სავალუტო ომი

სავალუტო ომი

გასული კვირის ბოლოს ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა გვიდო მანტეგამ განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიო ეკომონიკა „სავალუტო ომის“ მდგომარეობაში იმყოფება. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიამ საკუთარი ვალუტის დასუსტების მიზნით ბაზარზე რეალების დამატებითი პარტია გაისროლა. ამგვარი მეთოდისათვის მიმართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რეალის კურსმა დოლართან მიმართებაში 10 წლიან მაქსიმუმს მიაღწია, ეს კი ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა. მანტეგას თქმით, ბრაზილიას კიდევ აქვს საიმისო „არსენალი“, რომ ადგილობრივი ვალუტის კურსი დაწიოს.

 

ბრაზილიელი მინისტრის გამონათქვამი მართლაც აქტუალურია, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა საკუთარი ვალუტის კურსის შემცირებას ცდილობს, რომ თავისი მწარმოებლებისათვის უპირატესობა მოიპოვოს. ამ ერთგვარი რბოლის შედეგი კი შეიძლება მეტად სავალალო იყოს, მათ შორის, ინფლაციის გაბატონება და სუვერენული დეფოლტიც კი.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მეწარმეებს და ექსპორტიორებს საკუთარი ვალუტის დაბალი კურსი აწყობთ. ეს კი, თავის მხრივ დადებითად მოქმედებს შრომის ბაზარზე. როგორც ცნობილია, მრეწველობის სტაგნაცია და უმუშევრობა საყოველთაო პრობლემაა. ასე რომ, „სავალუტო ომი“ ტყუილად როდი მიმდინარეობს და საერთოდ, იგი ახალი დაწყებულიც არ არის.

 

ამგვარი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამტარებელი ჩინეთია, რომელიც თავისი იუანის კურსს დაბლა ბოლო 20 წელია სწევს. ამან ჩინეთს საშუალება მისცა მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გამხდარიყო და ეკონომიკა აეყვავებინა. ინდოეთმა კი, რომელიც შედარებით დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს, ნაკლებ წარმატებებს მიაღწია.

 

საკუთარ ექსპორტიორებზე არანაკლებად არის დამოკიდებული იაპონია და იენის დაბალი კურსიც ამ ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ, იუანისაგან განსხვავებით იენა თავისუფლად კონვერტირებადია და მისი კურსის ხელოვნურად ცვლა არ ხდება. ჰოდა, იაპონიას სერიოზული პრობლემები აქვს.

 

გვარიანად რთული ვითარებაა ევროპაშიც. ერთი მხრივ, ბევრი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სუსტი ევროთია დაინტერესებული, რაც მათი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. სხვათა შორის, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ 2008 წლის კრიზისი ევროპას ნაკლებად დააზარალებდა, ევროს კურსი რომ მაქსიმუმამდე არ ყოფილიყო ასული.

 

მეორე მხრივ, არსებობს ისეთი ქვეყნები, რომლებიც არ არიან მნიშვნელოვანი მწარმოებლები და ექსპორტიორები. მათთვის ევროს გაუფასურება არანაირი ხეირის მომტანი არ არის. მეტიც, ამგვარ ქვეყნებს, როგორც წესი, დიდი ვალები აქვთ და ევროს კურსის ვარდნა დავალიანებების რეფინანსირების საშუალებას ამცირებს. ამიტომაც არის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ვერანაირ ნაბიჯებს ვერ დგამს და სხვების მოქმედების მოლოდინშია.

 

სიტუაცია აშშ-სთვისაც ორაზროვანია. ერთი მხრივ, დოლარის სისუსტე აშშ-ს ეკონომიკას ხელს უწყობს, მაგრამ ქვეყანას უკვე კარგა ხანია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. იაფი დოლარი კი იმპორტს გააძვირებს, რასაც მოხმარების შემცირება მოჰყვება. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს. მაგრამ, ისიც ცალსახაა, რამ შეერთებულ შტატებს ძლიერი დოლარი არ სჭირდება.

 

ბრაზილიის მსგავსად იქცევა ბევრი განვითარებადი ქვეყანა და „სავალუტო ომი“ თანდათანობით სულ უფრო იძაბება. ძნელი სათქმელია, ვინ დარჩება მოგებული. სავარაუდოდ, ხეირს მსხვილი ექსპორტიორები ნახავენ, თუ ინფლაციას გადაურჩნენ. წაგებული კი რომ ევროკავშირი იქნება, ამაზე ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება.