კობა ბენდელიანი, "ინტერპრესნიუსი"
საარჩენო კანონმდებლობის მიღების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, ასევე, ოპოზიციის პასიურობის ფონზე ხელისუფლების აქტიურობის მიზეზებზე, "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
- ბატონო სოსო, ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, ხელისუფლებას კანონით აქვს გარანტირებული არჩევნების მოგება. მაჟორიტარებისთვის 30%-იანი ბარიერი და არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაკანონებულია, ხელისუფლებას აქვს ამომრჩეველთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარების უფლება, ხოლო თუ ვინმე სხვა ამომრჩეველს დაპირებას მისცემს, ხოლო ამომრჩეველი დაპირებას მოისმენს, ისჯება. რეალური ბერკეტების გარეშეა დარჩენილი უწყებათაშორისო კომისია. თქვენი აზრით, რატომ არ აპროტესტებენ პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო კანონმდებლობას?
- ხელისუფლება აცხადებს, რომ იხვეწება საარჩევნო კანონმდებლობა, თუმცა მხოლოდ პირწავარდნილ "ნაციონალისტებს" შეუძლიათ დაიჯერონ საარჩევნო კანონმდებლობის შემოთავაზებული ფორმით "გაკეთილშობილება". ამ ცვლილებების თავი და თავი გახლავთ პანიკური შიში იმისა, რომ პოლიტიკურ ველში შემოვიდა კონკურენტი, რომელსაც პატიოსანი არჩევნების პირობებში სრულიად მკაფიო და გამჭვირვალე ნაბიჯებით შეუძლია ხელისუფლების დამარცხება. ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის ველიდან საკუთარი სურვილით გავიდა. ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შიშის კარნახით განახორციელა. ხელისუფლებას გულმავიწყობა დასჩემდა და აღარ ახსოვს სულ რაღაც 4-5 თვის წინ თუ რა დაპირებებს იძლეოდა ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ახალი საარჩევნო კოდექსის მიმართ - ჩვენ უნდა შეგვექმნა ყველაზე გამჭვირვალე, ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.
ახლა რაც შეეხება რეაქციას. როდესაც ხელისუფლების მთავარი კონკურენტი ამ თემაზე დუმს, თუმცა კომენტარი მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალებისგან მუდმივად ისმის, ცხადია, დედის წინ მარბენალი კვიცის ფუნქციას თავის თავზე რომელიმე პოლიტიკური ძალა ძნელად თუ აიღებს; მით უმეტეს ისეთი, რომელიც კიდევ არ კარგავს იმედს, რომ მოხვდება ივანიშვილის კოალიციაში. ვფიქრობ, აქცენტი გადატანილია საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის სიტუაციის ახსნა-განმარტებაზე. ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც აქვთ ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, სწორედ საერთაშორისო ურთიერთობებში მთლიანად არის ამოქმედებული და ჩვენ ვრწმუნდებით, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი დეტალებშია ინფორმირებული. მაშინაც კი, როცა მთელი კათოლიკური სამყარო ქრისტეშობას აღნიშნავდა, პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსზე დასავლეთის რეაქცია სრულიად მკაფიო იყო.
პოლიტიკური ძალები, რომლებიც ბრძანებენ, რომ ბრძოლის არსენალიდან არ არის ამოსაღები ქუჩის აქციები, რატომღაც აქტიურობისკენ სხვას მოუწოდებენ და თავად საარჩევნო კანონმდებლობაზე რეაგირებას არ აპირებენ. ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ აპროტესტებენ მხოლოდ იმას, რასაც თავად ჩათვლიან გასაპროტესტებლად. რა ქნან "ახალმა მემარჯვენეებმა", ისინი ხომ მხოლოდ საკუთარ აქციებში მონაწილეობენ. ამავე დროს, მათი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს კომისიას, რომელმაც უნდა ნახოს, რა პატიოსანი საარჩევნო სიები მზადდება წლევანდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. "ახალმა მემარჯვენეებმა" იმ პეპელას როლში ჩაიგდეს თავი, რომელსაც უმღერიან-ხოლმე - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები და ახლა თავად ეძებენ გამოსავალს, რა უფრო ღირებულია მათთვის – ამომრჩეველი, თუ ბატონ მამუკა კაციტაძის სულიერი სიმშვიდე.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვფიქრობ, რომ მათ ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, მოვლენათა განვითარების ლოგიკით თავადაც აღმოჩდნენ ივანიშვილის კოალიციაში. რასაკვირველია, ბევრად უფრო ადეკვატურია მოწოდება ცალკეული პოლიტიკური პარტიების. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა "თავისუფალი საქართველო", რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, გააერთიანონ საკუთარი ძალისხმევა პროტესტის გამოსახატად, რასაც სრულიად სამართლიანად იწვევს მოსახლეობაში უკანონო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში.
- თქვენი აზრით, რატომ არ აყალიბებს ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან და კოდექსთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას და არ მიმართავს ერთი მხრივ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობას? თქვენ კი ბრძანეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, მაგრამ სულ სხვა სურათი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობაში ცვლილებებს ყველა ერთად გააპროტესტებდა. . .
- უკვე თვეზე მეტია, რაც მე პირადად რადიო "თავისუფლების" საშუალებით საერთასორისო საზოგადოებას ვაცნობ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და ვამბობ, რომ დროა, SOS-ის რეჟიმის მოქმედებაზე გადავიდეთ იქედან გამომდინარე, თუ რას სჩადის ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ სრულიად კატეგორიულად და ცალსახად თქვა უარი პატიოსანი არჩევნების ჩატარებაზე. ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობა მიანიშნებს, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი გზით აპირებს. რასაკვირველია, პოლიტიკური ძალების ქუჩაში გამოტყუება ხელისუფლების ინტერესებშია. ამაში 26 მაისს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ხელისუფლება არჩევნებამდე დარჩენილ ყოველ შაბათ-კვირას 26 მაისად სიამოვნებით გადააქცევდა.
რასაკვირეველია, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო საკითხებში უნდა იყვნენ ერთიანნი, მკაფიონნი და პროტესტის გამოსახატავად. მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევნებთან დაკავშირებით ცალ-ცალკე აღებული პარტიის შიში და უიმედობა მათ ვერ ადგმევინებს იმ ნაბიჯს, რომ მათ შორის ერთიანობა იყოს. განვმეორდები, ნაწილს აქვს იმედი, რომ ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანდება, არსებობენ ძალები, რომლებიც ხელისუფლების სატელიტობას არ იუარებენ.
- ბატონო სოსო, პრეზიდენტის სუპერაქტიურობა მიანიშნებს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის რეჟიმში მუშაობს, საზოგადოებასთან მუშაობის თვალსაზრისით "ქართული ოცნება" და სხვა პოლიტიკური სუბიექტები, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, აშკარად პასიურობენ. ამის მიზეზი შესაძლოა, ბევრი რამ იყოს, მაგრამ უკვე შეიძლება ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე საუბარი. ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ უმრავლესობაში მოსასვლელად "ქართული ოცნების" სტრატეგია მცდარია. თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების აქტიურობას და ოპოზიციის პასიურობას?
- ზეაქტიური მხოლოდ ხელისუფლების პირველი პირია, სხვა მინისტრების, მთავრობის აქტიურობას ვერ ვხედავთ, ტელეეკრანზე მუდმივად 4-5 პარლამენტარი აქტიურობს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება მოსახლეობის ივანიშვილისგან დაცვას ცდილობს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ივანიშვლის პოლიტიკური პარტნიორები წლების მანძილზე ძირითადად კაბინეტის ლომები იყვნენ. კაბინეტის გარეთ, ხალხთან ურთიერთობისას ისინი დამაჯარებლად ვერ გრძნობენ თავს და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, კაბინეტის ლომების საქმიანობისთვის მკაფიო ცაიტნოტი ახლოვდება. ვფიქრობ, რომ ამ კოალიციის გაზრდა და გააქტიურება გარდაუვალი იქნება. "ქართული ოცნების" მოქმედების ნელი ტემპიც გასაგებია. რაზეც წუხს ქართული საზოგადოება ხელისუფლების მიერ ანტიივანიშვილური ნაბიჯების გამო, უფრო მეტ დროს მოითხოვს თავად ბატონ ბიძინასა და მისი გარემოცვისაგან, როგორც ანალიზის, ასევე შედეგების დაძლევის ან ამგვარი ნაბიჯების პრევენციის თვალსაზრისით. ახალი პოლიტიკური კოალცია იძულებულია, ფიქრობდეს არა მხოლოდ ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებზე, არამედ გარკვეულ ზღუდეებსაც აგებდეს იმ ვერაგი ნაბიჯების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არსენალში ნამდვილად გააჩნია.
- ამას წინათ, ალასანიამ განაცხადა - საარჩევნო ინფრასტრუქტურას რეალურად ვაშენებთ, 3600 უბნისთვის კომისიის წევრებსა და იურისტების ჯგუფს ვამზადებთო. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, რომ "ქართული ოცნების" ამ სტრატეგიამ გაამართლოს?
- რასაკვირველია, განვითარებული ინფრასტრუქტურა არჩევნებში წარმატების მისაღწევად აუცილებელი პირობაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პირობა წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის. თუ ყოველდღიური მუხტი არ არის შეტანილი იმ ადამიანთა ცნობიერებაში, რომლებიც ასეთ ინფრასტრუქტურას ამუშავებენ, არჩევნების წინ მათი გამოფხიზლება და საკმარისი მოტივაციის შექმნა ძალიან ძნელი იქნება. ეს უპირველეს ყოვლისა, "ქართული ოცნებისთვის" მორალურ მხარდაჭერას ეხება. მათ მოსახლეობასთან და პარტიული ხაზით თავის ხალხთან ყოველდღიურად უნდა ჰქონდეთ კავშირი. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთი მოვლენა და ხელისუფლების მზაკვრული ნაბიჯი არ უნდა რჩებოდეს რეაგირებისა და მკაფიო კომენტარების გარეშე. ხალხს პერიფერიებში საქმე სამკითხაოდ არ უნდა გაუხდეს, მით უმეტეს, რომ რეგიონებში მოსახლეობა მხოლოდ მიშავიზიების ინფორმაციების ამარაა დარჩენილი.
- ბევრი საუბრობს მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა ამგვარი ძალის ჩამოყალიბება და ვინ შეიძლება გაერთიანდნენ ამ მესამე ძალაში?
- არსებული პოლიტიკური რეალობა ბევრ პარტიას უბიძგებს, რომ ეძებონ ნიშა, რომელშიც ისინი შეიძლება წარმოჩინდნენ ახალი კოალიციის სახით. პოპულარობისა და პოლიტიკური წონის თვალსაზრისით ამგვარ გაერთიანებაში მკაფიო ფავორიტი ვერ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ რაოდენობით საკმაოდ ბევრი ჯგუფი შეადგინონ. მასში შეიძლება აღმოჩდეს ყველა, ვისაც გადაეწურება ივანიშვილის კოალიციაში მოხვედრისა და სახელისუფლო თავშესაფრის მოძებნის იმედი, გარდა "ახალი მემარჯვენეებისა", რომლებიც ბრძანებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებალდ მიიღებენ.
ჩემი აზრით, თუ "ფორუმს" გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების რესურსი აქვს, ისინი მაინც ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდებიან. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რომლებიც დღეს საპარლამენტო თავშესაფრით სარგებლობენ, მოუწევთ გარკვეულ გაერთიანებაში შესვლა, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს - პარტია "ჩვენ თვითონ" ადგილობრივ არჩევნებზე "ქრისტიან-დემოკრატებთან" გაერთიანდა, ახლა არც მეტი, არც ნაკლები, მათ "ევროპელი დემოკრატები" ჰქვიათ და უკან ჩამოიტოვეს "უდიდესი რეიტინგის" მქონე თორთლაძის "დემოკრატიული პარტია". შესაძლოა, ასეთი კოალიციები შეიქმნას, მაგრამ სრულიად საღია მოსაზრება, რომ თუ საკითხი დადგება ხელისუფლების შეცვლაზე, ოპოზიციური გაერთიანება ბევრად თვალსაჩინო იქნება, მაგრამ ამის მოწმე ჩვენ უფრო შეიძლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გავხდეთ.
722
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85