თხილი საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ხდება. შარშან ყველაზე მომგებიანად სწორედ თხილის საზღვრებს გარეთ გატანა მიიჩნეოდა.
“საქსტატის” ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის ათეულიდან 2011 წელს ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა თხილის (103 პროცენტი), აზოტოვანი სასუქებისა (100 პროცენტი) და მსუბუქი ავტომობილების (98 პროცენტი) სასაქონლო ჯგუფების ექსპორტში. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ ქვეყნიდან ყველაზე მეტად თხილის გატანას ეშურებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შარშან საქართველოში საკმაოდ დიდი მოსავალი მოვიდა, თხილის ფასი არათუ არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. ამის მიზეზია ის, რომ მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის დეფიციტია, რადგან თხილის ყველაზე დიდ ექსპორტიორ თურქეთში (ამ ქვეყანას თხილის ბაზრის 75 პროცენტი უჭირავს), დაბალი მოსავლიანობა იყო. ასე, რომ ქართულ თხილზე მოთხოვნაც გაიზარდა და ფასიც (საქართველო თხილის მსოფლიო ბაზრის 5 პროცენტს აკონტროლებს).
შესაბამისად ინტერესიც გაჩნდა და სპეკულაციაც. ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ფასები არაპროგნოზირებადია. მაგალითად, მართალია, ზოგადად, მიმდინარე სეზონზე თხილი გაძვირდა, მაგრამ საახალწლო პერიოდში, ანუ იმ დროს, როდესაც მოთხოვნა მატულობს, პირიქით, ფასები დაბლა წამოვიდა. ამას გლეხები სწორედ სპეკულაციას უკავშირებენ და შემსყიდველებს ფასები ხელოვნურად დაწევაში ადანაშაულებენ.
ახალი წლის დღეებში ყველა თხილის 5 ლარამდე გაძვირებას ელოდა, სინამდვილეში კი 1 კგ მაღალი ხარისხის პროდუქცია 3,80-4 ლარად იყიდებოდა. იგივე ვითარებაა ახლაც. პროდუქციის ექსპორტიორები აცხადებენ, რომ არსებული ფასი უახლოესი კიდევ 2-3 კვირა შენარჩუნდება. შემდეგ კი გაძვირება ბუნებრივადაც მოხდება.
გაზაფხულის პირზე სარეალიზაციოდ გამოტანილი თხილის რაოდენობა ისედაც იკლებს, შესაბამისად, პროდუქციის დეფიციტის პირობებში ფასები მაღლა მიიწევს.
თხილის ადგილობრივ ბაზარზე სიტუაცია შეიძლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პოზიციამაც მკვეთრად შეცვალოს. სეპარატისტთა პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გალის რაიონში თხილის უკანონო ბიზნესთან აქტიურ ბრძოლას იწყებს. ანქვაბი გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში თხილის იმ ბიზნესებით დაინტერესდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზებთან ერთად აწარმოებდა.
“საქმე ეხება თხილის ქარხნებს, რომლებიც თხილს ზუგდიდის რაიონში არსებულზე ნაკლებ ფასად ადგილზე იბარებდნენ. როგორც ჩანს, ისინი გარკვეულ თანხას იხდნიდნენ ე.წ. დღგ-ის სახით, თუმცა ვის უხდნიდნენ - გაურკვეველია, რადგან ანქვაბის დე ფაქტო ხელისუფლება მათგან იმ პირების დასახელებას მოითხოვს, რომლებიც ამ თანხებს იღებდნენ.
ამასთან, ისინი მოითხოვენ იმ პირების დასახელებასაც, რომლებთანაც ადგილობრივები საერთო ბიზნესში იყვნენ ჩაბმულები. აღსანიშნავია, რომ არსებული კრიმინოგენული ვითარების ფონზე გალის რაიონში ბიზნესის აფხაზებთან კავშირის გარეშე წარმოება წარმოუდგენელია, - აღნიშნავს სააგენტო “პირველი”.
გალში ვითარების გამწვავება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს თხილის ბიზნესზე. გალის რაიონში მოწეული მოსავლის გარკვეული რაოდენობა ენგურს აქეთ ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს მკაცრი კონტროლი აქვთ დაწესებული თხილის რეალიზაციაზე, ზუგდიდში აფხაზური ნაწარმი მაინც გადმოაქვთ. ამ სადინარის გადაკეტვა კი, გაზაფხულის პირზე პროდუქციას კიდევ უფრო დეფიციტურს გახდის.
2011
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85