21 მარტის აქციაზე ხალხის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი კონტროლდება

21 მარტის აქციაზე ხალხის უსაფრთხოებისთვის ყველაფერი კონტროლდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გენერალ ტრისტან წითელაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციას ადგილი არ ექნება, რადგან ამას „ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაბედავს.  ამის შესახებ სესიაშვილი „ალიას" ესუაბრა.

„ეს ინფორმაცია, რამდენადაც ვიცი, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე იციან. გარდა ამისა, ქვეყნის უშიშროება ყველა მიმართულებით მუშაობს, ნებისმიერ ინფორმაციას, მედიით იქნება ეს გავრცელებული თუ სხვა საშუალებებით, გულდასმით ამოწმებს და ყველანაირი შესაძლო საფრთხის პრევენციას ახდენს. ვიდრე „ნაციონალები" 21 მარტის აქციას დააანონსებდნენ, უშიშროება უკვე მუშაობდა ამ აქციის უსაფრთხოდ გამართვის, აქციაზე ხალხის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კონტროლდება.

მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო, არაფერი განსაკუთრებული 21 მარტის აქციაზე არ მოხდება, „ნაციონალები" ვერ გაბედავენ პროვოკაციების მოწყობას და თუ გაბედავენ, სათანადო პასუხსაც მიიღებენ კანონის ფარგლებში", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალებმა" უკრაინაში მებრძოლი ქართველი „ზონდერები", მათ შორის, სნაიპერები ჩამოიყვანეს და შესაძლოა, ისინი 21 მარტის აქციაზე გამოიყენონ.