საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ინტერვიუ ჟურნალ "სთაილთან".
- ქალბატონო ვერა, იტალიაში რამდენადმე მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავებას ალბათ, თითქმის საპენსიო ასაკამდე ვერ შეძლებდით. როგორ მოახერხეთ, 28 წლის ასაკში ეკონომიკის მინისტრი გამხდარიყავით?
- ცოტა ხნის წინ თურქეთში რამდენიმე იტალიელი მეწარმე გავიცანი. ერთმანეთი გაგვაცნეს და როცა ვუთხარი, რომ მინისტრი ვიყავი, უნდობლობით შემომხედეს. შემდეგ ერთმა მათგანმა დაამატა: "ჰო, დიახ, იტალიაშიც გვყავს ქალები პოლიტიკაშიო..." დღის ბოლოს ის მეწარმე კვლავ მოვიდა ჩემთან, მომიბოდიშა და მითხრა: "უზრდელად მოვიქეცი, თქვენ შესანიშნავად იცით თქვენი საქმე, ჩვენ მოხიბლულები ვართო".
- უნდა მიუტევოთ, რადგან იტალიელები მაჩოებივით ვართ და ლამაზმანებს საქმის გამკეთებლად არ მივიჩნევთ...
- "მაჩო" მხოლოდ იტალიური მოვლენა არ არის. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობაში ახალგაზრდა ქალებმა მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავეს, თავიდან აქაც რთულად მიიღეს. მაგალითად, ორიოდე წლის წინ ჩემს წინააღმდეგაც ატყდა ხმაური "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ერთი ძველი ფოტოს გამო. მასზე ჩემს დასთან ერთად ფლორიდაში გამართულ წვეულებაზე ვარ გადაღებული. არაფერი უხერხული იმ ფოტოზე არ არის, ვცეკვავდით და ვხუმრობით, ვარსკვლავებს ვასახიერებდით. თუ სულ ეს არის, რის გამოც შეიძლება, მომედავონ, არაფერი მაქვს სანერვიულო.
- თქვენ დიდხანს იცხოვრეთ კანადაში, ვანკუვერში და გახდით მინისტრი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი იყო ნიუ-იორკში და 36 წლის ასაკში ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი ფრანგია და 32 წლისაა. რაფაელის მეუღლე ეკა ზღულაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, როცა 27 წლის იყო. თორნიკე გორდაძე 35 წლის ასაკში პარიზიდან დაბრუნდა, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის კარიერა ჰქონდა, რათა ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნულიყო. მართალია, რომ თქვენ "ერაზმუსის" მთავრობას გიწოდებენ?
- ეს ტერმინი თავიდან ჩვენს მიმართ ჩვენი ოპოზიციის მიერ გამოიყენებოდა ირონიით, როგორც გამოუცდელი და კოსმოპოლიტი ახალგაზრდობის ეპითეტი. ცხადია, რომ ჩვენს ზურგს უკან ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა არ არის, რაც შეიძლება, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში უპირატესობაა და არა ნაკლი. მიხეილ სააკაშვილს სურდა, მის გუნდში ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უწინდელ რეჟიმთან არც გარიგებებით და არც მენტალობით იქნებოდნენ დაკავშირებული. საჭირო იყო "თაობაზე გადაბიჯება", რათა წარსულთან კავშირი გამწყდარიყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მამების თაობა ღირსეული არ არის, მაგრამ სულ ახლახანს შობილ დემოკრატიას ენერგია, ენთუზიაზმი და საერთაშორისო ხედვა სჭირდებოდა.
- იმის შესახებ, რაც საქართველოში 2003 წლიდან ხდება, "ეკონომისტი" ამბობს, რომ ეს "მენტალური რევოლუციაა". ახლა რა ხდება?
- ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ პრობლემებისთვის თავის გართმევა შეგვიძლია. ჩვენი ეკონომიკა 6%-ით იზრდება, რაც თითქმის ჩინეთის მაჩვენებელს უტოლდება და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპისთვის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი ის 1% შეადგენს, ხოლო პესიმისტურით, საერთოდ რეცესიაზეა საუბარი. საერთაშორისო ფინანსური კრიზისის ვითარებაში, როდესაც შეერთებული შტატები თავის რეიტინგს კარგავს, საფრანგეთი თავგანწირვით ცდილობს მის შენარჩუნებას, ხოლო ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიცა იტალია და ესპანეთი სარეიტინგო სააგენტოების სიაში ქვეითდებიან, საქართველომ პირიქით, აღმასვლა განიცადა. შედეგი სახეზეა.
- რაში მდგომარეობს ქართული ბუმი?
- სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქვეყანას სტრატეგიული მდებარეობა აქვს. საქართველო დერეგულაციის პოლიტიკას ატარებს. 2007 წელს ამან ქვეყანას მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-იანი ზრდის საშუალება მისცა. შემდეგ, 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის გამო ზრდა შეჩერდა. 2010 წელს, როდესაც ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, მშპ 6,4%-ით გაიზარდა და 2011 წლისთვის 5,5% უნდა ყოფილიყო. ქვეყანა ცდილობს, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობისა (სადაც დაკავებულია ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 55%) და ტურიზმის (ასევე მზარდია, 1,5 მლნ ტურისტით 2009 წელს და ყოველწლიურად მათი რაოდენობის 16%-ანი ზრდით) განვითარებას.
- თქვენს პრეზიდენტსა და მთავრობას ხშირად ოპოზიციის უფლებებისა და დემოკრატიული თამაშის წესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. ამაზე რას უპასუხებთ?
- ამ კრიტიკას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, რადგან ამგვარი გამოსვლები ქართული სპორტის სახეობაა, როგორც სააკაშვილს უყვარს თქმა და ეს არავისთვისაა საკამათო. ცალკეული შემთხვევები ყველგან ხდება, ბოლოდროინდელ იტალიაშიც ვნახეთ... … უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ მაინც დემოკრატია ვართ, სადაც არიან პარტიები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, დამოუკიდებელი მედია, ტარდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებული არჩევნები. მართალია, ბევრი სამუშაოა კიდევ გასაწევი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ ნულიდან დავიწყეთ.
- თქვენ აფხაზეთში დაიბადეთ, ეს რეგიონი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული და დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია. თქვენ დიდხანს სწავლობდით ვანკუვერში. რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- მე ერთ-ერთი ვარ იმ 500.000 ქართველიდან, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ თავისი ქალაქებიდან და სოფლებიდან იქნენ განდევნილნი. კანადაში მამაჩემის საცხობ საწარმოში ვმუშაობდი, ადგილობრივ ტელევიზიაში ჟურნალისტი ვიყავი და თან ვსწავლობდი. დამთავრების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი, რათა ქართველ დევნილებს დავხმარებოდი, რომლებიც ისევე, როგორც ჩემი ოჯახი, იძულებულნი იყვნენ, აფხაზეთი დაეტოვებინათ. ამ მიზეზით დავბრუნდი თბილისში, ჯერ - რამდენიმე თვით, ხოლო შემდეგ - სამუდამოდ.
- როგორ ვითარდება თქვენი ურთიერთობები რუსეთთან?
- 2008 წლის ომის შემდეგ ეს ურთიერთობები ჯერ კიდევ ძალიან შორს არის მოგვარებისგან, პუტინი მუქარას კვლავ განაგრძობს. მისი მიზანია, კონტროლი აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ამიტომ მათ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო დააწესეს, რაც დღესაც გრძელდება და ჩვენი ეკონომიკისთვის სერიოზული დარტყმაა. თუმცა საინტერესო რამეებიც ხდება... მაგალითად, ქართული ღვინო ყოველთვის საუკეთესოდ იყო მიჩნეული ამ რეგიონში და მისი შეძენა მოსკოვში უკვე შეუძლებელია, მაგრამ რუსებმა იციან, რომ რესტორანში პირველ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ თუ კარგად ჩააცივდებიან, მერე მაინც მოგართმევენ. ასე რომ, ეს აკრძალვა ჩვენს პროდუქტს უფრო სასურველსა და ძვირადღირებულს ხდის.
- საქართველო არა მხოლოდ ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. მისთვის ენერგეტიკული და გაზსადენის საკითხებიც პირველხარისხოვანია..
- ბუნებრივია. ამიტომაც ვითხოვთ თანადგომას ევროპისგან. დახედეთ გეოგრაფიულ რუქას: პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი შეიძლება, დიდად არ გაწუხებდეთ, მაგრამ თუ გსურთ, მთლიანად რუსეთზე არ იყოთ დამოკიდებული, ჩვენთანაც მოგიწევთ ურთიერთობა. ჩვენ ევროპისთვის რუსეთის ერთადერთ ალტერნატივას წარმოვადგენთ ცენტრალური აზიიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებაში.
- საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირში თქვენი ყველაზე აქტიური მოკავშირეა. 2008 წელს მისი ჩარევით რუსული აგრესია შეჩერდა, გასული წლის სექტემბერში იგი კვლავ ჩამოვიდა თბილისში, რათა თქვენთვის მეგობრობა დაედასტურებინა. თავისუფლების მოედანზე, სადაც 100.000 ადამიანი შეიკრიბა, საქართველოს, საფრანგეთის და ევროკავშირის დროშების ფონზე მან თქვა: "თბილისში მე თავს ევროპაში ვგრძნობ"...
- ეს ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი აღიარება იყო.
- თბილისის ცენტრში შენობების აღდგენა მიმდინარეობს, მათ ლამაზად ღებავენ, რითაც საბჭოთა რუხ წარსულს უარს ეუბნებიან. პრეზიდენტის სასახლისა და "მშვიდობის ხიდის" აშენება მდინარე მტკვარზე იტალიელ არქიტექტორს მიქელე დე ლუკის მიანდეს, ყველა საჯარო დაწესებულებაში ევროკავშირის დროშა ფრიალებს. რით ხსნით ასეთ მისწრაფებას ევროპისკენ, როცა ბრიუსელიდან 5.000 კმ-ით ხართ დაშორებული?
- ის, რომ ევროპასთან დაახლოება ჩვენი ფიქრისა და განზრახვის ნაწილია, არა მხოლოდ გეოგრაფიით განისაზღვრება. აქ გასათვალისწინებელია რელიგიური საკითხიც (საქართველო უზარმაზარი მუსლიმანური სახელმწიფოების - თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის გარემოცვაში განაპირა ქრისტიანული სახელმწიფო იყო, რომელმაც ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში მიიღო). მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ჩვენ ბერძნული და შემდეგ რომაული სამყაროს ნაწილი ვიყავით. ყოველთვის დასავლეთს ვირჩევდით. ჩვენთვის, რუსეთისგან განსხვავებით, ევროპა დემოკრატიას, თანამედროვეობას, თავისუფლებას და კეთილდღობას ნიშნავს. გვნახეთ და გადაიღეთ: ჩვენ უკანასკნელი ევროპელი ენთუზიასტები ვართ.
2021
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85