ხელისუფლება ოპოზიციაზე კონტროლს აძლიერებს

ხელისუფლება ოპოზიციაზე კონტროლს აძლიერებს

თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ საარჩევნოდ რომელიმე პარტია ხელს უშლის, მისი გზიდან ჩამოშორება ძალიან მარტივად შეეძლება. ამისთვის მის ქონებას და საბანკო ანგარიშებას დააყადაღებს და, ცხადია, ფინანსების გარეშე ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს რაიმეს გაკეთებას.

პარტიების და მათთან დაკავშირებული პირების ქონებისა და ფინანსების დაყადაღებისთვის კი პროცედურა არამარტო მარტივდება, არამედ მთლიანად ერთი ადამიანის – კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელის ხელში გადადის.

მონიტორინგის სამსახურის უფროსისთვის, ნათია მოგელაძისთვის ამ პრეროგატივის მინიჭებას კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება ითვალისწინებს.

ბრძანების თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით და „კონტროლის პალატის შესახებ“ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი იღებს.

კონტროლის პალატას ყადაღის დადების უფლება პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით მიენიჭა. კანონის მიხედვითვე, პირს შეუძლია ყადაღის გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა გასაჩივრება ყადაღის მოქმედებას ვერ შეაჩერებს.

ეს კი, ცხადია, იმის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ მისთვის არასასურველ პარტიას ყველანაირი მოქმედების საშუალება მოუსპოს. მით უმეტეს, რომ ფინანსური მონიტორინგის ხელმძღვანელად ადეიშვილის კადრია დანიშნული და რეალურად მისი გადაწყვეტილების შემსრულებელი იქნება.

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ზოგადად ყადაღის დადების რთულ წესზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ წესის გამარტივება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

„ადრე ასეთი წესი მოქმედებდა, რომ ყადაღის დადების უფლება ჰქონდა სასამართლოს და მეორე, ყადაღის დადების უფლება ჰქონდა საგადასახადო სამსახურს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ პირს აღიარებული ჰქონდა საგადასახადო დავალიანება. ეს იყო და ეს და მიაქციეთ ყურადღება, ერთ შემთხვევაში პირს აღიარებული უნდა ჰქონოდა დავალიანება, მაგრამ არ, ან ვერ ვიხდი და, მეორე შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა მიეღო სასამართლოს. თანაც, საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს სასამართლოს და ამ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ გადაწყვეტილება გამოაქვს მოსამართლეს. ანუ, ამით აღიარებულია, რომ ყადაღის დადება არის საკმაოდ მძიმე გზა და ეს გზა თვითნებურად არ უნდა იქნას გამოყენებული.

ახლა, თუ შევხედავთ იმას, რომ კონტროლის პალატის რაღაც სამსახურის უფროსს ერთპიროვნულად მიეცა უფლება, ყადაღა დაადოს პოლიტიკური პარტიის ქონებას და ამ კანონიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ პირთა ქონებას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან, ყოველგვარი ასეთი დაცვა, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ქრება. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ე.წ. ლეგიტიმური მიზანი, ანუ მიზანი არ შეიძლება იყოს უსამართლო და ამ მიზნის მიღწევის პოროპორციული, თანაზომადი საშუალებები უნდა იყოს. აქ აშკარად არის დარღვეული ეს მიზანი და ასევე დარღვეულია გამოსაყენებელი საშუალებები“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ამიტომაც, ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ „ეს უფლება გამოყენებული იქნას სახელისუფლებო პარტიის საკმაოდ მერკანტილური მიზნების სასარგებლოდ“.

ამ საშიშროებაზე ექსპერტები ცალსახად მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ხელისუფლებას არანარი რეალური მიზეზი არ დაუსახელებია.  

საინტერესო კი ის არის, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიზეზად მის მიერვე მიღებულ კანონს ასახელებს.

„ეს გათვალისწინებული იყო იმ კანონში, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს არის 34-ე პრიმა მუხლი, სადაც ეს ფუნქციები არის გათვალისწინებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტროლის პალატაში კარგად იყოს ეს ფუნქციები გამიჯნული კონკრეტული თანამდებობის პირებს შორის და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ იქნება ამ საკითხებზე პასუხისმგებელი“,- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩიორა თაქთაქიშვილი და ექსპერტების პოზიციას გაუგებარს უწოდებს.

„ეს არის ჩვეულებრივი უზრუნველყოფის ღონისძიება იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციები, მოხდეს ამ სანქციების შესრულება. მოგეხსენებათ, რომ ყადაღა საგადასახადო სფეროშიც გამოიყენება და მისი მიზანია, რომ დავრწმუნდეთ, რომ ის დავალიანება, რომელიც ბიუჯეტის წინაშე გააჩნიათ ორგანიზაციებს, გადახდილი იქნება. პარტიებთან მიმართებაში კი მოგეხსენებათ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები არის დაწესებული. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პარტია კანონს დაარღვევს და ისეთი ტიპის შემოწირულობას მიიღებს, ან დამალავს გარკვეულ ინფორმაციას, ცხადია, მათ უნდა დაეკისროთ შესაბამისი ფინანსური სანქციები და ეს სანქცია შეიძლება იყოს ათმაგი ოდენობა იმ თანხისა, რაც არის ამ დარღვევის საგანი. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია, რომ როდესაც ჩვენ კანონპროექტს განვიხილავდით, ასევე გავითვალისწინეთ ყადაღის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების ანგარიშებთან მიმართებაში და არამარტო ანგარიშებთან. ყადაღა გამოიყენება ქონებასთან მიმართებაში და, როდესაც კონტროლის პალატას მიენიჭა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის განხილვა, ბუნებრივია, რომ ყადაღის დაკისრების ფუნქციაც კონტროლის პალატის უფლებად განისაზღვრა“, - ამბობს თაქთაქიშვილი.

მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, ამ მექანიზმს ხელისუფლება როგორ გამოიყენებს და, თუკი მიმდინარე პროცესებს გავითვალისწინებთ, ძალიან რეალური ჩანს ის ეჭვი, რომ ხელისუფლებისთვის ეს კიდევ ერთი ბერკეტი იქნება ოპოზიციის წინააღმდეგ.