რუსეთში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მსხვილი და მოსკოვში განხორციელებული ბოლო დეველოპერული პროექტი იყიდება, - წერს ”კომერსანტი”. საცხოვრებელი კომპლექსის ”სადოვიე კვარტალის” მყიდველებთან მოლაპარაკებები დაწყებულია. პროექტი 500 მლნ დოლარად არის შეფასებული.
როგორც ივანიშვილის პარტნიორი, კონსტანტინე კოვალევი განმარტავს, პროექტში ამ დროისთვის განხორციელებული ინვესტიცია 400 მლნ დოლარია, თუმცა კომპლექსის დასასრულებლად კიდევ 900 მლნ დოლარია საჭირო.
მოსკოველი ბროკერების ინფორმაციით, მისი შეძენის ყველაზე რეალური პრეტენდენტია ამერიკული დეველოპერი Hines, თუმცა ივანიშვილის კომპანია ”უნიკორში” აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე პოტენციურ მყიდველთან მიმდინარეობს.
”სადოვიე კვარტალი” ივანიშვილის ბოლო მსხვილი დეველოპერული პროექტია რუსეთში. ამ კომპლექსში ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე 10 000-12 000 დოლარს აღწევს. თუმცა, კოვალევის განცხადებით, ამ რაიონში ახალი მშენებლობები აკრძალულია, რითაც კომპლექსი მყიდველებს კიდევ უფრო დააინტერესებს.
კომპლექსი მოსკოვის ელიტურ რაიონში 450 000 კვადრატული მეტრზეა განთავსებული და რამდენიმე კვარტალს მოიცავს. მასში 550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, და რამდენიმე საბავშვო ბაღია გათვალისწინებული. დასახლებაში მხოლოდ საგანგებო დანიშნულების ტრანსპორტი იმოძრავებს, ჩვეულებრივი ავტოტრანსპორტი კი მიწისქვეშა გზებით გადაადგილდება. ”სადოვიე კვარტალი”, როგორც საუკეთესო პროექტი ”ტერიტორიის კომპლექსური ათვისების საკითხში”, ახლახან Urban Awards 2011-ის პრემიით დაჯილდოვდა.
მიუხედავად განცხადებისა, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, რუსეთში არსებულ ბიზნესს მთლიანად გაყიდდა, ივანიშვილი რუსული აქტივებისგან ეტაპობრივ გათავისუფლებას არჩევს. ამის შესახებ რუსულ პრესას ”უნიკორის” ჯგუფთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ”რუსული კოლექციიდან” ყველაზე ძვირფასი აქტივი სწორედ დეველოპერული ბიზნესია. ”უნიკორის” პორთფელში 1 მლნ კვადრატულ მეტრზე განთავსებული უძრავი ქონება შედის. ”სადოვიე კვარტალის” გარდა, მის დეველოპერულ ბიზნესს ეკუთვნის 64 000 კვმ. კომპლექსი Summit და განახლებული 200-ნომრიანი სასტუმტრო ”ცენტრალნაია”, რომელსაც 18 000 კვმ. ფართობი უჭირავს.
რუსული პრესის ცნობით, უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს კომპლექს Summit-თან დაკავშირებითაც, რომელშიც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო InterContinental Moscow Tverskaya შედის. კომპლექსი 550 მლნ დოლარად იყიდება.
მომზადებულია kommersant.ru-სა და rbcdaily.ru-ს მიხედვით.
989
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85