კახა მჭედლიძე, "თავისუფლება"
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და ინფლაციის დონის გამოანგარიშება განახლებული ”სამომხმარებლო კალათის” მიხედვით დაიწყო. ახალი სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც, „საქსტატის“ აზრით, უფრო საიმედოს გახდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს - ინფლაციის მაჩვენებელს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე სამომხმარებლო ფასების გამოანგარიშების ახალი მეთოდი.
ინფლაციის პრობლემამ ნაწილობრივ აქტუალობა დაკარგა, რადგან გასული წელი საქართველომ ერთნიშნა ინფლაციით დაასრულა. მიუხედავად ამისა, სამომხმარებლო ფასების დონე და მისი გამოანგარიშების მეთოდოლოგია გულგრილს არ ტოვებს არც ეკონომიკის ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს და არც რიგით მოქალაქეებს. მოქალაქეების უმრავლესობა 2011 წლის მანძილზე პროდუქციის გაძვირებას უჩიოდა, თუმცა კი წლის ბოლოს ამბობდნენ, რომ ფასები სტაბილური გახდა და ზოგიერთი პროდუქტი გაიაფდა კიდეც.
გაცილებით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ხელისუფლების ოპონენტი ეკონომიკის ექსპერტები, მათ შორის გია ხუხაშვილი, რომელმაც რადიო ”ეხო კავკაზას” განუცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლები რეალური არ არის:
”სინამდვილეში ეს ციფრი არაფერზე არ მეტყველებს. საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს პირველადი დანიშნულების პროდუქციას, ხოლო ინფლაციის გამოსათვლელ ფორმულაში წარმოდგენილია ისეთი ნივთები, რომლებსაც, პრინციპში, მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ შეიძენს. ამიტომ არავითარ შვებას ამ ოპტიმისტური ციფრებით საშუალოსტატისტიკური ქართველი არ გრძნობს.”
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ეკონომიკის კიდევ ერთმა ექსპერტმა, ვაჟა ბერიძემ. თუმცა ამ და სხვა ექსპერტების კრიტიკული მოსაზრებები არ გამხდარა მიზეზი სამომხმარებლო კალათის განახლებისა.
ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, სამომხმარებლო კალათაში სასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 40-დან 30 პროცენტამდე მცირდება. ”საქსტატის” დირექტორის მოადგილის თენგიზ ცეკვავას განცხადებით, აღნიშნული ცვლილება შეამცირებს სურსათის ჯგუფის გავლენას ინფლაციის საერთო მაჩვენებლის ფორმირებაზე:
”12 სასაქონლო ჯგუფია და ცალკეული წონები აქვთ. სურსათი იყო 40 და 30-მდე შემცირდა... ვთქვათ, თუ სურსათის ფასები გაიზარდა, იმდენად დიდი ეფექტი არ ექნება, როგორიც შარშან და, პირიქით, თუ სურსათის ფასები შემცირდა, ინფლაცია ისე არ შემცირდება.”
განახლებულ სამომხმარებლო კალათაში 12 სასაქონლო ქვეჯგუფი სულ 288 პროდუქტისგან შედგება, რომელთა შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი ეროვნულ ანგარიშთა სისტემაზე დაყრდნობით მიიღებს. ამ სისტემის მიხედვით ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის გამოანგარიშება. აქამდე სამომხმარებლო კალათა შინამეურნეობების გამოკითხვით ფორმირდებოდა. აღნიშნული ცლილება საქართველოს სტატისტიკის სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას უკავშირდება ,- ამბობს ”საქსტატის” დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა.
თენგიზ ცეკვავას განცხადებით, სამომხმარებლო კალათის მეთოდოლოგიაში შეიცვალა რეგიონებისა და ქალაქების წონის სისტემაც და სხვა პარამეტრები. სწორედ მათი მეშვეობით მოხდება იანვრის თვის ინფლაციის გამოანგარიშება
941
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85