ხელისუფლება არასამთავრობოებს მიადგა

ხელისუფლება არასამთავრობოებს მიადგა

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პოლიტიკურ პარტიებს მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა და დაფინანსება გაუმკაცრა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს აკრძალვები და შეზღუდვები არასამთავრობო სექტორზეც გავრცელდებოდა. თუმცა, მაშინ ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს აკრძალვები არასამთავრობო სექტორს არ შეეხებოდა, მაგრამ - სულ ტყუილად.

კონტროლის პალატა არასამთავრობო სექტორის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებას იწყებს, რასაც ექსპერტები არაკანონიერს უწოდებენ და ხელისუფლებას პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დეკლარაციების შემოწმების შესახებ განცხადება კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ 7 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაბამისი მიმართვა აღნიშნულ ორგანიზაციებს უკვე გაეგზავნათ.

ეს ორგანიზაციებია „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“.

მოგელაძის განმარტებით, კონტროლის პალატა ამას იმ კანონის საფუძველზე ითხოვს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მიიღო და მთელ რიგ აკრძალვებს და შეზღუდვებს აწესებს პოლიტიკური პარტიებისთვის. ასევე იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან პიდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი.

ამ კანონის მიღებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ პრინციპებით მუშაობას ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვეღარ შეძლებს, რადგან მათზეც გავრცელდება ის აკრძალვები, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესდა. მაგალითად, ვერ შეძლებენ დაფინანსების აღებას უცხო ქვეყნის მოქალაქისგან და ა.შ.

ამ პროტესტის შემდეგ კი ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტეტები, რომ ეს პრინციპები არასამთავრობო სექტორზე არ გავრცელდებოდა.

მაგრამ 8 თებერვალს მოგელაძემ რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პარტია ვალდებულია, მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარუდგინოს კონტროლის პალატას.

მოგელაძის განმარტებით, ამ ორ ორგანიზაციას ეს მოთხოვნა სწორედ იმიტომ გაეგზავნა, რომ „მათთან ასოცირებული პირები დღესაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან“.

ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარსადგენად სამი დღის ვადა აქვს განსაზღვრული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დამფუძნებელთა შორის „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ისინი სამი დღის ვადაში კონტროლის პალატას შესაბამის ანგარიშ-ბრუნვებს წარუდგენენ, მაგრამ კონკრეტულად ვინდა რა თანხით აფინანსებდა „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“, ამის დაკონკრეტებისგან რესპუბლიკელები თავს იკავებენ.

რაც შეეხება „ახალი თაობა - ახალ ინიციატივას“, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფონდიდან და ნატო-ს ცენტრიდან ფინანსდებიან და მათთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია.

არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლის პალატის ამ გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევენ და მათ გუშინ კონტროლის პალატასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა „ახალი თაობა - ახალი ინიციატივას“ პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი რომელიმე პარტიასთან.

„ის შიში, რაც გვქონდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო ეს კანონი არასამთავრობოების წინააღმდეგ გამოეყენებინა, გამართლდა. კონტროლის პალატისგან ველოდებით განმარტებებს, რატომ შეეხო აღნიშნული კანონი არასამთავრობოებს“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ბუნდოვანების გამო შეიძლება ნებისმიერ ორგანიზაციას შეეხოს.

მისი თქმით, მიუღებელია არგუმენტი, რომლითაც „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ შემთხვევაში კონტროლის პალატა ხელმძღვანელობს.

„ეს არის კანონის ბუნდოვანი განმარტება და ასეთი გადაწყვეტილება არის ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება. ჩვენ არათუ ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას, არამედ მის უკანონოდ ცნობას ვითხოვთ“, -აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ხელისუფლების პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია და ამ თემაზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი არავის სურს.