18 აინვარს Yahoo!-ს ერთ-ერთმა დამაარსებელმა, მისმა სულმა და გულმა ჯერი იანგმა კომპანია დატოვა. ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა Yahoo!-ს დირექტორთა საბჭო აქციონერთა ზეწოლის გამო დატოვა. ეს უკანასკნელნი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ იანგმა ბოლო დროს პრობლემების მქონე Yahoo!-ს Microsoft-ის მიერ შეძენას ხელი შეუშალა. ასე რომ ადამიანი, რომლის სახელი განთქმულ ინტერნეტ-კომპანიასთან სრულად ასოცირდებოდა, ამიერიდან სხვა სფეროში იმოღვაწევებს.
ჩინელი Yahoo!
ჯერი იანგი დაიბადა 1968 წელს ტაივანში, ჩინეთიდან ლტოლვილთა ოჯახში. ჯერი ორი წლის, მისი უმცროსი ძმა კი ერთისაც არ იყო, როცა მამა გარდაეცვალათ და შემდგომში მათ დედა, ტაიბეის უნივერსიტეტის ინგლისური ენის მასწავლებელი ზრდიდა. ქალს ზარავდა აზრი, რომ ოდესმე მის შვილებს ტაივანის არმიაში გაიწვევდნენ და ამიტომაც აშშ-ში გადაბარგება გადაწყვიტა. მისი გეგმა 1978 წელს, ამერიკასა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთანავე განხორციელდა.
დედის პროფესიის მიუხედავად, ჯერის და მის ძმას ინგლისურად ორი სიტყვის წარმოთქმაც არ შეეძლოთ. თუმცა, საკმაოდ გამჭრიახმა ბავშვებმა ახალი სამშობლოს ენა ძალიან მალე აითვისეს. მართალია, გამოთქმა კარგა ხანს არ უვარგოდათ და სკოლაში დასცინოდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, მათემატიკის გაკვეთილზე ყველა მათ კარნახს ელოდა.
ჯერიმ სკოლა შესანიშნავად დაამთავრა და ყველა კოლეჯში, რომელშიც საბუთები გაგზავნა, სტიპენდია მოიპოვა. ცხადია, იანგმა მათგან ყველაზე გათქმული, სტანფორდის აირჩია. თანაც, ამ სასწავლებელში პირველსავე წელს პროფილური საგნის არჩევას არ ითხოვდნენ. ჯერის ინჟინრობა კი სურდა, მაგრამ საკუთარ თავში მთლად დარწმუნებულიც არ იყო.
სკოლაში აღებული ტემპი ჯერიმ სტანფორდშიც შეინარჩუნა. ოთხ წელში მან არა მარტო ელექროტექნიკის ბაკალავრის, არამედ მაგისტრის ხარისხიც მიიღო. ამასთან იგი ძალიან ბევრს მუშაობდა, მათ შორის ბიბლიოთეკარის თანაშემწედაც. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რადგან სწორედ ბიბლიოთეკაში პირველად გაიგო, როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის სისტემაში
მოყვანა.
თანამოაზრე
იანგმა თავისი მომავალი ბიზნეს-პარტნიორი დევიდ ფილო სტანფორდის ასპირანტურაში სწავლისას გაიცნო. ისიც ჯერის მსგავსად სპორტით, მათემატიკით და საინჟინრო საქმით იყო გატაცებული და ერთმანეთს იოლად გაუგეს. განსაკუთრებით კი 1992 წელს სტუდენტური გაცვლის პროგრამით იაპონიაში ექვსთვიანი მოგზაურობისას დაახლოვდნენ.
სხვათა შორის, ეს ნახევარი წელი მეგობრებმა, ყველაფერთან ერთად, საჭირო კავშირების დასამყარებლად გამოიყენეს. მათ მიერ გაცნობილთა შორის იყვნენ ჯერი იანგის მომავალი მეუღლე აკიკო იამაზაკი და სტანფორდის კიდევ ერთი აღზრდილი, ხელოვნური ინტელექტის და ინფორმაციის ორგანიზაციის პრობლემებზე მომუშავე შრინიჯეი შრინივასონი, რომელიც მოგვიანებით Yahoo!-ს რედაქტორი გახდა.
ასე რომ, გასაკვირი სრულიად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ წლების შემდეგ Yahoo!-ს პირველი უცხოური განყოფლება სწორედ იაპონიაში გაიხსნა.
ფანჯარა სამყაროში
როცა მეგობრები კალიფორნიაში დაბრუნდნენ, მათი სტანფორდელი მეგობრები გამუდმებით ახალ პროგრამა “მოზაიკაზე”, ერთ-ერთ პირველ, პრიმიტიულ ბრაუზერზე, რომლის საშუალებითაც მსოფლიო კომპიუტერულ ქსელში საჭირო ინფორმაციის მოძებნა შეიძლებოდა, საუბრობდნენ. აღმოჩნდა, რომ კომპიუტერი შეიძლება ინფორმაციის სამყაროში გაჭრილი ერთგვარი ფანჯარა იყოს. ჰოდა, იანგს იდეა ეწვია ამით ესარგებლათ.
ინტერნეტმა მეგობრები სამუდამოდ დაიპყრო. მათ მიერ შექმნილი პირველი პროექტი “მოზაიკის” გამოყენებით “ნბა”-ს მოთამაშეების სტატისტიკური მონაცემების შეკრებისა და განახლების საშუალებას იძლეოდა. ჯერიმ ძალები ვებ-დიზაინშიც მოსინჯა და სუმოს მოჭიდავეებისადმი მიძღვნილი საიტი შექმნა.
1993 წლის ბოლოს იანგმა სწორად შენიშნა, რომ რაც უფრო მდიდრდება და ფართოვდება მსოფლიო კომპიუტერული ქსელი, რიგით მომხმარებელს მით უფრო უძნელდება მასში ორიენტირება და სასურველის მიგნება. ჰოდა, გადაწყვიტა შეექმნათ პროგრამა, რომელიც ინტერნეტ-რესურსის კატეგორიების მიხედვით დალაგებას შეძლებდა. ასე გაჩნდა “მსოფლიო კომპიუტერულ ქსელში ჯერის გზამკვლევი”, რომელსაც ცოტა ხანში Yahoo! უწოდეს.
მეგობრების ქმნილება ძლიერ პოპულარული გახდა. 1994 წლის ბოლოს მათ აღმოაჩინეს, რომ Yahoo!-ს დასახვეწად გამუდმებით მუშაობდნენ და სტანფორდის კომპიუტერული ქსელი უმრავი მომხმარებლის გამო დატვირთვას ვერ უძლებდა.
ისინი დარწმუნდნენ, რაღაც მართლაც მნიშვნელოვანი შექმნეს, სადოქტორო დისერტაციებზე მუშაობა მიატოვეს და მთელი ყურადღება Yაჰოო!-საკენ მიმართეს.
ჰობი და პროფესია
ასპირანტურის მიტოვების მიუხედავად, იანგი და ფილო ჯერ კიდევ დარწმუნებული არ იყვნენ, რომ Yahoo!-თი ბიზნესის გაკეთებას შეძლებდნენ. მეგობრებმა ერთ ხანს ინტერნეტით სახელმძღვანელოების გაყიდვაც კი დაიწყეს. სხვათა შორის, ეს Amazon.com-ის დაარსებამდე ორი წლით ადრე ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც იანგს და ფილოს დასპონსორების მსურველმა ბიზნესმენებმა ერთი-მეორის მიყოლებით მიმართეს, მეგობრები მიხვდნენ, რომ Yahoo!-ს მათთვის დიდი ფულის მოტანა შეეძლო. მათ სტანფორდის კიდევ ერთი სტუდენტის ტიმ ბრეიდის დახმარებით ბიზნას-გეგმა შეიმუშავეს და 1995 წელს Yაჰოო! დარეგისტრირდა როგორც კომპანია.
ისინი არაერთ მეწარმეს შეხვდნენ და, საბოლოოდ, საინვესტიციო ფონდ შექუიოა ჩაპიტალ-ის თავკაც მაიკლ მორიცზე, რომელიც ინტერნეტის მომავლის მიმართ ძლიერ ოპტიმისტურად იყო განწყობილი შეჩერდნენ. შედეგად, იანგს და ფილოს უკვე მილიონი დოლარი ჰქონდათ და პირველი კლასის კომპანიის შესაქმნელად შესაბამისი კადრების ძიება დაიწყეს.
ამგვარი 43 წლის ტიმოთი კლუგი აღმოჩნდა, რომელსაც ერთობ დიდი გამოცდილება ჰქონდა და რამდენიმე საკმაოდ მაღალი დონის კომპანია შეექმნა. ამ მკაცრ კაცს მიზანსწრაფული ახალგაზრდები ძალიან მოეწონა და მათი წინადადება მიიღო.
იანგის და ფილოს გათვლა გამართლდა. კლუგმა საქმე ხელი მონდომებით მოკიდა და პირველ რიგში მიზნად Yahoo!-ს ცნობადად ქცევა დაისახა. ჰოდა, Yahoo! პირველი ინტერნეტ-კომპანია გახდა, რომელმაც მედიაში სარეკლამო კამპანიისათვის 5 მილიონი დოლარი დახარჯა. კიდევ ამდენი Netckape-ს გადაუხადეს, რომ რეკლამა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ბრაუზერზე განეთავსებინა. ამასთან, იანგი პირველი მიხვდ, რომ მათ კომპანიას მთლიანად სარეკლამო შემოსავლებით შეეძლო ეარსება.
Yahoo! მაღალი ტემპით ვითარდებოდა, იანგი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ინტერნეტ-ბიზნესით მილიარდერი გახდა. ამ დროისათვის მისი კაპიტალი 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Yahoo!-ს საქმე ცუდად წავიდა, ჯერ იყო და პოპულარობის მხრივ Google-მ გაუსწრო, შემდეგ კი კომპანიას ფინანსური თვალსაზრისითაც გაუჭირდა, გაუფასურდა მისი აქციები. კომპანიამ რამდენიმე დირექტორი გამოიცვალა, მაგრამ არაფერი ეშველა.
როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, Yahoo!-ს არაერთი მყიდველი გამოუჩნდა, მათ შორის ყველაზე რეალური და სარფიანი Mიცროსოფტ-ის წინადადება იყო. ამგვარად შეიძლებოდა აქციონერთა თანხების გადარჩენა. მაგრამ ჯერი იანგი, რომელსაც მნიშვნელოვანი პოსტი აღარ ეჭირა და მხოლოდ აქციების 3,8 პროცენტს ფლობდა, მაგრამ მაინც დიდი გავლენა ჰქონდა, თავისი პირმშოს გასხვისების წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად იანგს მოუწია კომპანიიდან წასვლა და Yahoo!-ს ობლად დატოვება.
1021
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85