ხათუნა ჩიგოგიძე, "ყველა სიახლე"
იყო დრო, შუქის მოსვლას ისე ველოდით, როგორც შორი გზიდან მომავალი სატრფოს დაბრუნებას. საბედნიეროდ, დღეს ვითარება შეიცვალა და 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღარავის უკვირს, თუმცა ეს სიამოვნება მოსახლეობას საკმაოდ ძვირი უჯდება. "დაგვიწესეს ტარიფები არიფებისთვის" - ხუმრობს ჩვენი ხალხი, რომლის შემოსავლის დიდი ნაწილი გადასახადებში მიდის...
სპეციალისტთა გათვლებით, საქართველო ელექტროენერგიის ტარიფის სიძვირით ლიდერობას არავის უთმობს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებითაც კი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დენის ტარიფი საფეხურებად არის დაყოფილი. აბონენტს, რომელიც თვეში 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, ერთ კილოვატში საშუალოდ 13 თეთრის გადახდა უწევს, თუ მომხმარებელი თვეში 101-დან 300 კვტ//სთ-მდე ელექტროენერგიას ხარჯავს, 16 თეთრი უნდა გადაიხადოს (რეგიონებში - 17 თეთრი), ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტს, რომელიც 301 კილოვატსაათზე მეტს მოიხმარს, ერთი კილოვატი ელექტროენერგია 17,7 თეთრი უჯდება. ფასების სხვაობა საქართველოს ენერგოსექტორში ორი მსხვილი მოთამაშის, "თელასისა" და "ენერგოპროჯორჯიას" არსებობით არის გამოწვეული.
რეგიონებში ელექტრომომარაგებას "ენერგოპროჯორჯია" უზრუნველყოფს. საინტერესოა ისიც, რომ სემეკის დადგენილებით, საქართველოში წარმოებული 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის თვითღირებულება 4,45 თეთრია, მისი ე.წ. საცალო ღირებულება კი - საშუალოდ 16 თეთრი, იმავე სემეკის ინფორმაციით, დისპეტჩერიზაციისა და დანაკარგების ხარჯი 1 თეთრია. ე.ი. გამანაწილებელ კომპანიებს 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია სულ დაახლოებით 6 თეთრი უჯდებათ, მაგრამ გაცილებით ძვირად ჰყიდიან. ამ დარგის სპეციალისტები ხშირად სვამენ კითხვას - რატომ ახდევინებენ ქართველ მომხმარებელს 1 კვტ/სთ ელექტროენერგიაში 16 თეთრს, ან რატომ ამუშავებს ჩვენი ხელისუფლება რუსეთის სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაო ეეს"-ს 150-%-იან მოგებაზე მაშინ, როდესაც დასავლურ ქვეყნებში კერძო კომპანიების მოგების მაქსიმალური მარჟა 6-7 %-ის ფარგლებშია?
"საქართველოში მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიაზე ყველაზე დაბალი ტარიფია, გარდა რუსეთისა, აზერბაიჯანისა და უკრაინისა, სადაც სახელმწიფო დარგის სუბსიდირებას ახდენს... სუბსიდირება საქართველოს მთავრობას არასწორად მიაჩნია, ტარიფის ხელოვნურად შემცირებით კი, ქვეყანა კვლავ ენერგოკრიზისის ეპოქას დაუბრუნდება", - ამბობს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და გვპირდება, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფი არ გაიზრდება, თუმცა მის პროგნოზს ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან:
ლევან ვეფხვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი:
"ელექტროენერგიის ტარიფი ჩვენს ქვეყანაში არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ ქვეყნებში არსებულ ტარიფებს, რადგან ჩვენთან დენის ტარიფი დიდწილად დამოკიდებულია ბუნებრივ აირზე. ზამთარში ჩვენ დამატებით გვჭირდება თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ეს თბოელექტროსადგურები მუშაობენ ბუნებრივ აირზე, შესაბამისად, თუ ჩვენი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 2-3 თეთრად შედის ქსელში, ზამთარში ის ძვირდება. ამ ტარიფში ნაგულისხმევია ე.წ. ინვესტიციებიც, თუმცა არავინ იცის, რა ინვესტიციებზეა ლაპარაკი. ამიტომაც ეს არის ე.წ. შეწონილი ტარიფი, რომელიც იმაზე ძვირია, ვიდრე უნდა იყოს. სხვათა შორის, ბუნებრივ აირსაც იმაზე ძვირად ვყიდულობთ, ვიდრე შეგვიძლია ვიყიდოთ. როდესაც ამდენი ჰესი შენდება, ტარიფების შემცირების იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ ამ ახალი სადგურებისათვის ელექტროენერგიის ფასი დერეგულირებულია ანუ რა ფასადაც უნდათ, იმ ფასად გაყიდიან, არანაირი ვალდებულება და ზედა ზღვარი არ ექნებათ. შესაბამისად, თუკი თურქეთში უფრო ძვირად გაყიდიან, საქართველოს ელექტროსისტემასაც ძვირად მიაწვდიან იმიტომ, რომ ამით უფრო მეტ მოგებას მიიღებენ. სამწუხაროდ, მთავრობის პოლიტიკა არ არის ორიენტირებული დაბალ ტარიფებზე, ამგვარი პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ უკრაინაში, მაგალითად, ბუნებრივი აირიც და ელექტროენერგიაც ჩვენთან შედარებით სამჯერ იაფია. როცა ვსვამთ კითხვას, რატომ ხდება ეს, ამაზე პასუხს ვერავინ გვცემს".
ალექსანდრე თვალჭრელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი:
- 15-20 წლის წინ შუქი სანატრელი გვქონდა. იმ პერიოდთან შედარებით დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. თუმცა ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ დისტრიბუციის სისტემა მთლიანად შესაცვლელია და ჩვენი ენერგოსისტემა რეაბილიტაციას საჭიროებს, რასაც სახსრები სჭირდება. ეს სახსრები კომპანიებმა მოსახლეობის ჯიბიდან უნდა ამოიღონ, ბიძინა ივანიშვილივით თავისი ჯიბიდან თანხას არავინ დახარჯავს.
საერთოდ კი, ტარიფი უნდა ფორმირდებოდეს დანახარჯების მიხედვით, ჩვენთან კი ამის გარკვევა ძალიან ძნელია. მე, პრაქტიკულად, არ ვიცი, როგორ ადგენენ ელექტროენერგიის ტარიფს, რამდენია მასში მოგების წილი ან დამატებული ღირებულება, რადგანაც ეს მონაცემები გასაიდუმლოებულია. ეს ჩვენი მთავრობის შეცდომას უნდა დავაბრალოთ, რომლის წყალობითაც საჯარო სამსახურები სულაც არ არის საჯარო. მათ ხელმძღვანელებს პრეზიდენტი ნიშნავს და მათი საქმიანობაც ბურუსით არის მოცული. არასწორად მიმაჩნია სამსაფეხურიანი ტარიფის დაწესებაც. ყველაზე საშინელი კი მაინც ის იყო, დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის ტარიფს რომ დაუკავშირეს. ეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებაა.
ცნობისათვის
რამდენს იხდის 1 კვტ/სთ ენერგიაში ჩვენი მეზობელი თუ შორეული ქვეყნების მოსახლეობა?
რუსეთში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია, საშუალოდ, 7 ცენტი, დაახლოებით 11,5 თეთრი ღირს. მოსკოვში 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის საფასური 10 ცენტია ანუ 16,5 თეთრი. აზერბაიჯანში 1 კვტ ელექტროენერგია მოსახლეობისთვის 5,41 ცენტი, დაახლოებით 9 თეთრი ღირს. უკრაინაში კი მოქალაქეები იმავე ოდენობის ელექტროენერგიაში საშუალოდ 5 თეთრს იხდიან. 1 კვტ///სთ ელექტროენერგიაში 5 თეთრს იხდიან ბელორუსი მომხმარებლებიც. სომხეთში დენის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრია, ყაზახეთში - 7,5 თეთრი, მოლდოვაში - 11,4 თეთრი, თურქეთში - დაახლოებით 15 ცენტი ანუ 25 თეთრი. ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოსთან შედარებით მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში: კერძოდ, საბერძნეთში მოსახლეობისთვის ერთი კილოვატი ელექტროენერგია 11,57 ცენტი ღირს, რაც დაახლოებით 19 თეთრს უტოლდება, ანალოგიური ფასია ლატვიასა და ესტონეთში. ფინეთში - 17,9 ცენტი ანუ 29,5 თეთრი, საფრანგეთში, ესპანეთსა და პოლონეთში - თითქმის 20 ცენტამდე ანუ 33 თეთრი, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთსა და უნგრეთში, ყველაზე მაღალი ტარიფი კი დანიაშია - 38,71 ცენტი ანუ დაახლოებით 63 თეთრი, რაც შეეხება ავსტრალიას, იქ 1 კილოვატი ელექტროენერგია 21 ცენტი ღირს, ანუ 34-35 თეთრი. აშშ-ში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 11 ცენტი, ანუ 18,5 თეთრი ღირს, ხოლო საწარმოებისთვის - 7 ცენტი ანუ 11,5 თეთრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა 45 000-დან 125 000 აშშ დოლარამდეა, ხოლო ჩვენს ქვეყანაში - 2 600 აშშ დოლარი, ადვილი მისახვედრია, რომ გადასახადები ჩვენი მოსახლეობისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთია.
1265
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85