კასპში ყალბი “ქართული ოცნება” შეიქმნა

კასპში ყალბი “ქართული ოცნება” შეიქმნა

Presage.tv-ის ინფორმაციით, რეგიონებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის იგივე დასახელების ორგანიზაციების შექმნა დაიწყო. ასეთი ორგანიზაცია უკვე არსებობს კასპში და, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ალტერნატივის შექმნას ცდილობენ.

„ნაციონალები“ ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ „შანსი არ არის, ეს სიმართლე იყოს“, რადგან მისთვის გაუგებარია, „რაში შეიძლება დასჭირდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვისი ორგანიზაციის სახელის გამოყენება“.

თუმცა, იგი თეორიულად არ გამორიცხავს, რომ მსგავსი რამ მოხდეს, რადგან დღეს ერთი სახელით რამდენიმე ორგანიზაციის შექმნა სრულიად შესაძლებელია.        

„ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო და ვიცი, რომ სამეწარმეო რეესტრთან მიმართებაში არის გარკვეული გაუგებრობები. დღეს ეს შესაძლებლობა არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ფორმალური განმასხვავებელი ნიშნები უნდა არსებობდეს ამ შემთხვევაშიც. ამის გამო, შესაძლოა, რეგისტრაცია არ უნდა ყოვნდებოდეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სხვებს დაასწროს და წინასწარ რაღაც სახელი დაიბევოს და ა.შ. უფრო დეტალური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ეცოდინება. თუ ეს საკითხი დაისმევა საკანონმდებლო დონეზე, იურიდიული კომიტეტი აუცილებლად დაინტერესდება“, - ამბობს პავლე კუბლაშვილი.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ერთი სახელით ორი ოფიციალურად ორი პარტიის ან საზოგადოებრივი მოძრაობის დარეგისტრირების ფაქტი არ არსებობს. მაგრამ, როგორც იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა მოცემული, „ქართული ოცნების“ სახელით ორი სუბიექტია დარეგისტრირებული. ერთია სამოქალაქო მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომელიც 2011 წლის დეკემბერში არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, როგორც სამოქალაქო მოძრაობა. მეორე „ქართული ოცნება“ კი 2010 წლის მაისშია დარეგისტრირიბული, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო.

ცხადია, შპს ოფიცილაურად პარტიულ ან ზოგად პოლიტიკურ საქმიანობას ვერ განახორციელებს და, შესაძლოა, ამ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატიული „ქართული ოცნების“ შექმნასთან საერთოდ არანაირი კავშირი არც კი ჰქონდეს.

როგორც ჩანს, ეს ალტერნატიული „ქართული ოცნება“, რომელიც კასპში უკვე შეიქმნა სრუილად არაკანონიერია. თუმცა, ცხადია, ეს ორგანიზაცია ტყუილად არ შეიქმნებოდა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, გიორგი ცაგარეიშვილი ეჭვობს, რომ, „თუკი ასეთი რამე მართლაც არსებობს, ცხადია, კარგი რამისთვის არ გაკეთდებოდა“.

„მე არ ვიცი, ამით რას შეიძლება მიაღწიონ, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამით მოსახლეობის მოტყუებას შეეცადონ და ამ ორგანიზაციაში გააწევრიანონ ისე, თითქოს „ქართული ოცნება“ იყოს და ვიდრე გაირკვევა, სად არიან, გარკვეული პრობლემები შეიქმნას. მეორეს მხრივ, შესაძლოა, ასეთი ყალბი ორგანიზაციები იმისთვის გამოიყენონ, რომ „ქართული ოცნების“ სახელის დეგრადაციას შეეცადონ, რათა მოსახლეობას ნიჰილიზმის გრძნობა გაუჩინონ. ან კიდევ ისეთი რამე მოიფიქრონ, რასაც ნორმალური ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხელისუფლება ახლა ყველა ღონეს მიმართავს, რომ რომ როგორმე მდგომარეობა შეინარჩუნოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ასეთ რაღაცეებს ადვილად მიხვდება“, - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.