ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების თარიღი კორტებთან მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციით აღინიშნა

ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების თარიღი კორტებთან მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციით აღინიშნა

ექვსი წლის წინ შს სამინისტროს სპეცოპერაციის დროს კორტებთან დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების თარიღი - 9 თებერვალი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციით აღინიშნა, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების გარდა, ცნობილი სახეები, შვილმკვდარი დედები მონაწილეობდნენ. ასეულობით ადამიანის გამოჩენას ჩაბნელებული მანქანებიდან თვალყურს ადევნებდნენ პოლიციელები. აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო სამანქანო გზის ნაწილი ცალმხრივად გადაიკეტა. აქციაზე წარმოდგენილი იყო პლაკატები, წარწერით „დაისაჯონ მკვლელები“, მიწაზე კი სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების - ცააძის და სხვათა ფოტოები იყო მიმობნეული. 

აქ იყვნენ დიმა ჯაიანი, გია ბურჯანაძე, გოგა ხაინდრავა, ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები, თუმცა მოულოდნელი იყო „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. საზოგადოება ბიზნესმენს ოვაციებით შეეგება და ისიც თავს უკრავდა დამხვდურებს. ისმოდა შეძახილები: „გაუმარჯოს ბიძინას“, „თქვენს მობრძანებას გაუმარჯოს“...

ბიზნესმენმა იური ვაზაგაშვილს შვილის დაღუპვის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და იგი სააკაშვილის ძალადობრივი პოლიტიკის მსხვერპლად მოიხსენია. მანვე გაიხსენა ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი და შენიშნა, რომ ზურა ვაზაგაშვილი იყო ბოლო წვეთი, რომელმაც კარგად აჩვენა სააკაშვილის ძალადობრივი პოლიტიკის სახე.

„ამ მკვლელობის შემდეგ, მე მგონი, სააკაშვილის სურვილიც ეს იყო გაეფორმებინა და ეჩვენებინა ხალხისთვის, რა პოლიტიკაც ჰქონდა მას და ჩვენც ეს კარგად დავინახეთ. დღეს მთელი საქართველო გითანაგრძობთ, ბატონო იური, მთელი საქართველო თქვენთანაა, რამდენადაც მთელი საქართველო განიცდის ამ წნეხს, განიცდის ამ პოლიტიკის შედეგს“.

აქვე ბიძინა ივანიშვილმა მიმართა სააკაშვილს და გუშინდელის მსგავსად, კვლავაც შეახსენა, რომ მის პოლიტიკას გზა არ აქვს, რომ ის ვერ მიაღწევს, მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს. ამიტომაც სააკაშვილს ამ ტრაგიკული ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა.

„და, თუ ამას ვერ გააკეთებს და ვერ შეძლებს დღეს სააკაშვილი, აუცილებლად გავაკეთებთ ამას ჩვენ, აუცილებლად აღვადგენთ საქართველოში სამართლიანობას. ყოველი დღე, ყოველი წუთი ბატონი იურისთვის არის განცდის და მოლოდინის წუთი. კიდევ ერთხელ მივმართავ სააკაშვილს, მას შეუძლია დაიწყოს ეს ხვალიდანვე, მე დიდი განცდა და ეიფორია არ მაქვს, რომ ის ამას შეძლებს, მაგრამ მაინც მინდა, ვისარგებლო და მოვუწოდო, მას დარჩა ძალიან ცოტა დრო და მისთვისაა უკეთესი და შეღავათი იქნება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რაც შეიძლება, სწრაფად დაიწყოს გამოძიება. რასაც ვერ მოახერხებთ თქვენ დღეს და ხვალ, ჩვემ მოვახერხებთ გვიან, მაგრამ თქვენ დაისჯებით უფრო მკაცრად. ყველაფერს თავის დრო ექნება!“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, საზოგადოებას მოუწოდა, კონკრეტული დანაშაულის გამო ყველა პოლიციელის მიმართ ანტაგონისტურად არ განეწყონ. მისი თქმით, ბევრი კარგი პოლიციელი გვყავს და მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი, სულ რაღაც, 50 თანამშრომელი ასრულებს ნებისმიერ უკანონო ბრძანებას.

„ზეწოლას განიცდის ჩვენი თითოეული მოქალაქე. როდესაც მოვდიოდი, რამდენიმე პოლიციელს მივესალმე და მხოლოდ ღიმილი... მათ თვალებშიც ამოვიკითხე, რომ მათაც აქვთ მსგავსი განცდა, არ მინდა, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ ყველა პოლიციელია დამნაშავე ამ პროცესებში, რაც საქართველოში ხორციელდება... ერთადერთი კაცი, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მისი პოლიტიკა, ძალადობის პოლიტიკა. ამას უსრულებს მას რამდენიმე შემსრულებელი და ეს არ გავრცელდეს მთლიანად ჩვენს პოლიციაზე“, - აცხადებს ივანიშვილი.

Presage.tv აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლის“ დამფუძნებლის იური ვაზაგაშვილის თქმით, ყველა მშობელს უხარია შვილის დაბადების დღე, თუმცა მის შემთხვევაში, პირიქითაა, და შვილის დაბადების დღე (რომელიც დღეს 28 წლის უნდა გამხდარიყო) ტრაგიკულ დღედ ექცა.

„დღეს 9 თებერვალია, ჩემი შვილის, ზურას დაბადების დღე, ჩვენთვის ტრაგიკული დღე. ჩვენ ექვსი წლის განმავლობაში ვაპროტესტებთ უსამართლობას, ვერ მივაღწიეთ სამართალს, ყველა მკვლელის გვარი და სახელი ზეპირად ვიცით, ვიცით, რა და როგორ მოხდა, უამრავი მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა, პოლიტიკური ნება არ არის, საქართველოში მართლმსაჯულება არის მიშას ჯიბეში. ამიტომაცაა, რომ, აგერ, მკვლელების გვარ-სახელებია ამ ფოტოებზე. ეს სამარცხვინოა, იუსტიციის მინისტრი რომ ასეთ მდგომარეობაში იქნება, - ადეიშვილი, გიორგი ცააძე, ირაკლი ფირცხალავა, ირაკლი ქადაგიძე სულ მკვლელები არიან. მიშას სურათზე და სხვა მკვლელების სურათებზე დადიან ადამიანები, ეს განა სიამაყეა?! მე არ მეამაყება, მაგრამ ეს არის ქვეყნის სირცხვილი, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს“, - გვითხრა იური ვაზაგაშვილმა.

ხოლო, როცა დავინტერესდით, რას ნიშნავდა მისთვის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა აქციაზე, გვიპასუხა: „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეც უნდა ყოფილიყო, რომ სადაც მისი ხალხია, სადაც ძალადობა და ასეთი ტრაგიკული დღე იყო, უნდა მობრძანებულიყო. დიდ მადლობას ვეუბნები, მაგრამ ვთვლი, რომ ასეც უნდა მომხდარიყო. 2007 წელს წავიდა სტრასბურგში საქმე, ველოდებით, ალბათ, იქიდან იქნება კიდევ დამატებითი მტკიცებულების მოთხოვნა, შესწავლა დაიწყეს, მაგრამ ჩემთვის ტრაგიკულია, რომ ქვეყანაში ვერ მივაღწიეთ სამართალს და ქვეყნის გარეთ უკვე მეხუთე წელია, ველოდები სამართალს, იქაც რიგებია და ყველაზე მეტი საჩივარი საქართველოდანაა“, - აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა.

მანვე მადლიერება გამოხატა ხალხის მიმართ მისი ჭირისუფლობისთვის და აღნიშნა, რომ ასეთ ამინდში თუ ამდენი ხალხი მოვიდოდა, წარმოუდგენელი იყო. თუმცა ასეთი პროტესტით მოახერხა საზოგადოებამ, ქუჩაში ბავშვების დახვრეტები შეეჩერებინა.

„ისტორიულად რომ გადავხედოთ, არცერთი გარე მტერი არ გვყავდა ისეთი საშინელი და მოღალატე, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დააშავა 2003 წლიდან. იმხელა ბოროტები, არაკაცები, არაადამიანები არიან, მისი მემორიალური დაფაც კი დაატყვევეს, ამ „ზაბორს“ იქით არის დატყვევებული და მთელი ერთი კვირა ამაზე ვიბრძოლეთ“.

 „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მომავალ წელს ზურაბ ვაზაგაშვილის დაღუპვის საზარელი საქმე გახსნილი იქნება.

„ეს არის ბოლო წელი, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით ისე, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე რეალური გამოძიება დაწყებული არ არის. სტრასბურგის სასამართლოში გირგვიანის საქმე იყო, რასაც ისინი უწოდებდნენ პილოტურ საქმეს, ანუ წამყვან საქმეს სიცოცხლის უფლების ამგვარი დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით და შემიძლია, ვივარაუდო, რომ ძალიან მალე ვაზაგაშვილის, გამცემლიძისა და სხვათა მკვლელობის საქმეზეც გამოძიება დაიწყება“, - გვითხრა თეა წულუკიანმა.

უფლებადამცველ დავით ფაცაციას აზრით, საზოგადოება კონსოლიდირებულია. დღესაც კორტებთან ჩვენი მოქალაქეების იმ ძირითადმა ბირთვმა მოიყარა თავი, რომელიც მებრძოლი და შეუპოვარია.

„თითქმის ყველა ღირსეული პოლიტიკური ორგანიზაციის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აქ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინას აქ მოსვლა და ის ტექსტი, რაც მან განაცხადა, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება და კანონის წინაშე აგებს პასუხს. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ეს საქმე გამოძიებულ იქნება. მან ამის პირობა დადო, მას ეს არაერთხელ უთქვამს და არა მარტო ვაზაგაშვილის საქმესთან, არამედ სხვა დიდ საქმეებთან, იმავე სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის საქმეებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს დავით ფაცაცია და დარწმუნებულია, რომ ყველა იმ ახალგაზრდის საქმე, რომელიც დანაშაულებრივად იქნა დახვრეტილი და არასათანადო და შეუსაბამო პასუხისმგებლობა მიეცა, გამოუძიებელი არ დარჩება. ხოლო ნებისმიერი საქმე, რომელიც ამ ხელისუფლების მიერ არამართლზომიერად განხორციელდა, სათანადოდ ხელმეორედ უნდა იქნას გამოძიებული.

უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის კორტებთან გამოჩენამ ყველა გაახარა, რაც მარტო უბრალო მოსვლა კი არ ყოფილა, არამედ გახლდათ პოზიციის დაფიქსირება იმ ძალადობაზე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„თუ აქამდე შეკითხვები ჩნდებოდა, თუ რას აპირებს მომავალი ხელისუფლება იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ხდებოდა, უკვე ყველაფერს პასუხი გაეცა. თავადვე თქვა ბატონმა ბიძინამ, რომ ყველა მკვლელი აუცილებლად დაისჯება და პასუხს აგებს. მეტიც, პრაქტიკულად, დრო მისცა ამ ხელისუფლებას, იქნებ, თვითონ დასაჯონ მკვლელები, თორემ, მერე არანაკლებად აგებენ პასუხს და შეიძლება, უფრო მკაცრადაც. ზოგადად, ყველა აგებს პასუხს, ზუსტად ვიცი, რომ სანდრო გირგვლიანის ვერცერთი მკვლელი ბედნიერი ვერ იქნება, ყველა მათგანს აგებინებს პასუხს ან ამქვეყნად სამართლიანი სასამართლო, ან აუცილებლად ღმერთი იყურება ზევიდან და ბევრმა უკვე აგო პასუხი, ბევრის ოჯახების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ეს მე ვიცი და არ მიხარია“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გარემოს დაცვის ჯგუფის კოორდინატორი ლაშა ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ექვსი წლის წინ კორტებთან  სახელისუფლო ლინჩის წესი განხორციელდა და საჯაროდ, წინასწარ განზრახული მკვლელობით დაიხვრიტნენ ზურა ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.

„ეს იყო ჩასაფრება, რაც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებით. დადასტურდა ისიც, რომ არანაირი იარაღი მათ მანქანაში არ ყოფილა, ისევე, როგორც ბიჭების მხრიდან სროლა ვერ მოხდებოდა, რადგან შუშა მთლიანი იყო, მაგრამ ადამიანები ჯერ დახოცეს და შემდეგ მათვე დააბრალეს წინააღმდეგობის გაწევა და ამის გამო, თითქოსდა, მკვლელობა. ხელისუფლებამ ისინი, სულ მცირე, იმისთვის მოკლა, რომ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოეხდინა და სხვები დაეშინებინა“, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

ამასთან, ლაშა ჩხარტიშვილი იხსენებს, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ კიდევ ახალი ჩადენილი იყო გირგვლიანის მკვლელობა და ზუსტად იმ დღეს თანასწორობის ინსტიტუტის სახელით, რუსთაველის გამზირზე გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად აქცია იმართებოდა.

„იმ აქციაზე ას კაცზე ნაკლები რომ მოვიდა, ამის ბრალიცაა, რომ აქ ეს ადამიანები დახოცეს. საზოგადოებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, ეს არის მათი უსიტყვო თანამონაწილეობა შიშის, სიზარმაცის და სხვა რამის გამო, რადგან ამის შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპა. იმავე იურა ვაზაგაშვილის, ირინა ენუქიძის, რობაქიძეების და ამ ოჯახების დამსახურებით, მოხერხდა, რომ ქუჩებში მკვლელობა, პრაქტიკულად, აღარ ხდება, თუმცა ციხეებში დღესაც კლავენ. სანამ ყველა მკვლელი ციხეში არ იქნება, დაწყებული ტყვიის მსროლელიდან, დამთავრებული ოპერაციის ორგანიზატორებიდან და ამ მკვლელების მფარველებიდან - სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის ჩათვლით, სანუგეშო არაფერი იქნება. აქ შემსრულებლები და ოპერაციის ხელმძღვანელები იყვნენ ბაღათურია, ფირცხალავა. გარდა ამისა, გვახსოვს 2003 წელი, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მკვლელები არ დასჯილან, იგივე რურუა, რომელიც კულტურის სამინისტროს კაბინეტში ზის, იმავე „მხედრიონის“ პერიოდში მის სინდისზე ბევრი ადამიანის სიცოცხლეა,“ - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თვმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ გამოძიება თუ ჩატარდება, მაშინ უნდა დაისაჯოს ქვეყნის ხელისუფლების ხერხემალი - შსს სამინისტრო, მისი მაღალჩინოსნები.

„ბუნებრივია, ამიტომაც არ ხდება გამოძიება. სანამ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არ იქნება და ხელისუფლება კანონს არ გამოიყენებს ხალხის დასაცავად და არა - მის წინააღმდეგ, მანამდე არაფერი შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოძიება არ დაიწყება, მაგრამ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ ასეთი საქმეები არ გაიხსნება, აბა, სხვა რა უნდა გაკეთდეს?!“ - კითხულობს ნანა კაკაბაძე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის თქმით, მკვლელობის შემკვეთი არის ყველა მაღალჩინოსანი, რომლებიც კურირებდნენ ამ საქმეს და ამიტომაც არ უნდათ, სამართლიანი გამოძიება ჩატარდეს.

„ყველამ ვიცით, ვინც არიან მკვლელები, ვინც ჩასაფრებული იყო და ცეცხლი გახსნა უდანაშაულო ადამიანებთან მიმართებით. ამიტომ, სანამ ეს რეჟიმი იქნება, ეს მკვლელობა არ გაიხსნება და ამ რეჟიმის საბრალდებო დასკვნა იქნება ზურაბ ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობა. გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ, თუ ადამიანს უნდა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება, ის აქ უნდა მოსულიყო და მე გამიხარდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ მოვიდა,“ - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დანაშაული ჩაიდინა სისტემამ.    ხალხის განწყობა კი არა მარტო ნეგატიურია, არამედ ამგვარი მკვლელობების თარიღის აღნიშვნას პრევენციული ხასიათი აქვს, რათა ხელისუფლებამ მეტი ვეღარ გაბედოს, შეიკრას ხელ-ფეხი და დაელოდოს იმ დღეს, როცა ყველას მოუწევს პასუხისგება ამ საკითხზე.

„ხალხს მოთხოვნილება აქვს სამართლიანობაზე, ეს უპირველესი ადამიანური მოთხოვნილებაა. საქართველოში ყველგან ასეთი განწყობაა. ის, რომ არაადამიანურად განადგურებული ადამიანები თბილისელები იყვნენ, არ ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ქუთაისელისთვის ეს შვებაა, რადგან ეს შეიძლება ნებისმიერ ქალაქს და მცხოვრებს დაატყდეს. ცუდი ამინდია და ისეთი სეზონია, შეიძლება, აქ ბევრი ხალხი ვერ მოვიდა, რაც არ ეკადრებოდა ასეთ შემთხვევას, მაგრამ, ვინც მოვიდა, ეს იმ  ხალხის მაჯისცემაცაა, ვინც აქ მოსვლა ვერ მოახერხა,“ - აცხადებს თამაზ დიასამიძე.