დიპლომატები მოსკოვს ტოვებენ

დიპლომატები მოსკოვს ტოვებენ

[ნინო ჯაფარიძე]
დიპლომატები მოსკოვს ტოვებენ. გერმანიის საელჩომ რუსეთში გუშინ, 6 აგვისტოს საღამოს, მუშაობა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე შეაჩერა. შენობაში მხოლოდ მორიგე თანამშრომლები დარჩნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ფრანსპრესი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყება საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს არ მოინახულოს რუსეთის ის რეგიონები, სადაც ბუნებრივი ხანძრები დაფიქსირდა.

დიპლომატები გაიწვია ავსტრიამ, პოლონეთმა და კანადამ. აშშ-ის, საფრანგეთის, ბულგარეთის საელჩოებმა კი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს რუსეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. არაოფიციალური მონაცემებით, მოსკოვიდან საელჩოს თანამშრომელთა შვილების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომელთა გაყვანას კიდევ რამდენიმე ქვეყანა გაგმავს.

განცხადებაში, რომელიც რუსეთში გამგზავრების მსურველი მოქალაქეებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ბუნებრივი ხანძრებისა და ანომალური სიცხის გამო, რუსეთის ცლკეულ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ატმოსფეროს დაბინძურების დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია.

სააგნეტო NASA- ს ინფორმაციით, ცეცხლი კარგად ჩანს და კვამლმა სტრატოსფეროში, 12 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია. სააგენტოს მიერ გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ ხანძარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 3 000 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ძლიერი კვამლის გამო 60-მდე თვითმფრინავი იძულებული გახდა მოსკოვის ნაცვლად შორიახლო ქალაქებში ან უკრაინაში დაშვებულიყო. დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტმა ათობით რეისი გადადო. გადაწყვეტილებას დაშვებისა და აფრენის შესახებ ეკიპაჟის წევრები თავად იღებენ. „როსავიაციის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით აეროპორტში ხილვადობა 4 კილომეტრია.

მოსკოვში კვამლმა უკვე შეაღწია არა მხოლოდ სახლებსა და ოფისებში, არამედ მეტროშიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სისტემაა. ტყის და ტორფის ნამწვავის მძიმე სუნი სუნთქვას ართულებს. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ხილვადობა 100 მეტრს არ აღემატება. მეტეოროლოგთა მონაცემებით შაბათის ამინდის პროგნოზი კვამლის გაფანტვის იმედს არ იძლევა.

ხანძრები ტყეეებში და ანომალიური სიცხეები რუსეთის უდიდესი და უძველესი ბირთვულ სექტორის მუშაობას აფერხებს. საროვის ბირთვული კვლევების საიდუმლო ცენტრთან სტიქიას 2000-მდე მეხანძრე ებრძვის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ცდილობს ცეცხლის დასავლეთით, ბრიანსკის რაიონისკენ გავრცელება შეაჩეროს, სადაც 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი ავარიის შემდეგ ატომური ნარჩენების სამარხია განთავსებული. ამ ტერიტორიაზე ცეცხლის გავრცელების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონოს.

მსოფლიოში უდიდეს, რუსეთის ტყიანი მასივების მიუდგომელ ადგილებში ხანძრის ლოკალიზებას რობოტიზებული ტექნიკის და ავიაციის გამოყენებით ცდილობენ.

ადამიანები ქუჩაში სამედიცინო ნიღბების გარეშე ვერ გადაადგილდებიან. ტოქსიკური ნივითერებების კონცენტრაციამ დაშვებულ ნორმას ხუთჯერ გადააჭარბა. თითქმის აღარ ჩანს ქალაქის ღირსშეასანიშნაობები, მათ შორის კრემლიც. მზე მოჩანს როგორც მცირე, მქრქალი დისკი.

„სიტუაცია მართლაც ექსტრემალურია. ადამიანები იმყოფებიან პირობებში, რომელში ცხოვრებაც შეუძლებელია“, - ამბობს ერთ-ერთი ცნობილი რუსი ექიმი, ჯანმრთელობის ნაციონალური ჯგუფის ლიგის წევრი ივან იურლოვი.