რით დასრულდა ლევან გაჩეჩილაძისა და შალვა რამიშვილის კონფლიქტი

რით დასრულდა ლევან გაჩეჩილაძისა და შალვა რამიშვილის კონფლიქტი


რით დასრულდა ლევან გაჩეჩილაძესა და შალვა რამიშვილს შორის კონფლიქტი, გაურჩიეს თუ არა საქმე ტელეწამყვანს პოლიტიკოსის ძმაკაცებმა და რომელ არხზე გავა შალვა რამიშვილის ახალი გადაცემა?

"სამი თვის წინ, ბ-ნ ლევან გაჩეჩილაძეს ეთერში დავუძახე მისი ბავშვობისდროინდელი ზედმეტსახელი, მთხოვა, ნუღარ მეძახიო. შევპირდი, აღარ ვიზამ-მეთქი, მაგრამ გუშინ კიდევ წამომცდა. დღეს დამირეკა დაძაბულმა და მომთხოვა, ბოდიში მომიხადეო. მოვუხადე. "ჰოდა აწი, აღარ წამოგცდეს, თორემო... და საერთოდ, სადაც გინდა, იქ მოვალო'', - ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრის დეტალები შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაახმაურა, თუმცა შემდეგ არაფერი თქმულა, როგორ დასრულდა ინციდენტი, ან გაბრაზდა თუ არა პოლიტიკოსი ამჯერად იმ მიზეზით, რომ ტელეწამყვანმა მისი მუქარის შესახებ, საზოგადოებას ამცნო. "ვერსია'' ინციდენტის დეტალებზე, ტელეწამყვანსა და "მაესტროს'' სახეს, შალვა რამიშვილს ესაუბრა: 

- ლევან გაჩეჩილაძესთან ახლომეგობრული ურთიერთობა არასოდეს მქონდა, თუმცა არც ცუდი დამოკიდებულება გვქონია ერთმანეთთან. სამი თვის წინ, ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში, მას ბავშვობისდროინდელი ზედმეტსახელი - "გრეჩიხა'' დავუძახე, მან კი დირექტორის პირით შემომითვალა, ზედმეტსახელი აღარ დამიძახოო. ამ ამბიდან სამი თვის შემდეგ, წამომცდა და გადაცემაში ლევანი ისევ "გრეჩიხათი'' მოვიხსენიე, მეორე დღეს უკვე თავად დამირეკა და ბოდიშის მოხდა მთხოვა. ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ მართალი არ ვიყავი, ბოდიში მოვუხადე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ერთმანეთს კარგი სალმით ვიცნობდით და, როგორც გითხარით, გარკვეული ურთიერთობა გვქონდა. სხვა შემთხვევაში, ვალდებულება მის წინაშე, ნამდვილად არ მქონია და არც წესდებაში მიწერია, მას ზედმეტსახელით არ მივმართო. აღმოჩნდა, რომ მისთვის ზედმეტსახელით მიმართვა შეურაცხყოფაა, რადგან, როცა დამირეკა, ზუსტად ასე მითხრა - "გრეჩიხას'' რომ მეძახი, ამით შეურაცხყოფას მაყენებო. 

- კი, მაგრამ, გაუგებარია, რატომ გაუჩნდა აგრესია მხოლოდ თქვენს მიმართ მაშინ, როცა თითქმის მთელი საქართველო "გრეჩიხათი'' იცნობს და მათგან ნახევარი ასე მიმართავს. 
- ეს ჩემი განსახილველი არ არის, თუმცა, ალბათ, არსებობს გარკვეული ფარული მიზეზები, რომელშიც ჩაძიების სურვილი, ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, არ გამახსენდა, რომ გამაფრთხილა და გადაცემაში მეორედ წამომცდა, ეს დანაშაული არ არის. ლევან გაჩეჩილაძემ გამაფრთხილა, "გრეჩიხა'' მეორედ არ წამოგცდეს, თორემო...

- თორემ რაო, რითი დაგემუქრათ?
- "თორემ''-ის იქით არ წასულა, რადგან ავუხსენი, რომ ჩემთან ასე საუბარი არ ღირდა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის სხვა ამპლუაშია და, როგორც ვიცი, ჯერ კიდევ პოლიტიკაშია, გარკვეული გეგმებიც აქვს. საერთოდ, უცნაურია, როცა პოლიტიკოსი, თანაც, პრეზიდენტობის კანდიდატი, მისთვის უჩვეულო მანერაში, დაძაბული ტონით გეუბნება - აღარ თქვა, თორემ... სად ხარ, სადაც გინდა, იქ შეგხვდები და ა.შ. თუ მას ეს სურს, მზად ვარ, პირობა მივცე, რომ ბატონ ლევან გაჩეჩილაძის გარდა, სხვა სახელით აღარ მოვიხსენიებ. საერთოდ, მისი პიროვნების ხსენებას კი ვერ ამიკრძალავს, რადგან საზოგადოებისთვის, ჯერჯერობით, მოქმედი ფიგურაა, მაგრამ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე არასოდეს გამოჩნდება, დამატებით შევპირდები - ლევან გაჩეჩილაძის სახელსაც და გვარსაც აღარასოდეს ვახსენებ. მარტივია, მისი შინაგანი სამყარო და არც მისი წიაღსვლები არ მაინტერესებს, ლევან გაჩეჩილაძე მხოლოდ პოლიტიკური სვლებითაა ჩვენთვის საინტერესო.

- ინციდენტი როგორ ამოიწურა, როცა გითხრათ - სადაც გინდა, იქ მოვალო, ამის შემდეგ თუ დაგირეკათ ან შეგხვდათ?
- არა, არ დაურეკავს, რადგან კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადე. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს.

- და ფაქტის გახმაურებისთვის, თუნდაც "ფეისბუქზე'' თქვენი საუბრის დეტალების გავრცელებისთვის არ გაბრაზებულა? ითქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძის მეგობრები დაგიკავშირდნენ... 
- კი, მისმა ნაცნობებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი ნამდვილად გამოთქვეს, თუმცა ეს მხოლოდ კომენტარებით შემოიფარგლებოდა. თუ იმ ინფორმაციას გულისხმობთ, რაც "პრესა.გემ'' გაავრცელა, გეტყვით, რომ ეს ადამიანები საოცრებებს აკეთებენ. ჩემთვის გასაგებია, როცა ჟურნალისტი რეალურ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციით აშუქებს, მაგრამ მიუღებელია ინფორმაციის შეთხზვა. თავიდან ბოლომდე, მოგონილი ინფორმაციაა, თითქოს ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრის გახმაურების შემდეგ, ვინმემ საქმე გამირჩია. ან საერთოდ, რას ნიშნავს, რატომ გავახმაურე, უკაცრავად, მაგრამ ქუჩაში ვართ? ლევან გაჩეჩილაძე, არც მე და არც სხვა ვინმეს, ქუჩის წესებით არ უნდა ესაუბრებოდეს! მოდი ისიც ვთქვათ, რომ გაჩეჩილაძე ქუჩის წესებით მცხოვრები კაცი არ არის. 

- ისიც ითქვა, რომ თქვენსა და გაჩეჩილაძეს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი ბიძინა ივანიშვილი გახდა. თქვენც ამ აზრზე ხართ?
- ვერ გეტყვით, მაგრამ მაინტერესებს, რა ამპლუაში უნდა წასულიყო ლევან გაჩეჩილაძე ბიძინა ივანიშვილთან, ის გადაცემას ვერ გააკეთებდა, ხომ ასეა? ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკოსის სტატუსით არ მივსულვარ და ლევან გაჩეჩილაძესაც უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილის კოალიციაში რომელი პოლიტიკოსი შევა ან რომელი პარტია გაერთიანდება, მე არ ვწყვეტ. ეს არის და ეს, დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ინციდენტი ამოწურულია. ლევან გაჩეჩილაძეს "გრეჩიხას'' აღარ დავუძახებ და თუ ის, როგორც პოლიტიკოსი, საზოგადოებისთვის საინტერესო ფიგურა იქნება, მხოლოდ ბატონ ლევან გაჩეჩილაძეთი მივმართავ. 

- ახალ გადაცემას რომ აკეთებთ, თავად გაახმაურეთ, საინტერესოა, რა ეტაპზე ხართ და რა შინაარსის იქნება?
- დიახ, ახალი იდეა მაქვს, რომლის განხორციელებაც ძალიან მინდა. ალბათ, ნაკლებად იუმორისტული, უფრო სატირული გადაცემა იქნება. ყველაფერი თითქმის მოფიქრებული მაქვს, უბრალოდ, წინასწარ ფორმატის გამხელა არ მინდა. ჯერჯერობით, ვერც იმას გეტყვით, რომელ ტელევიზიაზე გავა. შეიძლება "იგრიკაზე'' ან "მაესტროზე'' გავიდეს.

- ისე, იმდენ სატირულ-იუმორისტულ პროექტს აკეთებთ, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ "202''-ის ფორმატს უბრუნდებით...
- თუ "ბანანის რესპუბლიკას'' გულისხმობთ, ეს სატირულ-ანიმაციური პროექტია. "აკრედიტაციის გარეშე'' კი, იუმორისტული გადაცემა ნამდვილად არ არის ისევე, როგორც ჩემი მორიგი პროექტი არ იქნება მხოლოდ იუმორით გაჯერებული.

- და "ბანანის რესპუბლიკამ'' რამდენად გაამართლა? უნდა ვაღიაროთ, რომ ეთერში გასული რამდენიმე სერიის შემდეგ, საზოგადოების ნაწილს ნეგატიური შეფასება ჰქონდა. რატომ ვერ გამოიწვია ამ პროექტმა ისეთი აჟიოტაჟი, როგორც თავის დროზე, "დარდუბალამ''? 
- თავდაპირველად, ნამდვილად გვქონდა პრობლემები იმ კუთხით, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ "დარდუბალას'' შთაბეჭდილების ქვეშ იყო. ეს პრობლემა, ამ ეტაპზე, გადალახულია. თუ ბოლო სერიის გამოხმაურებას გადახედავთ, როგორც "ფეისბუქზე'', ასევე ფორუმზე, შეამჩნევთ, რომ პოსტების განწყობა რადიკალურად შეიცვალა. არც სოციალური ქსელია რელევანტური შეფასების კრიტერიუმი. "ბანანის რესპუბლიკა'', რა თქმა უნდა, არ არის ის, რაც "დარდუბალა'', რადგან იგი კონკრეტული ვითარებისთვის მისადაგებული პროექტი იყო. შეგახსენებთ, რომ მასში "რადიო 105''-ის ცნობილი პერსონაჟების ვიზუალიზაციაც მოხდა. "ბანანის რესპუბლიკას'' კი, სწორედ იმიტომ გაუჭირდა, რომ საზოგადოებამ მისი წარსულთან მისადაგება დაიწყო. ვაღიარებთ, "დაქოქვა'' გაგვიჭირდა, მაგრამ ეს ბარიერი გავიარეთ და პროექტმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.

- პროექტის დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილი, რამდენად კმაყოფილია? 
- ბიძინა ივანიშვილს "ბანანის რესპუბლიკაც'' მოსწონს. მთავარია, ის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა. 

- შალვა, "მაესტროს'' და, შესაბამისად, თქვენს გადაცემებს, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% გასაგები მიზეზების გამო ვერ უყურებს. არადა, გვპირდებოდნენ, რომ ტელეკომპანია მალე სატელიტზე მაუწყებლობას აღადგენდა... 
- "მაესტრო'' ძალიან მალე აღადგენს სატელიტზე მაუწყებლობას. ტელეკომპანიის ხელმძღვანელები, როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. 

- ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიამ ეროსი კიწმარიშვილთან მოლაპარაკებებსაც მიაღწია? 
- საერთოდ, საჭირო იყო თუ არა, ეროსი კიწმარიშვილთან პრობლემის მოგვარება, არ ვიცი. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, სატელიტურ კომპანიასთან ხელშეკრულება "მაესტრომ'' გააფორმა და არა მართვის კომპანიამ. შესაბამისად, როგორც კი დამონტაჟდება აპარატურა, რომლითაც თანამგზავრს სიგნალი უნდა მიეწოდოს, საქართველოს რეგიონებშიც "მაესტროს'' ყურება შესაძლებელი გახდება.