კობა ლიკლიკაძე, "თავისუფლება"
საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც გადაჭრით უარყოფდა ისრაელის კომპანია "ელბიტ სისტემსის“ პრეტენზიებს, ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ კომპანიასა და საქართველოს შორის მრავალწლიანი დავა მორიგებით დასრულდა. მართალია, ქვეყანა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოსაგან 100 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას და საერთაშორისო სკანდალს გადაურჩა, მაგრამ 4 წლის წინანდელი თანამდებობრივი გადაცდომა თუ უპასუხისმგებლობა ქვეყანას მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება. საინტერესოა, რას ედავებოდა იარაღის მწარმოებელი კომპანია „ელბიტი“ საქართველოს, რა დაუჯდა სახელმწიფოს ბიუჯეტს კომპანიასთან მორიგება და დადგება თუ არა კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხი.
2012 წელს ისრაელის კომპანია „ელბიტის“ ანგარიშზე საქართველოს ხელისუფლება 35 მილიონ ამერიკულ დოლარს გადარიცხავს და ასევე კომპანიას დაუბრუნებს იმ აღჭურვილობის ნაწილს, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2007-2008 წლებში კომპანიისაგან შეიძინა. თუ რა სახის აღჭურვილობაზეა საუბარი, ამას არც საქართველოს და არც ისრაელის მხარე საჯაროდ არ აცხადებს, მაგრამ ის, რომ მსგავსი გარიგება შემდგარია და ამას წყალი არ გაუვა, ჩვენთან საუბარში კომპანია „ელბიტის“ კომუნიკაციების ოფისის დირექტორმა დალია როუსენმა დაადასტურა:
"საქართველო აღნიშნულ თანხას აუცილებლად გადაიხდის! თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეს-რელიზის ფორმულირება. ის ლეგალური დოკუმენტია და მე არაფერი ვიცი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება ვინმემ გვერდი აუაროს ამ შეთანხმებას".
საქართველოს ხელისუფლება უხალისოდ გამოეხმაურა თავდაცვითი სისტემების მწარმოებელი კომპანიის მიერ 29 დეკემბერს გავრცელებულ პრეს-რელიზს.
თუმცა 23 იანვარს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კიდევ სცადა „გაბრძოლება“ და განაცხადა, „რადგან ქართული მხარის პოზიცია იყო მეტად მართებული, შესაბამისად არასწორი იქნება რაიმე ციფრზე საუბარიო.“ თუ რაში მდგომარეობს ქართული მხარის „მართებულობა“, ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი საგულისხმოა აღინიშნოს, რომ იგივე კალანდაძე აპრილში საერთოდ უარყოფდა რაიმე სახის დავალიანებას და აცხადებდა, „რომ თავდაცვის სამინისტროს არა მხოლოდ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია, არამედ სხვა კომპანიებს თურმე იქით ჰქონიათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალი“.
თუმცა საქართველოს სამხედრო ძალების უახლოესმა ისტორიამ არ იცის ფაქტი, რომელიმე ქვეყნის სამხედრო კომპანიას საქართველოსთვის ვალი ან ფულით, ანდა თავდაცვითი იარაღით გაესტუმრებინოს. თბილისიდან კი ისრაელში უკვე მიდის ფულიც და სამხედრო აღჭურვილობაც კომპანია „ელბიტის“ კანონიერი პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად. გარიგების არსებობა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თინა ბურჯალიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც საერთაშორისო დავებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია:
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამწუთში არანაირი პრეტენზია და დავა „ელბიტსა“ და საქართველოს შორის არ არსებობს. ეს დავა მოგვარებულია და ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. პირველ რიგში, ვადასტურებთ იმას, რაც „ელბიტმა“ თქვა - რომ 35 მილიონი დოლარი და გარკვეული მოწოდებული პროდუქციის ნაწილი ბრუნდება უკან.“
ვალი მოწმენდილ ცაზე
როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სკანდალის ჩაცხრობა საკმაოდ დიდ თანხის და იარაღის სანაცვლოდ მოახერხა, თუმცა სკანდალი არ ცხრება საქართველოს შიგნით. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამხედრო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დააყენოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ან უშუალოდ მონაწილეობდნენ 4 წლის წინანდელ გარიგებაში, ანდა თანამდებობრივად იყვნენ პასუხისმგებელი სცოდნოდათ, თუ რა მიზეზით დაირღვა ხელშეკრულება საქართველოს იარაღის ერთ-ერთ მთავარ მომწოდებელთან. აი, რას ამბობს ირაკლი ალადაშვილი, საქართველოში გამომავალ სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, რომელმაც რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა ამ პრობლემას:
„ბიუჯეტი შეთხელდა 35 მილიონი დოლარით და ამაზე ხომ უნდა აგოს ვინმემ პასუხი? კონკრეტულად ითქვას, რატომ, რისთვის და რა კონტრაქტები არ შესრულდა. მით უმეტეს, რომ ეს აღარ წარმოადგენს არანაირ სამხედრო საიდუმლოებას, რადგან საქმე სასამართლოში იყო და დაინტერესებული პირები გაეცნობოდნენ, ვისაც სურდა.“
აღსანიშნავია, რომ სამხედრო საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის, თუ რა სახის თავდაცვით იარაღს ყიდულობდა საქართველო კომპანია „ელბიტისაგან“ 2007-2008 წლებში. რუსეთ-საქართველოს ომამდე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოურ მედიას, კერძოდ, უთხრა, რომ საქართველოს დაახლოებით 40 უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატი ჰყავდა, რომლებიც ისრაელში იქნა შესყიდული.
იმავე პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ კომპანია „ელბიტთან“ სხვა მომსახურებებზეც გააფორმა კონტრაქტები, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს სამხედრო ძალების მობილურობა და ბრძოლისუნარიანობა. თუმცა სამხედრო ექსპერტებს აკვირვებთ, რატომ დაიდო საქართველომ ისრაელის კომპანიის ვალი და რატომ მიიყვანა საქმე ლამის საერთაშორისო სასამართლომდე, როდესაც 2008 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულად გაიზარდა და 1.3 მილიარდ ლარს შეადგენდა. ერთი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, დიდი ალბათობით, თავისივე საქციელის შედეგს უნდა იმკიდეს.
ირაკლი სესიაშვილის, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი საზოგადოების, „სამართალი და თავისუფლების“ დირექტორის თქმით, „ელბიტმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან არბიტრაჟის მეშვეობით საქმის გარკვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა 2010 წლის ოქტომბერში ბათუმში დააკავეს ისრაელელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი:
„ვფიქრობ, საქმე არ გართულდებოდა, რომ არა ისრაელელი ბიზნესმენების დაკავება. ამ დაკავებას მოჰყვა ისრაელის სახელმწიფოს განაწყენება და, როგორც სურათი გვიჩვენებს, ისრაელის ხელისუფლებამ მოიკითხა ის ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც [საქართველოს] სახელმწიფოს შეიძლება დავალიანება ჰქონოდა. და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები იქნებოდა პრიორიტეტი და, შესაბამისად, ხელშეკრულებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს აქვს დავალიანება და სწორედ ამ ფორმატში წარმოიშვა ეს დაპირისპირება და შემდეგ ჯარიმის მოთხოვნა.“
საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს კავშირს ამ ორ საქმეს შორის და საერთოდ უარყოფს „ელბიტთან“ კონტრაქტის დარღვევას ანდა დავალიანების წარმოქმნას, რაზეც, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ისრაელის თავდაცვითმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში. თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ყველაფერს „რესტრუქტურიზების ვალდებულებაში“ შეფერხებით ხსნის:
„მე თავიდანვე სწორედ ეს გითხარით, რომ 2008 წლის ომის შედეგად და ფინანსური კრიზისის შედეგად, ჩვენ აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ჩვენ დაგვჭირდა რესტრუქტურიზაცია იმ ვალდებულებებისა, რომელიც „ელბიტთან“ გაგვაჩნდა. ანუ რაღაც ჯარიმაზე, ზედმეტ გადასახდელზე და ასე შემდეგ - ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი. და ამას ვგულისხმობ სწორედ და ეს არის კარგი, რომ ავიცილეთ [ასეთი განვითარება] თავიდან და ძალიან მალე შევედით განახლებული ურთიერთობების ფაზაში „ელბიტთან“, რაც ძალიან მისასალმებელია.“
ფულის „გატეხა“ სახელის გატეხას გერჩიოს
მაგრამ ამ საქმეში ვერაფერს მისასალმებელს ვერ ხედავენ დამოუკიდებელი ექსპერტები. სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია „ელბიტთან“ დავა უკვალოდ არ ჩაივლის და კიდევ უფრო დააზარალებს საქართველოს ხელისუფლების იმიჯს, რომელიც მანამდეც საკმაოდ შერყეული იყო საერთაშორისო იარაღის ბაზარზე:
„დიდი ხანია საუბარია და საქართველოს სახელი გატეხილი აქვს. ისრაელმა აგვისტოს ომის შემდეგ, ფაქტობრივად, შეაჩერა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საქართველოსთან. მათ შორის, სხვა ქვეყნებიც თავს იკავებენ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს რუსეთის ზეწოლა და ეს მთავარი ფაქტორი გასაგებია, არამედ ასეთი გარკვეული, რომ ვთქვათ, ფინანსური მაქინაციების გამო.“
სწორედ შესაძლო „ფინანსური მაქინაციების“ მიჩქმალვის მცდელობად და ორმაგი მორალის კლასიკურ ნიმუშად მიიჩნევენ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები „ელბიტის“ საქმეზე საქართველოს ხელისუფლების დუმილს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი გადაჭრით აცხადებს, რომ 4 წლის წინანდელი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში სისხლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს:
„იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ჩვენ მოგვიწია მუშაობა ამ საქმეზე, არ გამოვლენილა აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არც ერთი მხრიდან, რათა გვევარაუდა, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო კორუფციულ გარიგებას. და, შესაბამისად, არც დაწყებულა არანაირი გამოძიება და არც იგეგმება ამწუთში არანაირი სისხლის სამართლის საქმის წარმოება.“
მაგრამ ოპონენტები ბობოქრობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართალს შერჩევით იყენებს, ხელს აფარებს ელიტურ კორუფციას და მკაცრი მხოლოდ ოპონენტების მიმართ არის. ირაკლი სესიაშვილს მაგალითად მოჰყავს ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ამჟამად დევნილობაში მყოფი „ქართული პარტიის“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევა. საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ გაახსენდა ოქრუაშვილის მინისტრობის დროინდელი სამეურნეო თუ საფინანსო დარღვევები, როდესაც იგი 2007 წელს ოპოზიციაში გადავიდა და მიხეილ სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვის საჯარო კრიტიკა დაიწყო:
„მე მახსენდება კიდევ ოქრუაშვილის საქმე, რომელსაც ბრალად წაუყენეს სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მშენებლობისას არაკანონიერი ხელშეკრულებების გაფორმება, რომელზეც თავის დროზე ასევე „ნდობის ჯგუფის“ მხრიდან იყო კონტროლი. მაგრამ არც მაშინ და არც ახლა „ნდობის ჯგუფმა“ პასუხისმგებლობა არ აიღო და არ თქვა, ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ მათ ინფორმაცია.“
საქართველოს საპარლამენტო „ნდობის ჯგუფი“ და მისი ხელმძღვანელი გივი თარგამაძე ჟურნალისტებს არ ხვდება და არ აკეთებს კომენტარებს „ელბიტსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის წარმოქმნილ დავაზე. საქმეს ვერც ის შველის, რომ საპარლამენტო „ნდობის ჯგუფში“ შემავალი ხუთი კაციდან ორი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გიორგი თარგამაძე და გიორგი თორთლაძე არიან. თანაც, იმ პერიოდში, როდესაც „ელბიტთან“ კონტრაქტი გაფორმდა, ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საქართველოს პარლამენტში და არ მიუწვდებოდათ ხელი მგრძნობიარე ინფორმაციებზე. საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მათ შეიძლება მოითხოვონ ისრაელის სადავო იარაღის საქმეზე „ნდობის ჯგუფისა“ და საქართველოს მთავრობის შესაბამის წევრებთან შეხვედრა, მაგრამ უმრავლესობის მძლავრ „ფარვატერში“ მოქცეული საპარლამენტო ოპოზიცია იმედგაცრუებული და ხელებჩამოყრილია. როგორც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა ნიკა ლალიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კონკრეტული კონტრაქტების კანონიერების შემოწმების მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს:
„წესით, დალაგებულ ქვეყანაში პარლამენტის როლი დიდი უნდა იყოს, უნდა ვითხოვდეთ ამ ამბავს და საპარლამენტო უმრავლესობა უნდა გვიკმაყოფილებდეს ამ ჩვენს ცნობისმოყვარეობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის შანსი არის ნული და ამიტომაც არ მაქვს იმის იმედი, რომ თუ ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, უმრავლესობა პოზიტიურად მოეკიდება და მართლა მოვიკვლევთ მერე, თუ ვისი პერსონალური პასუხისმგებლობა იყო ეს საკითხი.“
როდესაც პარლამენტარი ვერ ხედავს საკუთარ როლს, საზოგადოებაც აღარ ენდობა საკანონმდებლო ორგანოს და, შესაბამისად, ყოველგვარ კონტროლს მოკლებულ აღმასრულებელ ხელისუფლებასაც შეუძლია აკეთოს ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის - დადოს ძვირად ღირებული კონტრაქტები, მერე დაარღვიოს ისინი, წარმოქმნილი ვალი გაისტუმროს ფულითა და ნატურით და, თანაც, კმაყოფილმა ამცნოს მოსახლეობას, რომ წარმატებით გაართვა თავი კიდევ ერთ რთულ პრობლემას.
796
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85