ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
"საქართველოს განვითარების კვლევითმა ინსტიტუტმა" სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ზოგიერთი დემოგრაფიული და მაკროეკონომიკური ასპექტების შედარებითი ანალიზი ჩაატარა.შესადარებელი პერიოდი 2003-2011 წლების სტატისტიკურ მონაცემებს მოიცავს. მონაცემების შედარებამ ცხადყო, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი უმუშევარი, საპენსიო ასაკის მოქალაქე ჰყავს და ასევე, ჩვენი მოსახლეობა ყველაზე უფრო დაბალშემოსავლიანია.
გია ხუხაშვილი (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია, გაცხადებულია და მათ საფუძველზე შედარებითი ანალიზი გაკეთდა, რა მდგომარეობაა, რა დინამიკაა დემოგრაფიულ თუ ეკონომიკურ საკითხებში. გვსურს, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს არა ის პროპაგანდისტული მონახაზი, რასაც მუდმივად გვთავაზობს ხელისუფლება, არამედ რეალური სურათი, რა ვითარება გვაქვს და რა ხდება მეზობელ ქვეყნებში.
- მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან საკმაოდ მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. არადა, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული ეკონომიკები აქვთ, თითქმის ერთნაირ პირობებში არიან უმუშევრობის თვალსაზრისით...
- ამის მიზეზია ქვეყნის ეკლექტიკური ეკონომიკური პოლიტიკა. ერთი მხრივ, საუბარია ეკონომიკურ თავისუფლებაზე, კონკურენტულ გარემოზე, რაც თითქოს უნდა ქმნიდეს კარგ ვითარებას უმუშევრობის დასამარცხებლად, მაგრამ ეს მხოლოდ განცხადებებია. რეალურად კი არსებობს ერთგვარი ვერტიკალი, რომელიც ბიზნესს თამაშის წესებს კარნახობს.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაინცდამაინც არ აქვთ დიდი პრეტენზია, რომ ღია ბაზრები აქვთ, მაგრამ მაინც ახერხებენ ადამიანების დასაქმებას. ანუ მათი სისტემა ბიზნესისთვის გასაგებია. შესაძლოა მიუღებელი იყოს საბაზრო ეკონომიკის ზოგადი პრინციპების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენგან განსხვავებით, იქ დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ჩვენ შევქმენით ვითარება, როცა ერთი მხრივ, ვლაპარაკობთ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, მეორე მხრივ კი მივდივართ მონოპოლიების, ოლიგოპოლიებისა და არაჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნისკენ, რაც საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად ტოტალურ უმუშევრობას იწვევს. სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ლიდერი ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ლამის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით.
ეკონომიკური თავისუფლება მხოლოდ რეიტინგი ხომ არ არის, ის სამუშაო ადგილებში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამ რეალობის ჩვენება გვინდოდა ანალიზის საფუძველზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის გაკეთდა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით და აშკარაა, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც არ გამოირჩევიან ეკონომიკის განვითარების მაინცდამაინც მაღალი დონით, საკმაოდ სავალალოა.
- ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიზეზთა გამო ოფიციალური სტატისტიკა რეალობას სრულად ვერ ასახავს...
- რა თქმა უნდა, ეს სურათი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე აქ არის მოცემული. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის (NDI, IRI) მიერ მოწყობილი კვლევები ცხადყოფს, რომ უმუშევრობა საზოგადოებაში უფრო მაღალია, ვიდრე 16%.
- ანალიზის თანახმად, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში პენსიონერებისა და ხანდაზმულების რაოდენობა, მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით საკმაოდ მაღალია. რამდენად მძიმე ტვირთია ეს ქვეყნისთვის, თუნდაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში?
- ბუნებრივია, ეს ძალიან მძიმე ტვირთია. პენსიონერთა, ანუ სოციალური სუბსიდიის კმაყოფაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა, ქვეყანაში პროცენტულად ყველაზე მაღალია და შესაბამისად, სოციალური ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მოცულობითია, საერთო საბიუჯეტო ხარჯებთან შედარებით. ეს საკმაოდ არასახარბიელო სურათს ქმნის.
- რეგიონში ჩვენ ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა გვყავს, მათ შორის დაბალია განათლების სფეროში დასაქმებულების შემოსავალიც და კიდევ უფრო დაბალი ეროვნულ მეურნეობებში დასაქმებულებისა...
- შეჯამებისთვის შემიძლია გვითხრათ, რომ სურათი არათუ არ შეესაბამება პროპაგანდას, რომელიც მუდმივად გვიმტკიცებს, რომ ლიდერები ვართ განსაზღვრული მიმართულებებით, არამედ ოფიციალური სტატისტიკაც კი აღიარებს, რომ ვითარება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ყოველდღე ნაციონალური ტელეარხების საშუალებით ვისმენთ. ყველა ეს მონაცემი დასტურია, რომ ჩვენი რეალური მდგომარეობა რეგიონულ ფარგლებშიც კი სავალალოა, არათუ გლობალური მასშტაბით".
952
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85