სწორედ ამომრჩევლის იმ სეგმენტზეა გათვლილი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ანუ რომელიც ამერიკული კურტნის დადების სურვილში არ ათენ-აღამებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის საკმაოდ მსუყე სეგმენტია და ამიტომაც ცდილობს, რომ ივანიშვილისგან მათი დისტანცირება მოახდინოს. და თუ ამ ამომრჩევლის მობილიზებაზე ბურჯანაძე არ იმუშავებს, ბურთი და მოედანი ნათელაშვილს დარჩება, ანუ ამ ტიპის ამომრჩევლის დიდ ნაწილს თავისკენ მიიზიდავს ნათელაშვილი. ხოლო მომავალ პარლამენტში ივანიშვილის სიძულვილით დაბრმავებული ნათელაშვილი ვის მხარეს დაიკავებს – ივანიშვილის თუ ნაცმოძრაობის, ეს აქედანვე ცხადია.

ასე რომ, ტაქტიკურად სრულიად გამართლებულია ბურჯანაძისა და ივანიშვილის არყოფნა ერთ კოალიციაში, თუმცა ერთიან ოპოზიციურ ფრონტად გამოსვლა, მათთვის მომგებიანი იქნება.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი ხელისუფლების მოთამაშეა. ამას მოჰყვა ოქრუაშვილის პასუხი ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, მისდამი პიროვნული სიძულვილის თაობაზე. თქვენი აზრით, რატომ დაიბლოკა ოქრუაშვილი?

- რითი დაიმსახურა ოქრუაშვილმა საქართველოს რომელიმე მოქალაქის სიყვარული ივანიშვილის გარემოცვაში თუ მის გარეთ, ხომ ვერ მეტყვით?!

რას მისცემს ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის, გუგული მაღრაძისა და გია გაჩეჩილაძის, მწვანეების ლიდერის შემოერთება კოალიციაში?

- ეს მართლაც რთული კითხვაა, ვერაფერს გეტყვით. პერსონალურად თითოეული მათგანი საინტერესო სახეა, საინტერესო ბიოგრაფიით და სხვადასხვა ხარისხის დამსახურებით საქართველოს საზოგადოების წინაშე. ხოლო მათ პარტიებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ფორმალური სახე აქვთ, ეს, ვფიქრობ, მათთვისაც არ არის სადაო. მიმაჩნია, რომ ივანიშვილის მათთთან ურთიერთობა პერსონალურად ამ სახეებთან თანამშრომლობით უნდა შემოიფარგლოს და არა მათ პოლიტიკურ წარმონაქმნებთან. ზოგადად, მივიჩნევ, რომ ფართო ოპოზიციური გაერთიანება არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ფორმალურად არსებული პოლიტიკური წარმონაქმნების, რომელთაგან ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ სახელები დარჩა, მექანიკურ შეყრას ერთ ყულაბაში თუ კოალიციაში, რაც თუ არ დააზიანებს ამ კოალიციის გამწევი ძალის რეიტინგს, ბევრს არაფერსაც შეჰმატებს მას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკა გუნცაძე იყო ივანიშვილთან. საუბრის თემა უცნობია, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, რომ შესაძლოა კოალიციაში გაჩეჩილაძეც ვიხილოთ. როგორ გგონიათ, გაჩეჩილაძის მიწვევა ივანიშვილისთვის წარმატებული სვლა იქნება თუ შეცდომა, იმის გათვალისწინებით, რომ ლევან გაჩეჩილაძე .. რადიკალ პოლიტიკოსთა კატეგორიას ეკუთვნის?

- რადიკალიზმი არ აკლდა „ეროვნულ ფორუმსაც“, მაგრამ ის დღეს ივანიშვილის გვერდითაა, რაც მე ეფექტურ სვლად მიმაჩნია. უფრო მეტიც, თუ არჩევნები მაისში დაინიშნა, რისთვისაც, მიუხედავად დეკლარირებისა, ოპოზიცია ოდნავ მაინც სრულფასოვან მომზადებას ვერ მოასწრებს, რადიკალიზმი (კარგი გაგებით) შეიძლება საზოგადოების რეალური ნების გამოვლენის ერთადერთ ფორმატად იქცეს. საპარლამენტო არჩევნების მაისში დანიშვნა და ამის გამოცხადება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, შეიძლება ითქვას, რომ იქნება საზოგადოების რადიკალიზმისკენ სვლის ხელოვნური იძულება.

გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე თავის შეკავების მიზეზები კი, ვფიქრობ, სხვა სივრცეში უნდა ვეძიოთ: ეს გახლავთ საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცურება ლევან გაჩეჩილაძის ფიგურის მიმართ, რაც უკავშირდება იმ ფაქტს, რომ გაჩეჩილაძემ ვერ შეძლო ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა. ივანიშვილს, რომლისთვისაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, გამარჯვებულის იმიჯის მორგება, წარსულის იმედგაცრუებებთან ასოცირება ყველაზე ნაკლებად სჭირდება. შეიძლება ამითაც არის განპირობებული მისი დისტანცირება ლევან გაჩეჩილაძისგან.

ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფში გოგლა ჟვანიაც შევიდა. როგორია თქვენი კომენტარი ამის თაობაზე?

- ზურაბ ჟვანიას მიმართ ჩემი ტრადიციული, ღრმა პიეტეტი მისი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, ამიტომ მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ეს ფაქტი.

ივანიშვილი პოლიციის, სასამართლოს, მედიის თავისუფლების სანაცვლოდ სააკაშვილს მოქალაქეობის შენარჩუნებას და გარკვეულ ხელშეუხებლობასაც ჰპირდება. როგორია თქვენი აზრი სააკაშვილისადმი ამ შეთავაზებაზე?

- როცა უკვე მერამდენედ გვიწევს საუბარი იმაზე, ვაპატიოთ თუ არა საქართველოს ხელისუფალთ მათი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომები, მინდა მოვიტანო ჩვენს უახლოეს სამეზობლოში სახელმწიფოებრივად აზროვნების ერთი შესანიშნავი მაგალითი:

აზერბაიჯანულ პრესაში სულ ახლახანს გაჩნდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატების ინიციატივით შეიძლება რეფერენდუმზე დადგეს საკითხი აზერბაიჯანისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის ჩრდილო აზერბაიჯანის დარქმევის თაობაზე. ეს სახელი ხაზს უსვამს იმას, რომ აზერბაიჯანელი ხალხი გაყოფილია ორ ნაწილად დღევანდელ აზერბაიჯანსა და ირანის ჩრდილო პროვინციას შორის, რომელსაც აზერბაიჯანელები ხშირად სამხრეთ აზერბაიჯანად მოიხსენიებენ. „რატომაც არა?! - აზერბაიჯანელმა დეპუტატმა სიიავუშ ნოვრუზოვმა საინფორმაციო სააგენტო „ტრენდს“ განუცხადა: - ხომ არსებობს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა, ისევე როგორც სამხრეთ და ჩრდილოეთ კვიპროსი, ესე იგი, აზერბაიჯანიც, როგორც გაყოფილი სახელმწიფო უნდა იწოდებოდეს ჩრდილოეთ აზერბაიჯანად“. წარმოგიდგენიათ, როგორ ემზადება აზერბაიჯანის ხელისუფლება ირანთან შესაძლო კონფლიქტისთვის და რა ძვირად უფასებს ამერიკელებს საკუთარ მხარდაჭერას?! ეს ხომ პირდაპირი მესიჯია ამერიკელებისთვის: ჩვენი მხარდაჭერის სანაცვლოდ ვაცხადებთ პრეტენზიას „სამხრეთ აზერბაიჯანის“ მიერთებაზე. აი, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნების მართლაც რომ მისაბაძი ნიმუში, რომელიც კრიტიკას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, ავტოკრატია ამ ქვეყნის ხელისუფალი თუ დემოკრატი.