ემა ტუხიაშვილი, "კვირისპალიტრა.გე"
წლის დასაწყისიდან ფქვილის ფასი მცირდება და 40 ლარიდან ტომარა ფქვილის ფასი უკვე 31 ლარამდე დაეცა. 2010 წელთან შედარებით, გასულ წელს ხორბლის მოსავალიც ბევრად უკეთესი იყო, ამიტომ ხორბლის იმპორტში პრობლემებს არავინ ელოდება.
ხორბლისა და ფქვილის გაიაფების მიუხედავად, არ იაფდება საბოლოო პროდუქტი - პური, რომელიც ახლაც იგივე ღირს, რაც გასული წლის ზამთარში, როცა ტომარა ფქვილის ფასი 60 ლარამდე აღწევდა.
ლევან სილაგავა (ხორბლისა და პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი):
- ფქვილის უფრო გაიაფება მოსალოდნელი არ არის. 31 ლარი ტომარაზე ფქვილის ფასის ქვედა ზღვარია. მსოფლიოს ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, ხორბლის ფასები დაახლოებით ამ ნიშნულზე შენარჩუნდება. არ არის გამორიცხული მცირედით, ტონაზე 10 დოლარით მოიმატოს. რუსეთსა და უკრაინაში ახლა აკეთებენ პროგნოზს შემდეგი მოსავლისთვის. თებერვალში ხდება იმის პროგნოზირება, თუ როგორ იზრდება შემოდგომაზე დათესილი ხორბლის ნათესები. უკრაინაში მდგომარეობა ცოტა გართულდა და მთავრობა ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის შესაძლებლობასაც კი განიხილავს. მსოფლიოში კი ჯერჯერობით სტაბილური მდგომარეობაა და გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, აგვისტომდე მიმდინარე ფასები შენარჩუნდება.
- რა ფასებია ახლა მსოფლიო ბაზარზე?
- ხორბლის მსოფლიო ბაზარი ორ ნაწილად უნდა გავყოთ: ჩიკაგოს ბაზარი ამერიკაში და ევროპაში პარიზის ბირჟა. ჩიკაგოს ბირჟაზე ჯერჯერობით ერთი ტონა ხორბალი 221 დოლარი ღირს, პარიზში კი 232 დოლარია. მაგრამ ეს ფასები არ განსაზღვრავს ფასს ჩვენს რეგიონში. ჩვენს რეგიონში ფასის განმსაზღვრელი რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი არიან. საქართველოს საზღვარზე მოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯის გარეშე, რუსეთიდან ან უკრაინიდან იმპორტირებული ხორბალი ჩვენთან ერთი ტონა 250 დოლარი ღირს, ყაზახეთიდან რკინიგზით შემოტანილი კი 230 დოლარი. ერთი თვის წინ ფასი ათ-ათი დოლარით ნაკლები იყო.
- ქართული ხორბალი რა ღირს?
- ქართული ხორბლის ფასი შესაბამისობაშია იმპორტირებულ ხორბალთან. ხორბლის ფასი კლასების მიხედვით განისაზღვრება. ქართული სასურსათო ხორბალი, მაღალი - მესამე კლასისაა, ის იმდენივე ღირს, რაც შესაბამისი ხარისხის რუსული ხორბალი, ანუ ერთმანეთის კონკურენტები არიან. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ რუსული ხორბალი დიდი პარტიებით შემოდის, მაგალითად, გემით მინიმუმ 3000 ტონა მოდის ერთ ჯერზე. ეს არის ერთნაირი ხარისხის ხორბალი, რომლის ტრანსპორტირება წისქვილკომბინატამდე დიდი პარტიებით ხდება. საქართველოში კი ხორბლის ნათესები ცოტაა და სხვადასხვა ადგილას არის გაფანტული, ამიტომ წისქვილში შედარებით მცირე პარტიები მიდის, საშუალოდ 20 ტონა ჯერზე და ხშირად სხვადასხვა ხარისხის, ამიტომ ტექნოლოგიურად წისქვილებისთვის ცოტა რთულია ქართული ხორბლის გადამუშავება. შესაძლოა სხვადასხვა ხარისხის პურის ფქვილი ჩამოიფქვას და წისქვილს პურის ქარხნებსა და საცხობებთან პრობლემა შეექმნას. ქართული ხორბლის შენახვაც გართულებულია, რადგან ელევატორები ცოტაა და ფერმერებს ურჩევნიათ მოსავალი აღებისთანავე გაყიდონ.
- ადგილობრივი მოსავალი ფასებზე გავლენას ვერ ახდენს?
- როცა ხორბლის ფასებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მარკეტინგულ წელს ვანგარიშობთ და არა პერიოდს 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის განმავლობაში. მარკეტინგული წელის ათვლა კი 1-ელი ივნისიდან იწყება და წლის განმავლობაში არსებულ პერიოდს გულისხმობს. ხორბლის პირველი მოსავალი რუსეთში სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეში მოდის. პირველი მოსავლის აღებას რუსეთი ყოველთვის ასწრებს საქართველოს. საქართველოში მოსავლის აღება დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ იწყება. რუსეთიდან ხორბლის შემოტანას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. ვინც მანამდე საქართველოში მოიწევს მოსავალს, ასწრებს, რომ ხორბალი შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს. როცა უკვე რუსული შემოდის, ფასს აგდებს. საქართველოში პირველი მოსავალი კახეთში მოდის, შემდეგ შიდა ქართლში და ა.შ.
- როგორი იყო ფასების დინამიკა ბოლო ერთი წლის ტომარა პურის ფქვილზე?
- 2010 წლის მაისიდან, როცა ცუდი მოსავალი და გვალვები იყო რუსეთში, პურის ფქვილის ფასმა მატება დაიწყო. 2010 წლის ივნისში ფასი 30-დან 34 ლარამდე გაიზარდა. 2010 წლის დეკემბერში ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარამდეც გაიზარდა. ყველაზე მაღალი ფასი 2011 წლის თებერვალ-მარტში დაფიქსირდა და 52-დან 60 ლარამდე გაიზარდა. ამ დროს ხორბლის ფასი ტონაზე 400 დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ, როცა უკვე შემდეგი მოსავლის გადათვლა მოხდა, აპრილიდან ფქვილის ფასმა კლება დაიწყო. გასული წლის ივლისში, როცა გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი კარგი მოსავლის გამო მოხსნიდა ემბარგოს, ხორბლის ფასმა უცებ დაიწია.
- ფასების დინამიკა ცხადყოფს, რომ ხორბლის ფასის პროპორციულად იცვლება ფქვილის ფასიც, თუმცა საბოლოო პროდუქტის - პურპროდუქტების ფასი არ იკლებს.
- ჩვენ ხშირად ვდაობთ პურპროდუქტების მწარმოებლებთან ამ საკითხზე. ერთადერთი, რაც მათ სასარგებლოდ შემიძლია გითხრათ, პურის ფასი არ განისაზღვრება მხოლოდ ფქვილის ფასის მიხედვით. კალკულაციას თუ ვნახავთ, პურის ფასში ფქვილის ფასის წილი დაახლოებით 50-60%-ია. დანარჩენი არის ენერგომატარებლები, წყალი, საფუარი, მარილი, ხელფასი, ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ. მაგალითად, გასულ წელს კარგი მოსავლის მიუხედავად, პური გაძვირდა უკრაინაში, რადგან რუსეთმა ბუნებრივი აირი გაუძვირა. ადგილობრივ ბაზარზე პურის მრავალფეროვანი ასორტიმენტია, მაგრამ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მისი თვითღირებულების დაანგარიშება იქნებოდა შესაძლებელი. ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ პურის მწარმოებლებმა შიდა სტანდარტი შეიმუშაონ, სადაც მიუთითებენ, რა რაოდენობის და რა კომპონენტს იყენებენ წარმოების პროცესში. ამის შემდეგ უფრო იოლი გახდება პურის ხარისხისა და მისი ფასის შესაბამისობის გაკონტროლება როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მაკონტროლებლისთვის".
2453
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85