ბობოხიძის ბრიყვული გულწრფელობა

ბობოხიძის ბრიყვული გულწრფელობა

რამდენიმე დღის წინ presage.tv იმის შესახებ წერდა, ხონში „ნაციონალების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, რამდენიმე თავისი ხელქვეითის მეშვეობით თუ როგორ იღებს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს და შემდეგ, ეს თანხა როგორ ნაწილდება „პარტიული საქმიანობისთვის“.

ცხადია, ეს ადამიანები, ვისაც „ნაციონალებისთვის“ ყოველთვიურად უწევთ საკუთარი ხელფასიდან სოლიდური თანხის გადახდა, ამაზე ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ ამ რაიონში ნებისმიერი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი იძულებულია, ეს ხარკი გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი სამსახურს დაკარგავს და ცხადია, ამ ადამიანებს ურჩევნიათ, რომ ხელფასიდან გარკვეული თანხა გადაიხადონ, ვიდრე სამსახურის გარეშე დარჩნენ.

ძნელი სათქმელია, ეს რამდენი ხანია გრძელდება, მაგრამ presage.tv-ს გამოქვეყნებული ჰქონდა ის უწყისი, სადაც მოცემულია 28 კაცის სია და ნაჩვენებია, რომ „ნაციონალების“ აქტივისტები 50 ლარიდან 300 ლარამდე ხელფასს იღებენ, რაც საერთო ჯამში შეადგენს 3850 ლარს და, რომელიც საჯარო სამსახურის მოხელეებისგან არის აკრეფილი.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გია ცაგარეიშვილმა პროკურატურას ამ საქმის შესწავლა მოსთხოვა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ის კომენტარები გაკეთდა, რომ ეს ინფორმაცია მათთვის უცნობია და არ შეიძლება, სიმართლეს შეესაბამებოდეს. 

არადა, ლევან ბობოხიძე ხონის ადგილობრივ გაზეთთან პირდაპირ აღიარებს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულებისგან ფულის შეგროვება ნამდვილად მისი მითითებით ხდება და იმასაც აღნიშნავს, რომ ასე თუ არ მოხდება, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ. რაც მთავარია, იგი ამაში ვერც კანონდარღვევას ხედავს და უკვირს, ადამიანი სამსახურს რომ იშოვნის, ხელფასის ნაწილის გადახდაზე უარი როგორ უნდა თქვას? 

ბობოხიძესთან ამ თემაზე ინტერვიუ 2008 წელს არის გამოქვეყნებული და, როგორც ჩანს, ხელფასიდან ნაციონალური ხარკის გადახდა წლების განმავლობაში გრძელდება.

ინტერვიუ ხონის ადგილობრივი გაზეთის „თაობის“ 2008 წლის 26 თებერვლის ნომერშია გამოქვეყნებული. presage.tv ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ლევან ბობოხიძე ფულის შეგროვების საკითხზე საუბრობს უცვლელად გთავაზობთ. მედიაში გამოქვეყნებული მასალა კი მტკიცებულებად ითვლება და, წესით, პროკურატურამ საქმე ამის შემდეგ მაინც უნდა აღძრას.

ინტერვიუს სტილი დაცულია, მართლწერის ჩათვლით: 

ჟურნალისტი: „ერთი საკითხიც, საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულთა კატეგორიას პარტიის ინტერესით გარკვეული თანხა ეჭრება ხელფასზე. თუმცა გაცილებით ცოტამ თუ იცის, რომ ამ თანხიდან დახმარებებიც ხორციელდება. ვფიქრობ, საჭიროა მეტი ისაუბროთ ამ საკითხზე.  

ლევან ბობოხიძე: პარტია არის ერთი გუნდი, - საძმო, სამეგობრო დავარქვათ. ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან დღეს და პარტიის საწევროში დებენ გარკვეულ თანხას, არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. შეიძლება მანდატი არ უდევთ ჯიბეში, მაგრამ ჩვენს გვერდით მდგომი ხალხია და ეს თანხის დადება თავად ამ ხალხს არ აწუხებს.

დაგეთანხმებით, ღიად პრეტენზიას არავინ გამოთქვამს.

- ელემენტარული რამაა, შემცირების ფონზე, სამსახურში დარჩენილ ადამიანს უღირს იმ რაღაც თანხის გადახდა. თუ სად მიდის ეს ფული, რომელიც ჩემი ფულია, რადგან საკუთარი ხელფასიდანაც არის მასში წილი, დაინტერესებულ პირს შეუძლია გადაამოწმოს, რეგულარულად ვეხმარებით ხუთშვილიან ოჯახებს, ასევე – ხელმოკლე ოჯახებს. ყველას ვერ დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია შემცირებაში მოყოლილ ჩვენს თანაგუნდელებზე ვიზრუნოთ, დავეხმაროთ. ამ კარგ საქმეს სწორედ ჩვენს მიერ დადებული ოც-ოცი და ათ-ათი ლარით ვაკეთებთ. ეს, პარტიის ბიუჯეტი კი არა, ჩვენი ბიუჯეტია, რომელიც ნდობის ფაქტორზეა დამყარებული და ჩვენს შორის გამჭვირვალეა. თანხის დადება ხდება ჩვენივე სურვილიდან გამომდინარე, - ნებაყოფლობითია.

თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ თუ შემცირების საკითხი დადგება, ეს პირველ რიგში შეეხება სწორედ მას, ვინც ამ საერთო საქმეში გვერდით არ გვედგა. ამიტომ, შეიძლება მთლად ნებაყოფლობითი არც იყოს. ეს კარგი, ჯანსაღი ულტიმატუმია“.

ეს არის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ბობოხიძე ფულის „შეწერის“ თემაზე საუბრობს. მანამდე კი ერთი საინტერესო პასაჟიცაა, სადაც კარგად ჩანს ნაციონალების პოლიტიკა.

ჟურნალისტი: „დამეთანხმებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პარტიულობა. გაჩნდა აზრი, რომ ხონში და ზოგადად ქვეყანაში სამსახურეობრივი, თანამდებობრივი წარმატებისთვის საჭიროა მინიმუმ ნაციონალი იყო.

- მსოფლიო მაშტაბითაც ასეა, არათუ ხონში და საქართველოში. სხვაგვარად არ შეიძლება. ადამიანები მმართველობით სტრუქტურაში კარიერას პირველ რიგში აკეთებენ პარტიით და არა დავუშვათ, ნიჭითა და შესაძლებლობით. შემცირებები ხდება, როგორც გითხარით და ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შემცირების დროს გვერდი აევლება იმას, ვისაც პარტიის წინაშე აქვს დამსახურება. რეალურად დღეს საქართველოში ასეთი სიტუაციაა, იძულებული ვხდები ვიმოქმედო ისე, როგორც ნებისმიერი პარტიის თავმჯდომარე იმოქმედებდა. ჩემს ადგილზე სხვა როგორ მოიქცეოდა?! ყურადღება ექცევა ნაციონალური პარტიის წევრებს და იმ ადამიანებს ვინც ჩვენ მოგვიყვანა ხელისუფლებაში“.               

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არის ბატონი ლევან ბობოხიძის ინტერვიუს ნაწილი. მკითხველთა დაინტერესების შემთხვევაში ინტერვიუს სრულად შემოგთავაზებთ. თუმცა, მანამდე იმედი გვაქვს, რომ ამ ინტერვიუთი პროკურატურაც დაინტერესდება და პარტიის გენმდივანი ზურაბ მელიქიშვილიც აღარ გვეტყვის – „რა სისულელეს ამბობთ, ამის შესახებ არაფერი ვიცი“-ო.