ხონელი „ნაციონალების“ ხრიკები

ხონელი „ნაციონალების“ ხრიკები

რამდენიმე დღის წინ presage.tv-მ ხონში ნაციონალების მიერ საჯარო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის ფულის “შეწერვის” ფაქტზე გამოაქვეყნა სტატიები. იგივე თემაზე სტატია გამოქვეყნდა 8 თებერვლის “რეზონანსში”presage.tv -ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხელისუფლებამ კი ამ ყველაფერს იმით უპასუხა, რომ ხონში გუშინ ჩატანილი ყველა “რეზონანსი” გამგეობამ შეიძინა და მოსახლეობას გამოქვეყნებული სტატიის გაცნობის საშუალება არ მისცა. 

შეგახსენებთ, რომ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ ხონში “ნაციონალების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, რამდენიმე თავისი ხელქვეითის მეშვეობით, როგორ იღებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს და შემდეგ ეს თანხა როგორ ნაწილდება “პარტიული საქმიანობისთვის”.

ჩვენ წინა სტატიაში გამოქვეყნებული გვქონდა ლევან ბობოხიძის მიერ 2008 წელს ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც იგი ამ ფაქტს არამხოლოდ ადასტურებს, არამედ იმასაც ამბობს, რომ ვინც ამ ფულს არ გადაიხდის, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. რაც მთავარია, იგი ამაში ვერც კანონდარღვევას ხედავს და უკვირს, ადამიანი სამსახურს რომ იშოვის, ხელფასის ნაწილის გადახდაზე უარი როგორ უნდა თქვას.

იმის გამო, რომ ამ ინტერვიუმ მკითხველების განსაკუთრეუბლი ინტერესი გამოიწვია, ამ ნაწილს ისევ გთავაზობთ, მით უმეტეს, რომ ადამიანებს ამ სტატიის ბეჭდური ვერსიის გაცნობის საშუალებას არ აძლევენ (როგორც წინა ნომერში, სტილი აქაც დაცულია).

„ჟურნალისტი: ერთი საკითხიც, საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფოსტრუქტურაში დასაქმებულთა კატეგორიას პარტიის ინტერესითგარკვეული თანხა ეჭრება ხელფასზე. თუმცა გაცილებით ცოტამ თუიცის, რომ ამ თანხიდან დახმარებებიც ხორციელდება. ვფიქრობ,საჭიროა მეტი ისაუბროთ ამ საკითხზე.

- პარტია არის ერთი გუნდი, - საძმო, სამეგობრო დავარქვათ.ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან დღეს და პარტიისსაწევროში დებენ გარკვეულ თანხას, არიან ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის წევრები; შეიძლება მანდატი არ უდევთ ჯიბეში, მაგრამჩვენს გვერდით მდგომი ხალხია და ეს თანხის დადება თავად ამხალხს არ აწუხებს.

დაგეთანხმებით, ღიად პრეტენზიას არავინ გამოთქვამს.

- ელემენტარული რამაა, შემცირების ფონზე, სამსახურშიდარჩენილ ადამიანს უღირს იმ რაღაც თანხის გადახდა. თუ სად მიდის ეს ფული, რომელიც ჩემი ფულია, რადგან საკუთარი ხელფასიდანაც არის მასში წილი, დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს, რეგულარულად ვეხმარებით ხუთშვილიან ოჯახებს, ასევე - ხელმოკლე ოჯახებს. ყველას ვერ დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია შემცირებაში მოყოლილ ჩვენს თანაგუნდელებზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ. ამ კარგ საქმეს სწორედ ჩვენს მიერ დადებული ოც-ოცი და ათ-ათი ლარით ვაკეთებთ. ეს, პარტიის ბიუჯეტი კი არა, ჩვენი ბიუჯეტია, რომელიც ნდობის ფაქტორზეა დამყარებული და ჩვენს შორის გამჭვირვალეა. თანხის დადება ხდება ჩვენივე სურვილიდან გამომდინარე, - ნებაყოფლობითია. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თუ შემცირების საკითხი დადგება, ეს პირველ რიგში შეეხება სწორედ მას, ვინც ამ საერთო საქმეში გვერდით არ გვედგა. ამიტომ, შეიძლება მთლად ნებაყოფლობითი არც იყოს. ეს კარგი, ჯანსაღი ულტიმატუმია.

დამეთანხმებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პარტიულობა. გაჩნდა აზრი, რომ ხონში და ზოგადად ქვეყანაში სამსახურეობრივი, თანამდებობრივი წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ ნაციონალი იყო.

- მსოფლიო მაშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში. სხვაგვარად არ შეიძლება. ადამიანები მმართველობით სტრუქტურაში კარიერას პირველ რიგში აკეთებენ პარტიით და არა დავუშვათ, ნიჭითა და შესაძლებლობით. შემცირებები ხდება, როგორც გითხარით და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შემცირების დროს გვერდი აევლება იმას, ვისაც პარტიის წინაშე აქვს დამსახურება. რეალურად დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა, იძულებული ვხდები ვიმოქმედო ისე, როგორც ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარე იმოქმედებდა. ჩემს ადგილზე სხვა როგორ მოიქცეოდა?! ყურადღება ექცევა ნაციონალური პარტიის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ჩვენ მოგვიყვანა ხელისუფლებაში“.

ცხადია, მისი ეს ნათქვამი საკმაოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ მასალის გამოქვეყნებისთანავე “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგნელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პროკურატურას და კონტროლის პალატას მიმართა, ამ საკითხით დაინტერესებულიყვნენ.

საინტერესო კი ის არის, რომ ნაციონალები კომენტარს არც ამ მასალის გამქვეყნების შემდეგ აკეთებენ. ჩვენ კომენტარი ისევ ვთხოვეთ ნაციონალების გენმდივანს, ზურაბ მელიქიშვილს და მან მხოლოდ ის განგვიცხადა, რომ საერთოდ არ იცის, რაზე ვსაუბრობთ.

მაგრამ, როგორც ჩანს, “ნაციონალები” ამ საკითხით საკმაოდ შეშფოთდნენ. ყოველ შემთხვევაში, “ნაციონალების” ხონის ადგილობრივმა ორგანიზაციამ და გამგეობამ იზრუნა იმაზე, რომ ეს მასალა მოსახლეობამდე ვერ მისულიყო.

როგორც ჩვენთან საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ხონის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ამირან შუბითიძემ განაცხადა, ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ „რეზონანსის“ ამ ნომერს და ვერსად ვერ იპოვეს, რადგან ყველა ეს ნომერი დილითვე გამგეობის წარმომადგენლებმა შეიძინეს.

სხვათა შორის, როგორც ამირან შუბითიძე ამბობს, დიდი შფოთი ყოფილა მაშინ, როდესაც ამ თემაზე სტატია presage.tv-მ დაბეჭდა. როგორც ჩანს, ადგილობრივ ნაციონალებს ეგონათ, რომ ეს თემა გაზეთებშიც იქნებოდა გაშუქებული.