გასულ კვირაში საბერძნეთის კრედიტორებმა კიდევ ერთხელ ვერ მოახერხეს ქვეყნის ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. ვალების ჩამოწერის გეგმა 26 ოქტომბრის სამიტზე შეათანხმეს, მაგრამ მისი რეალიზება ჯერ არ დაუწყიათ. გამოდის, რომ ევროს ზონის გადარჩენა ჩიხში შევიდა, რადგან იმ, ისტორიულად წოდებულ სამიტზე მიღებული სხვა გადაწყვეტილებებიც აგრეთვე არ განხორციელებულა.
26 ოქტომბრის სამიტზე საბერძნეთის კერძო კრედიტორებმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ქვეყნის ვალების ნახევრის, 100 მილიარდი ევროს ჩამოწერაზე მოილაპარაკეს. ამით ათენს საშუალება ეძლეოდა 2020 წლისათვის სახელმწიფო ვალი შიდა პროდუქტის 170 პროცენტიდან 120 პროცენტამდე შეემცირებინა. დეფოლტის პირას მდგარი ქვეყნისათვის ამოდენა ვალი მისაღებად ჩაითვალა.
მაგრამ იმ სამიტზე ვალების ჩამოწერის ზუსტი მექანიზმი არ შეთანხმებულა. ამაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები ნოემბერში დაიწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირისა და საბერძნეთის ხელმძღვანელები და კერძო კრედიტორები, რომლებიც წარმოდგენილი გახლდნენ საბანკო სტრუქტურის სერიოზული ლობისტით, საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტით (The Institute of International Finanse, IIF). აღმოჩნდა, რომ კრედიტორებს აშკარად არ მოსწონდათ ის, რომ საბერძნეთისათვის ვალები უნდა ეპატიებინათ და ვაჭრობა დაიწყეს.
საერთოდ, საბერძნეთს ვალები უბრალოდ კი არ უნდა ჩამოაწერონ, არამედ ქვეყნის მოქმედი ობლიგაციები ანალოგიურ ფასიან ქაღალდებზე გადაცვალონ, ოღონდ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით და დაფარვის გრძელი ვადით. მაგრამ მხარეები აქაც ვერ შეთანხმდენენ. საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტი აცხადებდა, რომ მხოლოდ წლიურ 4 პროცენტს დათანხმდებოდა, მაშინ, როცა საბერძნეთი და ევროკავშირი 3,5 პროცენტს სთავაზობდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთა პოზიციას იზიარებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
ასე რომ, მოლაპარაკებები შეწყდა და რა მოხდება მომავალში ჯერჯერობით უცნობია. კრედიტორებთან შეუთანხმებლობის გამო საბერძნეთს არ შეუძლია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მიერ დაპირებული 130 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მიიღოს, რადგან, არსებული შეთანხმების მიხედვით, პირველი ტრანში მხოლოდ მას შემდეგ გადაირიცხება, რაც ვალების ნაწილის ჩამოწერა მოხდება. არადა, მარტში ათენმა 14,5 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი უნდა დაფაროს და თუ იქამდე რაიმე არ შეიცვალა, ქვეყანას დეფოლტი ელის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 26 ოქტომბრის სამიტზე ევროპის ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის შეთანხმებული სხვა ინსტრუმენტებიც არ ამოქმედებულა. საუბარია ფინანსური სტაბილურობის ევროპულ ფონდზე, რომლის მოცულობაც ჯერ 1 ტრილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრა, მაგრამ შემდეგ ჯერ 750 მილიარდამდე, კიდევ ცოტა ხანში კი 500 მილიარდამდე შემცირდა.
თავდაპირველად ფონდის შევსებას არაევროპული ქვეყნების საშუალებით აპირებდნენ. ევროპის მთავარ კრედიტორად ჩინეთი სახელდებოდა. საუბარი იყო სხვა განვითარებად ქვეყნებზეც. მაგრამ ჩინეთი და სხვა ყველა პოტენციური კრედიტორი აცხადებდა, რომ ფონდთან მას შემდეგ ითანამშრომლებდნენ, რაც მისი მოქმედების დეტალები დაიხვეწებოდა.
ამ დროისათვის ეს გაკეთებული არ გახლავთ. მხოლოდ ის მოხერხდა, რომ ფონდს სახელი გადაერქვა და ევროპული სტაბილურობის მექანიზმი ეწოდა და მისი მოცულობა 750 მილიარდით განისაზღვრა. მაგრამ, ზოგიერთი ქვეყანა აპროტესტებს და აცხადებს, რომ ფონდი იქნება თუ მექანიზმი, მხოლოდ 1 ტრილიონი ევროს მოცულობის უნდა იყოს. თუმცა, ეგრეც არავინ იცის სახსრები საიდან უნდა გაჩნდეს.
როცა გასული წლის ოქტომბერში ევროს ზონის გადარჩენის გეგმა შეათანხმეს, თავად ევროპელი პოლიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზება. სამი თვის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ხოლო თუ სარეიტინგო სააგენტოებს დავუჯერებთ, გაუარესდა კიდეც.
859
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85