სომხები ფრიდონ თოდუას ბოდიშის მოხდას „ურჩევენ“

სომხები ფრიდონ თოდუას ბოდიშის მოხდას „ურჩევენ“

ქართული საპარლამენტო დელეგაციის ბაქოში ვიზიტი ლამის დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდა. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართველ კოლეგას ფრიდონ თოდუას „ისტორიის არცოდნაში“ ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ურჩევს. თოდუა „სხვის სააქმეში არ ვერევი მეს“ პრინციპით ბრალდებას უარყოფს.            

სომეხი ვიცე-სპიკერი ედუარდ შარმაზანოვი ქართველი კოლეგის განცხადებას „არაკორექტულს“ უწოდებს.

„Новости–Армения“-ს ინფორმაციით, საქმე ეხება ფრიდონ თოდუას მიერ ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „საქართველო და აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებენ, რამდენადაც ეს მათი მიწებია“.

სააგენტოსთან საუბრისას შარმაზანოვმა აღნიშნულ განცხადებას „რეალობისგან შორს მყოფი აბსურდი“ უწოდა.

„თოდუას საყურადღებოდ - სომხეთის არც ერთი ოფიციალური პირი მესამე ქვეყნის პრობლემასთან დაკავშირებით არაკორექტული განცხადებით არასოდეს გამოსულა“, - განაცხადა შარმაზანოვმა და თოდუას ურჩია, „ქართლის ცხოვრებას“ გაეცნოს, სადაც ნათლადაა მითითებული, ვინ არის ამ რეგიონში ავტოქტონიური ერი“:

„კრებულში ნახსენები არიან როგორც სომხები, ისე - ქართველები, იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანელებზე „ქართლის ცხოვრებაში“ სიტყვაც არ არის ნათქვამი. შესაძლოა, როდესაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას გაიგებს, თოდუამ მეზობელი ერის წინაშე ბოდიში მოიხადოს“.

სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფრიდონ თოდუა კატეგორიულად უარყოფს:

„მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ადგილობრივ მედია-საშუალებებს ერთობლივი ინტერვიუ მივეცით, მაგრამ აღნიშნული არ მითქვამს. მე მაინტერესებს, საქართველო იყოს ერთიანი, მაგრამ დანარჩენი ქვეყნების პრობლემებში არ ვერევი“.

თოდუას თქმით, ქართული დელეგაცია ბაქოში ჩავიდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის (პარლამენტის) წევრებსა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. დელეგაციის წევრები მეორე დღეს ასევე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.

თავის მხრივ, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის შეიხულისლამ ალლახშუკიურ პაშაზადეს განცხადებით, „სომხეთი და სომხები საქართველოსთვის მეგობრები არასოდეს იქნებიან“.

„АРА - Azeri-Press Agency“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პაშაზადემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ვიცე-სპიკერი ფრიდონ თოდუა ხელმძღვანელობდა.

მისივე თქმით, „ქართულ-აზერბაიჯანული კავშირები ყოველთვის მაღალ დონეზე იყო და ეს ორივე სახელმწიფოს განვითარებაზე დადებითად აისახება“.

ამასთან, პაშაზადემ გაიხსენა, რომ „ბაქოს 1990 წლის იანვრის ტრაგიკულ მოვლენებამდე საბჭოთა არმიამ მსგავსი ტრაგედია 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მოაწყო“ და აღნიშნა, რომ „სომხეთი და სომხები საქართველოსთვის მეგობრები არასოდეს იქნებიან“.

თავის მხრივ, ფრიდონ თოდუამ აღნიშნა, რომ „როგორც აზერბაიჯანში, ისე საქართველოში რელიგიურ ლიდერებს ღრმა პატივისცემითა და განსაკუთრებული პატივით ეკიდებიან“.

ამასთან, მან პაშაზადე საქართველოში მოიწვია: „ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით, საქართველოში გიხილოთ“.

თავის მხრივ, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელმა განირა პაშაევამ აღნიშნა, რომ „პაშაზადე მსგავს საკითხებში ყოველთვის ცალსახა პოზიციის დემონსტრირებას ახდენს“.