ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილს ქვეყანას უფსკრულში აღარავინ გაატანს“

ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილს ქვეყანას უფსკრულში აღარავინ გაატანს“

 


 

დღეს ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას „ქართული ოცნების“ პრესსპიკერად მაია ფანჯიკიძე წარუდგინა. ბიზნესმენის ჟურნალისტებთან შეხვედრა როსტომ მეფის სასახლეში გაიმართა, რომელიც ივანიშვილის სიტყვებით, ჯერაც კიდევ ხელისუფლების მიერ გახლდათ დაკავებული და გაუგებარი ხალხი ტრიალებდა მის სამუშაო ოფისში.

მართალია, სახელისუფლო ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილისგან უფრო ქუჩის აქციებისადმი მისი დამოკიდებულება და ვინმე პატრიკ დაუნის პერსონა აინტერესებდათ, რომელიც ბიზნესმენის სახლში მუშაობდა პედაგოგად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე გზავნილი გააკეთა სააკაშვილისა და სხვადასხვა პარტიებთან მიმართებით.

ბიზნესმენი ამბობს, რომ იგი მზადაა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს მიუტევოს მრავალი შეცოდება, იმ შემთხვევაში, თუ ის კანონის უზენაესობის გზას დაადგება.

„ჩვენც და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა, მთლიანად, შევძლებთ, და, მე მგონი, ამის რესურსები კიდევ დარჩა, რომ მიხეილ სააკაშვილს მივუტევოთ ის შეცდომები, რომელიც მან მრავალი ჩაიდინა და მას საშუალება ექნება, იყოს ჩვენი მოქალაქე, რისი სურვილიც ჩვენც გაგვაჩნია. მე მისთვის უამრავი კარგი რჩევა მაქვს მიცემული და დღეს ვაძლევ საუკეთესო რჩევას, გონს მოეგოს, დაბრუნდეს კანონიერების ჩარჩოში და აღიაროს კანონის უზენაესობა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

აქვე ბიზნესმენი განმარტავს ობამა-სააკაშვილის შეხვედრის კარს მიღმა არსებულ დეტალებს. მისი თქმით, ის რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, შეულამაზებლად იციან ამერიკაში, ამიტომაც ჩვენი დასავლელი პარტნიორის სურვილია, ეს ყველაფერი შეიცვალოს. თუ სააკაშვილს ისტორიაში რეფორმატორად დარჩენა სურს, სწორედ ასე შეინარჩუნებს იგი თავის სახეს.

„როგორი რეალობაც გვაქვს დღეს საქართველოში, კარგად იციან ამერიკაში და მათაც აქვთ სურვილი, რომ როგორმე მოხდეს შემობრუნება, შემოტრიალება. ის, რაც იყო თავში (როგორც იგეგმებოდა შიგნით და გვეხმარებოდნენ გარედან), ისე განვითარდეს დღევანდელი სიტუაცია. რა თქმა უნდა, მას კონკრეტულად უთხრეს, რომ ამერიკა არ შეეგუება და არ მიიღებს იმას, რასაც აპირებს სააკაშვილი, როგორი გზებითა და ხერხებითაც აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას. ეს ამერიკისთვის იქნება მიუღებელი. ეს მას კონკრეტულად უთხრეს. შიგნით უთხრეს მკვეთრად, გარეთ მოეფერნენ, ჟურნალისტებთან ერთად. ეს ნიშნავდა იმას, შენ თუ მოახერხებ, გაადააბარებ ხელისუფლებას კანონიერი გზით, შენ დარჩები, როგორც რეფორმატორი, ჩვენსა და ამერიკული საზოგადოების თვალში“, - აცხადებს ივანიშვილი.

სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა, რომ იგი, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, სააკაშვილს აიძულებს, დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. „თუ ამას ნებით არ იზამას, ჩვენ ვაიძულებთ, ეს გააკეთოს“.

ხოლო, შეკითხვაზე, თუ როგორ აიძულებს კანონიერებისკენ სააკაშვილის შემობრუნებას, ბიძინა ივანიშვილს ასეთი პასუხი აქვს, რომ „ეს მოხდება ნაბიჯ-ნაბიჯ და მოხდება აუცილებლად. იმ შემთვევაში, თუ სააკაშვილი სახეცვლილებას ვერ შეძლებს, იგი იძულებული იქნება, დათმობაზე წავიდეს. ბოლოს და ბოლოს, მთელ საქართველოს ხომ ვერ დააპატიმრებს?!“

იმ შემთვევაში, თუ სააკაშვილთან მიმართებით იძულების გამოყენება აუცილებელი გახდება, ესეც მიღწევადია, რადგან ბიძინა ივანიშვილის თქმით, „სააკაშვილს აღარ აქვს არანაირი რესურსი, მას აღარ ჩაესვლება ამერიკაში, ვეღარ ჩავა ევროპაში, აღარ დაედგომება საქართველოშიც. ამიტომ დროულად მოეგოს გონს, დროულად დაბრუნდეს სამართლებრივ სივრცეში და ნუ გაანადგურებს საკუთარ მომავალს...  დღეს ქვეყანას უფსკრულში აღარავინ გაატანს, ამის უფლებას ჩვენ არ მივცემთ, მაგრამ შეუძლია თავის თავი გადაჩეხოს და გაანადგუროს საკუთარი მომავალი“.

ივანიშვილი ცდილობდა, რომ მისი გზავნილი სააკაშვილის მიმართ უფრო რჩევას დამსგავსებოდა არც დაუმალავს, რომ თავის დროზე მისთვის უამრავი კარგი რჩევა მიუცია, თუმცა დღევანდელი რჩევა ამ რჩევებს შორის საუკეთესოა. ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნების დრო როცა დადგება, უკან დაახევინებს სააკაშვილს, ასევე, პრეზიდენტი იძულებული იქნება, სულ მალე აღუდგინოს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა და კანონის უზენაესობა ცნოს.

ის, რისი მოსმენაც უნდოდათ სახელისუფლო ჟურნალისტებს, არ გამართლდა. ივანიშვილი სულაც არ აპირებს, დააფინანსოს ქუჩის საპროტესტო გამოსვლები. ბიზნესმენს ქუჩის აქციების მიმართ სიმპათია არც დღეს ეტყობოდა. იგი კვლავაც იმ პოზიციაზეა, რომ ამ მეთოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დღესვე  არ უნდა დაიწყოს. ქუჩა, როგორც საშუალება, არსენალი იქნება არჩევნების კოლოსალურად გაყალბების შემთხვევაში, თორემ მცირე გაყალბებას ივანიშვილის კოალიცია გადაიტანს.   

„ჩვენ არ ვაპირებთ ქუჩის აქციებით დაწყებას, თუ არჩევნები შემდგომ დიდი რაოდენობით გაყალბდება, 5 %-ს თავისუფლად გადავიტანთ, მაგრამ 30 % -იანი გაყალბების დროს გამოვალთ და რამენაირად მოხვახერხებთ ჩვენი ხმების დაცვას.  ნინო ბურჯანაძეს და კახა კუკავას კი უნდათ, ამით დაიწყონ. ამით განვსხვავდებით მათგან,“ - აცხადებს ივანიშვილი და აქვე დასძენს, რომ ბურჯანაძისა და კუკავას მიმართ მისი დამოკიდებულების მიუხედავად, ისინი არ არიან ეჭვმიტანილნი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. თუმცა კოალიციაში შემავალი ძალების პოზიცია განსხვავდება მათი იდეოლოგიისგან.

„პროდასავლური იდეოლოგიის ვართ და არჩევნებით ვაპირებთ ხელისუფლების შეცვლას, ქალბატონი ბურჯანაძე და კუკავა პროდასავლურს არ მიესალმებიან და ცდილობენ, ქუჩიდან დაიწყონ ხელისუფლების შეცვლა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ვერ მოვახერხებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას, გარდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და სხვა ტექნიკური საკითხების“.

ამის მიუხედავად, ივანიშვილის კოალიცია შეეცდება, ამ ძალებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს და მათი გაკრიტიკებისგან თავი შეიკავოს.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კადრის არჩევანში დარწმუნებულია. მას მიაჩნია, რომ ხალხის შერჩევა არ უჭირს, რასაც მათთან გასაუბრებისა და კონკრეტულ ადამიანზე სხვათა შეხედულების გაზიარების შედეგად აღწევს. „ასე რომ, სეთურის სამსახურს არაფერი გამოუვა, ტყილად იხარჯებიან“, - აცხადებს ბიზნესმენი და აქ მერაბიშვილის სამსახურს გულისხმობს.

კმაყოფილია საკუთარი არჩევანით და არ მალავს, რომ მოახერხა აბსოლუტური სინქრონის დამყარება ორ დიდ პარტიას - თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, რომელთა შორისაც მეგობრული დამოკიდებულებაა. ამას ემატება ძიძიგურ-დავითაშვილის ტანდემი და ახლად შემატებული „ეროვნული ფორუმიც“. 

„ჩვენ და პირადად მე მოვახერხე აბსოლუტური სინქრონიზაცია და ჰარმონია ისეთ ორ დიდ პარტიას შორის, როგორიც არის თავისუფალ დემოკრატები და რესპუბლიკელები. ორივე პარტიის წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მეგობრულ ურთიერთობაშია. გარედან ცდილობენ ჩვენი ოპონენტები და ჟურნალისტები რომ ეს ასე არ არის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან“, - განმარტა ბიზნესმენმა.

მისი თქმით, კოალიცია გაფართოვდება და მასში გუგული მაღრაძესთან ერთად, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილსაც ვიხილავთ. მართლია, სალომე ზურაბიშვილთან მას ჯერ კიდევ დაზუსტება სჭირდება, მაგრამ პოზიციები აქაც გასაგებია და ზურაბიშვილი თანამშრომლობისთვის მზადაა. ასეთივე მოლაპარაკებები აქვს მაჟორატარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით „სოციალ-დემოკრატებთან“, მომავალში ითანამშრომლებს „მწვანეთა პარტიასთან“. ამასთან, თუ ეს ძალები კანდიდატს წამოაყენებენ კონკრეტულ რეგიონში, რომელიც მისაღები იქნება კოალიციისთვის, ივანიშვილი მათ მხარდაჭერას და საერთო კანდიდატზე ზრუნვას ჰპირდება.

ხმის ტემბრზე ჩანს, რომ არ მოსწონს, თუმცა პასუხობს შეკითხვას პატრიკ დაუნის შესახებ, რომელიც მის ოჯახში წლების მანძილზე მუშაობდა და ინგლისურს ასწავლიდა მის შვილებს. მოგვიანებით პატრიკ დაუნმა წერილი გამოაქვეყნა და ივანიშვილის ოჯახში ცხოვრების დეტალები გაიხსენა, თუმცა ბიზნესმენს ამ თემასთან მიმართებით ერთი პასუხი აქვს: „ვინც წაიკითხა ეს წერილი, იმ წერილშივე ჩანს, რომ მას აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, შესაბამისად, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ჩვენ შიგნით გვაქვს მსგავსი პრობლემები“, ხოლო შეკითვაზე, ასეთი პრობლემების მქონე ადამიანს რატომ ანდობდა შვილების აღზრდას, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ პატრიკ დაუნი თავის საქმეს - ინგლისურის მასწავლებლობას კარგად ართმევდა თავს.

საკუთარი პოზიცია აქვს ირანთან მიმართებით. მიაჩნია, რომ ომის შემთვევაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, საქართველო აუცილებლად უნდა დარჩეს თავის პარტნიორთან მუდმივ ურთიერთობაში, ხოლო საქართველო პოლიგონად არ განიხილება.

რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებს, მიაჩნია, რომ კარგია, თუ რუსეთში დაიწყო დემოკრატიული მოვლენები, მაგრამ სჯობს, ჩვენს დემოკრატიას მივხედოთ. რაც შეეხება რუსეთში არსებულ მის აქტივებს, ბიზნესმენი მათ გაყიდვას აპრილისთვის ვარაუდობს და აცხადებს, რომ თითქმის ყველა ობიექტზეა ორ-ორი მყიდველი, თუმცა კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე არ მისულა. ამას თავისი ახსნა აქვს - მსოფლიო კრიზისი და  რუსეთში მარტში დანიშნული არჩევნები, რაც ბიზნესმენებზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს.

აქვე გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ კვირაში საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას გამართავს, ხოლო მისი პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იგეგმება.

რაც შეეხება მაია ფანჯიკიძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერად დაასახელა, ბიზნესმენის თქმით, პრესსპიკერის კანდიდატურის შერჩევა იოლი არ ყოფილა. არ გამართლდა ირაკლი ტრიპოლსკის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს იგი პრესმდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისი ადგილი მაია ფანჯიკიძემ დაიკავა. სინამდვილეში, მაია ფანჯიკიძე პრესსპიკერად დაინიშნა, ხოლო ირაკლი ტრიპოლსკი კვლავაც „ქართული ოცნების“ პრესმდივნად რჩება.

ცნობისთვის, სხვადასხვა დროს მაია ფანჯიკიძე გახლდათ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სააგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს სააგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში. დღემდე კი ის ასევე არის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელი, ასევე თემატური ჯგუფების კოორდინატორი.