აფხაზებისთვის და ოსებისთვის შეთავაზებული ნეიტრალური დოკუმენტები ჩეხეთმა და იაპონიამ სცნეს

აფხაზებისთვის და ოსებისთვის შეთავაზებული ნეიტრალური დოკუმენტები ჩეხეთმა და იაპონიამ სცნეს

ხელისუფლება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქის მოწმობა მიღებული არ აქვთ, სტატუს-ნეიტრალურ პირადობის მოწმობასა და სამგზავრო დოკუმენტს სთავაზობს.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი აფხაზებსა და ოსებს საქართველოს მოქალაქეობის აღიარების გარეშე საზღვარგარეთ (იმ ქვეყნებში, რომლებიც ამ ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებენ) გამგზავრების საშუალებას აძლევს.

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს შეუძლიათ პირადად, მესამე პირის მეშვეობით ან საქართველოში მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც  მოწმობის მიწოდების საკითხზე თანხმობას გამოხატავს.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტები ორმა ქვეყანამ - ჩეხეთმა და იაპონიამ სცნეს. მისივე თქმით, „სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს“. 

თუმცა, „თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. როგორც კუკავას პარტიაში აცხადებენ, ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის მოსახლეობისთვის ე.წ. ნეიტრალური პასპორტების დარიგებას ეწინააღმდეგება და გადამჭრელი ზომების მიღებასაც გეგმავს იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ამ პროცესს კურირებს:

„ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთ ცალმხრივად მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რაც კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, ამწვავებს სიტუაციას.

მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება აფხაზი ხალხის ინტერესებს, უნდა გადაწყდეს ორმხრივი მოლაპარაკების და შეთანხმების გზით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკება ნეიტრალური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით და სამომავლოდ გადაწყვეტილებები მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღოს“.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი საერთაშორისო ორგანიზაციებს „რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევებით“ დაემუქრა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ანქვაბს აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს საქართველოს მიერ დამტკიცებული ე.წ. ნეიტრალური პასპორტით.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთს დატოვებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მოქალაქეებს ნეიტრალური პასპორტით სარგებლობას შესთავაზებენ.

„ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მოგზაურობები აფხაზური პასპორტებით განხორციელდეს. ის ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეებს ე.წ. „ნეიტრალურ პასპორტებს“ შესთავაზებენ, აფხაზეთს დატოვებენ“, - განაცხადა ანქვაბმა ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრაზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ კი თავის დროზე არ გამორიცხა, რომ ნეიტრალური პასპორტები გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს შორის მოთხოვნადი იყოს.

შამბას თქმით, ქართული მხარის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის ნეიტრალური პასპორტების შეთავაზება პოპულისტური ნაბიჯია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი პასპორტები გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებში მოთხოვნადი იყოს:

„40 ათასზე მეტი რაოდენობის მოსახლეობიდან რეგიონში აფხაზური პასპორტი მხოლოდ 9 ათასმა ადამიანმა მიიღო. ბევრს, შესაძლოა, ქართული მოწმობები აქვს, თუმცა მათ აფიშირებას არ ახდენენ. მნიშვნელოვან ნაწილს აქამდე არანაირი დოკუმენტი არ აქვს და რაიონის ამ კატეგორიის მოსახლეობას ნეიტრალური პასპორტი, როგორც არასდროს, ისე გამოადგება“.

შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური პასპორტების დარიგებასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შევიდა.

კანონპროექტის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, გაიცემა პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

საკანონმდებლო ინიციატივის პაკეტის თანმდევი კანონპროექტში „მკაცრი აღრიცხვების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ნათქვამია, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო რეგისტრაციაში გაატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

დოკუმენტზე სახელმწიფო გერბი სრული სახით არ იქნება გამოსახული.

ცვლილება შევიდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც, ის პირები, რომლებზედაც გაცემული იქნება პირადობის ნეიტრალური მოწობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, უფლებამოსილნი იქნებიან შევიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი მიმართულებით.