თორთლაძეს ფრაქცია ჩამოეშალა

თორთლაძეს ფრაქცია ჩამოეშალა

თორთლაძე და მისი ფრაქცია არავის არ გაახსენდებოდა, რომ არა მისი ფრაქციის უკვე ყოფილი წევრის, რომან მარსაგიშვილის ფრაქციის დატოვების და ალასანიას ფრაქციასთან მიკედლების გადაწყვეტილება. 

სხვა საკითხია, ეს გადაწყვეტილება მარსაგიშვილმა მაინცდამაინც ახლა რატომ მიიღო და მაშინ სად იყო, როდეაც ეს ფრაქცია იქმნებოდა, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. ამ შემთხვევაში, მთავარი ის არის, რომ მარსაგიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და თორთლაძეს და ქდმ-ს თავსატეხიც შეუქმნა.   

საქმე ის არის, რომ მისი წასვლით თორთლაძის ფრაქციაც იშლება და უმცირესობაც. 

იმის გამო, რომ ფრაქციაში მინიმუმ ექვსი წევრი უნდა იყოს და თორთლაძის ფრაქცია სწორედ ამდენ წევრს ითვლიდა, მარსაგიშვილის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფრაქცია დაშლის საფრთხის ქვეშ დადგა. ფრაქციის დაშლის შემთხვევაში კი, ფრაქციის წევრი დეპუტატები თანამდებობებს დაკარგავენ. თანამდებობა კი აღნიშნულ ფრაქციაში დეპუტატ პაატა დავითაიას აქვს, რომელიც ფრაქციის კვოტით არის ვიცე-სპიკერი. 

როგორც პარლამენტის საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, მან უკვე მიიღო შეტყობინება მარსაგიშვილის მიერ ფრაქციის დატოვების შესახებ და ვალდებულია, პარლამენტს ეს ინფორმაცია უახლოეს სესიაზე მიაწოდოს. ამიტომაც, თუ უახლოეს პლენარულ სხდომამდე, კერძოდ, სამშაბათამდე გია თორთლაძის ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ დეპუტატს ვერ დაიმატებს და ფრაქცია არსებობას ვერ შეინარჩუნებას, მაშინ ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება. მანვე აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში ფრაქციის ვიცე-სპიკერის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხიც დადგება.

ამ ფრაქციის დაშლის შემთხვევაში, სავარაუდოდ, საფრთხე საპარლამენტო უმცირესობის არსებობასაც ექმნება. საპარლამენტო უმცირესობაში დღეს გაერთიანებულია ორი ფრაქცია - „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ძლიერი საქართველო“. პარლამენტის რეგლამენტში კი ნათქვამია, რომ უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებული პარლამენტართა რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. 

ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ დაშლის შემთხვევაში კი საპარლამენტო უმცირესობაში ერთი ფრაქცია რჩება და არა ფრაქციები, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული.

„ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ, შესაძლოა, მათ თორთლაძეს ერთი დეპუტატი დაუთმონ, რათა ფრაქცია და უმცირესობა არ დაიშალოს. თუმცა, რომელ დეპუტატს დათმობენ, ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

რაც შეეხება მარსაგიშვილის გადაწყვეტილებას, ვეფხვაძის განცხადებით, „ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი გადაწყვეტილება, რადგან მარსაგიშვილი, თავის დროზე, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ იყო წარდგენილი ყაზბეგში მაჟორიტარად და, როგორც ჩანს, ის ახლაც აპირებს კენჭი იყაროს „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით“.

სამაგიეროდ, მარსაგიშვილის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი მისი ყოფილი შეფისთვის, გია თორთლაძისთვის აღმოჩნდა. 

გია თორთლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია გამორიცხა და ივარაუდა, რომ ეს უბრალოდ ჭორი იქნებოდა. თუმცა შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას და რომან მარსაგიშვილს არანაირი პრობლემები არ ჰქონიათ ურთიერთობაში და ყოფილი თანაფრაქციელის პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებით მისთვის არაფერი არ არის ცნობილი. 

გია თორთლაძემ განაცხადა, რომ თუ რომან მარსაგიშვილი მის ფრაქციას მართლაც დატოვებს, ფრაქცია დაიშლება. თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნია დეპუტატმა რომან მარსაგიშვილმა ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად არდადეგების შემდეგ. 

„აქამდე რომან მარსაგიშვილს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია“, - განაცხადა თორთლაძემ. 

თავად რომან მარსაგიშვილი კი თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით ხსნის: „გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ რაც დრო გადიოდა, საპარლამენტო უმცირესობა და ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, მარიონეტი, ამიტომ მე ვალდებული ვარ, ვუერთგულო ჩემს სინდისს, ჩემს ამომრჩეველს და გავემიჯნო საპარლამენტო უმცირესობას და ფრაქცია „ძლიერ საქართველოს“. მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე პარლამენტის ერთადერთ, ჭეშმარიტად ოპოზიციურ ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ და ჩემი წვლილი შევიტანო ქართული ოცნების ახდენაში“, - ნათქვამია რომან მარსაგიშვილის წერილში. 

ამასთან, მარსაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ „ეს გადაწყვეტილება ეხმიანება საქართველოში ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ვითარებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ და მისი თაოსნობით მძლავრი ოპოზიციური ერთობის შექმნამ ქართველ ერს მომავლის იმედი განუმტკიცა, ამიტომ მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისა. თავს ვალდებულად ვთვლი, განვაცხადო - მე ვერ ვიქნები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ვერ ამაღლდნენ პირად და პარტიულ ინტერესებზე. უფრო მეტიც, მათი ბოლოდროინდელი საქმიანობა, განცხადებები, მეტყველებს, რომ მათ მთავარ მოწინააღმდეგედ მიაჩნიათ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ბიძინა ივანიშვილი და სახალხო მოძრაობა „ქართული ოცნება“.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მარსაგიშვილის ამ გადაწყვეტილებას მისი ფრაქციის მიერ ერთი კვირის წინ ჩატარებულ ბრიეფინგს უკავშირებს, სადაც მათ მოუწოდეს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებს, გამიჯვნოდნენ ხელისუფლებას და მათ ფრაქციაში გაწევრიანებულიყვნენ და იმედოვნებს, რომ მარსაგიშვილს სხვა დეპუტატებიც მიბაძავენ.  

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი მის ფრაქციაში მარსაგიშვილის გაწევრიანებას საპარლამენტო უმცირესობის რღვევის შეუქცევადი პროცესის გაგრძელებად აფასებს.