ბრძოლა ძალაუფლებისათვის

ბრძოლა ძალაუფლებისათვის


ახალმა კონსტიტუციამ ქვეყანა დემოკრატიული უნდა გახადოს

თბილისი/სტამბული – თბილისში არასდროს მოგწყინდება. ქვეყანაში ოქროს წესია: თუ მთავრობა თავად არ წაიბორძიკებს, ვიღაც აუცილებლად მოვა გარედან და შეეცდება საქართველოს ხელისუფალს წონასწორობა დააკარგვინოს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მილიარდერს თავისი ფულით სურს ქვეყანა და ამომრჩევლები გადაიბიროს. ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა, წელს, ნატოს კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს ტურბულენტური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშოროს.

ივანიშვილის ამბიციებს დასავლეთში თვალს სკეპტიციზმით ადევნებენ. არსებული ინფორმაციით, მისი $5,5 მილიარდიანი ქონება მისი წინამორბედის, ბადრი პატარკაციშვილის ქონებას ორჯერ აღემატება და საქართველოს შარშანდელ მთლიან შიდა პროდუქტზე ერთი მესამედით მეტია.

პატარა მეფე

სულ ცოტა ხნის წინ, ივანიშვილი საჯაროობას გაურბოდა და პოლიტიკაში არ ერეოდა. მან, დასავლეთ საქართველოში მდებარე მშობლიური საჩხერე ქველმოქმედებით აავსო და თავის პატარა სამეფოდ გადააქცია. დასავლელი დამკვირვებლები თბილისში ფიქრობენ, რომ მილიარდერს სურს ეს კონცეფცია ამ კავკასიური რესპუბლიკის დანარჩენ ტერიტორიაზეც განავრცოს.

ივანიშვილის გამოწვევა საქართველოსათვის კრიტიკულ მომენტს ემთხვევა: ორგანიზებული სახალხო აჯანყებიდან, რომელმაც “ვარდების რევოლუციის გმირები” ხელისუფლებაში მოიყვანა, ზუსტად რვა წელი გადის და საქმე დემოკრატიის განმტკიცებას ეხება. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება, ქვეყანა უფრო საპარალამენტო და სახელმწიფოს მეთაურის სისტემაზე ნაკლებად მორგებული ხდება. 2012 წლისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ახალი კონსტიტუციის ამოქმედების გზაზე პირველი ნაბიჯია.

იდეა პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებასა და ოპოზიციის მოთოკვაში მდგომარეობდა, რომელიც პარლამენტს უმეტესად ბოიკოტს უცხადებს და წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს ქუჩის საპროტესტო აქციებით სააკაშვილის ჩამოგდებას.

სახელმწიფო აპარატის საპასუხო რეაქცია

მილიარდერ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას დემოკრატიზაციის პროცესის ჩაშლა შეეძლო. სახელმწიფო აპარატი და სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ერთმმართველი პარტიაა. ახლა ის ყველა ძალას ხმარობს იმისთვის, რომ ივანიშვილის გამარჯვებას არჩევნებში ხელი შეუშალოს.

არჩევნების შემდეგ გაურკვეველმა ვითარებამ შესაძლებელია სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებისა და მისი მისი ბატონობის გაგრძელების ცდუნება გაუჩინოს – ასეთია ვარაუდები. საქართველოს არასტაბილურობით პირველ რიგში რუსეთია დაინტერესებული. მოსკოვს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სურდა სააკაშვილის დამხობა.
foreignpress.ge